სიახლეები

ნიკა საბანაძე საბურთალოში გადავიდა

გაუზიარე

24 წლის ფორვარდი ნიკა საბანაძე კარიერას საბურთალოში გააგრძელებს. საბანაძე ამ ზაფხულს ქუთაისის ტორპედოდან კვიპროსულ ეთნიკოს აშნაში გადავიდა, თუმცა ისე მოხდა, რომ კონტრაქტი გაწყვიტა კლუბთან. რატომ? მიზეზი მხარეებს შორის ფინანსური გაურკვევლობა იყო.

საბანაძე საქართველოში დაბრუნდა და ჯერ ფოთის კოლხეთში აპირებდა გადასვლას, თუმცა საბურთალოს ვარიანტიც გამოუჩნდა და გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდში თამაშს დათანხმდა.  

ნიკა საბანაძე 2010-2014 წლებში ქუთაისის ტორპედოში თამაშობდა და გუნდის ერთ-ერთ წამყვან ძალად მიიჩნეოდა. შემდეგ ითამაშა ზესტაფონსა და თბილისის დინამოში. საბანაძეს საქართველოს 19 და 21-წლამდელთა ნაკრებებში უთამაშია.

თუ საბანაძე ფორმაში იქნება, საბურთალოს აშკარად გააძლიერებს. ჯაბა დვალი-ნიკა საბანაძე-გურამ გოშთელიანი-გიორგი ფანცულაია - საკმაო შემტევი ძალაა საქართველოს ჩემპიონატის კვალობაზე.

ილია ნანობაშვილი