სიახლეები

კოლეგებმა საუკეთესოები დაასახელეს

გაუზიარე

სპორტულმა გაზეთმა "ლელომ" და ტოტალიზატორმა "ლიდერბეთმა" ჩვენი კოლეგების, გია ტუხაშვილისა და გიგა გვენცაძის თაოსნობით ფრიად მისასალმებელ წამოწყებას ჩაუყარეს საფუძველი."ლელო" საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელებსა თუ მწვრთნელებს აქამდეც ასახელებდა, მათ ყოველკვირეულად და ყოველთვიურად გამოარჩევდა, მაგრამ ეს ამბავი მხოლოდ გაზეთში აღინიშნებოდა, ახლა კი ნომინაციებში გამარჯვებულებს შეხვედრაც მოუწყვეს და საგანგებო პრიზებითაც დაჯილდოვეს. 

აგვისტოს თვის საუკეთესოთა დასახელება, ვფიქრობ, ჩვენს კოლეგებს დიდად არ გაუჭირდებოდათ. კანდიდატები, ცხადია, სხვებიც იყვნენ, მაგრამ დინამო თბილისმა სეზონი ისე მძლავრად დაიწყო, მის მწვრთნელსა და ყველაზე გამოცდილ ფეხბურთელს კონკურენციას რომ ვერავინ გაუწევდა, მაინცდამაინც საკამათო არც ეს უნდა ყოფილიყო. 

"ლელომ" და "ლიდერბეთმა" გუშინ "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელის ერთ-ერთ ფილიალში მიგვიწვიეს და გამორჩეულები იქ დააჯილდოვეს: აგვისტოს თვის საუკეთესო მწვრთნელად, ცხადია, დინამოს დამრიგებელი გია გეგუჩაძე დაასახელდა, ხოლო საუკეთესო ფეხბურთელად ალექსანდრე იაშვილი. აგვისტოს სამი მატჩიდან დინამომ სამივე მოიგო და ამ სამ შეხვედრაში ოთხი გოლი გაიტანა, ხოლო იაშვილმა თავის კარიერულ მონაგარს მიმდინარე სეზონში ორი გოლიც შემატა. 

გამორჩეულები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა განათლების კურსების ხელმძღვანელმა გაიოზ დარსაძემ და ჩვენმა მომხიბვლელმა კოლეგამ ელენე ბილიხოძემ დააჯილდოვეს, რომლებმაც ნომინაციებში გამარჯვებულებისადმი თბილი სიტყვები და კეთილი სურვილები არ დაიშურეს.

კობა ინასარიძე