სიახლეები

კოშმარული თბილისი - საქართველო-შოტლანდიის გამოძახილი ბრიტანულ პრესაში

გაუზიარე

თბილისში დამარცხების გამო ცნობილი ტაბლოიდის, "სან სპორტის" კრიტიკის ქარცეცხლს ვერ ასცდა შოტლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გორდონ სტრაჩანი. "ტერიბილისი", ამ სათაურით აქვეყნებს პოპულარული გაზეთი სასოწარკვეთილი სტრაჩანის ფოტოს პირველ გვერდზე და იქვე ქვესათაურად გამოტანილი აქვს ფრაზა: "არც ერთი დარტყმა იმ გუნდის კარში, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 147-ე ადგილზეა!" Terrible – ინგლისურად საშინელს ნიშნავს, "ტერიბილისი" კი სიტყვათა თამაშია, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ თბილისი შოტლანდიელებისთვის ერთგვარ კოშმარულ ქალაქად იქცა. ისევე, როგორც 8 წლის წინ, ბრიტანელები `დინამო არენაზე~ კვლავაც დამარცხდნენ და, როგორც თავად მიაჩნიათ, კვლავაც მოულოდნელად...

მატჩის წინ სტუმართა დელეგაციის წევრები არ მალავდნენ, რომ თბილისში სამი ქულის ასაღებად ჩამოვიდნენ. შოტლანდიის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა ალან მაკრაიმ, ვინც სამაგალითო უშუალობითა და იუმორით გამორჩეული კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს, კერძო საუბარში პირდაპირ თქვა: 1998 წლის შემდეგ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე არ გვითამაშია. მას შემდეგ უკვე 17 წელი გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შოტლანდიელთა ახალგაზრდა თაობას თავისი ნაკრები არც ერთ დიდ ტურნირზე არ უნახავს, რაც, ცხადია, ძალიან ცუდი ფაქტია. ახლა, ბოლოსდაბოლოს, გვყავს ისეთი ნაკრები, რომელშიც ახალგაზრდა და გამოცდილი თაობები ბუნებრივადაა შერწყმული და ამიტომ იმედიანად ვართ განწყობილი, რომ საფრანგეთში, ევრო 2018-ზე ვითამაშებთ. ამდენად, თბილისში სამი ქულა გვჭირდება. მოტივაციის პრობლემა არ უნდა გვქონდეს, რადგან სატურნირო ვითარებიდან გამომდინარე, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა საკმაოდ რეალურია.

აი, ამგვარი განწყობა სუფევდა შოტლანდიელთა რიგებში და რაღა გასაკვირია, რომ თბილისური მარცხი მათთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. გლაზგოსა და ედინბურგში ვერ გაუგიათ, რატომ იქცა მათთვის საქართველოს ნაკრები ასეთ უხერხულ მეტოქედ. შოტლანდიელები, ჩვენი არ იყოს, ამაყობენ მდიდარი საფეხბურთო წარსულით. დენის ლოუსა და კენი დალგლიშის გარდა, ჩვენმა ქომაგმა სკოტთა სხვა ვარსკვლავებზე ბევრი არაფერი იცის, არადა, ბილი ბრემნერი, ჯიმი ბაქსტერი და ჯიმი ჯონსტონი შოტლანდიელთათვის ისეთივე მჭექარე სახელებია, როგორც ქართველთათვის, მაგალითად, მესხი, მეტრეველი და ღოღობერიძე. სხვისი არ ვიცი, მაგრამ ფინალურ ეტაპზე ირლანდიელების ნაცვლად შოტლანდიელთა გასვლას ვისურვებდი. თუნდაც იმიტომ, რომ ქართულ და შოტლანდიურ ფეხბურთს, მათ ბედს, წარსულსა თუ დღევანდელობას, შესაძლოა, იმაზე მეტი აკავშირებს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. თუმცა, შოტლანდიელები თავს თავად მიხედავენ, ჩვენ კი, როცა ეს სტრიქონები იწერება, მოუთმენლად ველით ირლანდია-საქართველოს მატჩის დაწყებას. დიდებული იქნება, თუკი დღევანდელი ირლანდიული გაზეთები მათი მთავარი მწვრთნელის, მარტინ ონილისა და მისი თანაშემწის, როი კინის სურათებს სტრაჩანის მსგავს მჭახე სათაურებს მიუძღვნიან. 

გია გომართელი