სიახლეები

არაბიძე შახტარს უფრო გაუშინაურდა

გაუზიარე

სანაკრებო შესვენებისას დონეცკის შახტარს იტალიაში ჰქონდა შეკრება და ორი ამხანაგური მატჩიც გამართა სერია ა-ს გუნდებთან. მირჩა ლუჩესკუს შეგირდებმა ჯერ კარპისთან 1:2 წააგეს, მერე კი ბერგამოს ატალანტას 1:0 სძლიეს. ბუნებრივია, დონეცკელებს ნაკრებში წასული ფეხბურთელები აკლდათ. 

შახტარის ძირითად გუნდთან ერთად იტალიაში გიორგი არაბიძეც იყო. 17 წლის ქართველმა გარემარბმა კარპისთან ბოლო 15 წუთი ითამაშა,  ედუარდო და სილვას ნაცვლად შევიდა მინდორზე, ატალანტასთან კი ლუჩესკუმ აღარ შეიყვანა მინდორზე - სათადარიგოთა სკმაზე ჰყავდა. 

თვეზე მეტია, რაც არაბიძე შახტარის ძირითად გუნდში ვარჯიშობს და უკრაინის დაბალი ლიგის გუნდებთან უთამაშია კიდეც, თუმცა იტალიის სერია ა-ს კლუბთან თამაში სხვაა - თუნდაც 15 წუთით. წარმოიდგინეთ, რამხელა გამოცდილებას შეიძენს არაბიძე ლუჩესკუს გუნდში, ცნობილი ფეხბურთელების მხარდამხარ თამაშისას. 

ოფიციალურ შეხვედრაში თამაშის უფლება კი გიორგის ჯერ არ აქვს, რადგან 18 წელი არ შესრულებია: გაისად მარტში ხდება, აი, შახტარის 19-წლამდელთა გუნდში კი ითამაშებს, იმ გუნდში, რომელიც უეფას ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაში გამოვა. 

ილია ნანობაშვილი