სიახლეები

საკვალიფიკაციო ეტაპის მერვე მატჩი დუბლინში

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველო საფეხბურთო ნაკრები რამდენიმე საათში სეზონის მერვე ოფიციალურ მატჩს დუბლინში ირლანდიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

კახა ცხადაძის გუნდი ჩარტერული რეისით ირლანდიაში შაბათს დილით ჩავიდა. პირველ დღეს მწვრთნელის გადაწყვეტილებით მსუბუქი აღდგენითი ვარჯიში გაიმართა. საწვრთნელ პროცესს თორნიკე ოქრიაშვილი ტრავმის გამო გამოაკლდა. 

კვირა საღამოს, "ავივას" სტადიონზე კი საქართველოს ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა. ამ ეტაპისთვის, გუნდში გამოძახებული ყველა ფეხბურთელი უკვე ჯანმრთელადაა და ირლანდიასთან შეხვედრის მოლოდინშია.

ნაკრებთან ერთად იმყოფებიან გიორგი პაპუნაშვილი და მათე ცინცაძეც, რომლებიც ახალგაზრდულ ნაკრებში ჩატარებული თამაშის შემდეგ, ირლანდიაში ხორვატიიდან ჩავიდნენ.

"ავივას" სტადიონზე ვარჯიშის დაწყებამდე, მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს კახა ცხადაძემ და შოტლანდიასთან შეხვედრაში მატჩის ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ ლევან მჭედლიძემ უპასუხეს.

კახა ცხადაძე: "შოტლანდიის ნაკრებთან ძალიან მძიმე მატჩი გვქონდა. თამაშის შემდეგ კიდევ 7 საათი ვიფრინეთ და რა თქმა უნდა, პირველი საწვრთნელი დღე მძიმე იყო, თუმცა გუშინდელი დღე ძალების აღსადგენად მაქსიმალურად გამოვიყენეთ. ირლანდიას აქვს შანსი მოხვდეს ევროპის ჩემპიონატზე, ამიტომ დღევანდელი მატჩი ისეთივე მძიმე იქნება, როგორიც იყო შოტლანდიასთან. ჩვენი ამოცანაა, რომ შოტლანდიისა და ირლანდიის დონის ნაკრებებთან მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ ჩვენი საუკეთესო თვისებები, იმისთვის რომ შემდეგ შესარჩევ ციკლში მაღალი ადგილებისთვის ვიბრძოლოთ.

ირლანდიამდე მძიმე გზა გამოიარეთ?

ფრენა დამღლელი იყო, თუმცა თამაშიც ძალიან რთული გამოდგა. ირლანდიამ გიბრალტართან ითამაშა, ჩვენ კი მოტივირებულ შოტლანდიის ნაკრებს ვეთამაშეთ. აქედან გამომდინარე ჩვენ უფრო მეტი ენერგია დავხარჯეთ, ვიდრე ირლანდიის ნაკრებმა გიბრალტართან. სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე ირლანდიის ნაკრებს მეტი მოტივაცია აქვს. თუმცა, ჩვენ საკუთარი შანსების მაქსიმალურად გამოყენებას ვეცდებით. რაც შეიძლება კომპაქტურად და კარგად უნდა ვითამაშოთ.

შოტლანდიასთან და ირლანდიასთან დაპირისპირებამდე თქვენ თქვით, რომ საქართველოს ნაკრები ოთხი ქულის აღებას გეგმავდა, ამის გათვალისწინებით, როგორ ითამაშებს თქვენი გუნდი ირლანდიის წინააღმდეგ?

არის რამდენიმე ფეხბურთელი, რომელსაც მიკროტრავმა აწუხებს. ჯანო ანანიძე სულაც თბილისში დარჩა და ვერ დაგვეხმარება. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფეხბურთელი თამაშს მაქსიმალურად მომზადებული შეხვდეს. თამაშის მიმდინარეობისას შევცვლით ტემპს და ვეცდებით ბურთზე კონტროლი დავამყაროთ. თუმცა, წინასწარ ვერ ვიტყვი პირველ ნომრად ვითამაშებთ თუ არა. 

უნდა მოვახერხოთ, ისეთივე თამაში, როგორც შოტლანდიის წინააღმდეგ შევძელით, აქედან გამომდინარე ვფიქრობ შანსებიც გვაქვს.

თვლით თუ არა,რომ შოტლანდიისთვის საკმაოდ რთული თამაში გამოდგა, თუნდაც იმიტომ, რომთბილისში საკმაოდ მაღალი ტემპერატურა იყო?

რა თქმა უნდა, არ ვფიქრობ,რომ ეს იყო გადამწყვეტი, რადგან ამინდი მხოლოდ ერთ გუნდზე არ მოქმედებს. შემიძლია ის დავამატო, რომ ფაქტია შოტლანდიას კარში ერთხელაც არ დაურტყამს და არ ყოფილა ასპროცენტიანი საგოლე მომენტი საქართველოს კართან. ჩვენი გუნდი თამაშისთვის კარგად მოემზადა და ფეხბურთელებმა ყველა დავალება სწორად შეასრულეს.“

საქართველო-შოტლანდიის მატჩში,რომელიც ჩვენმა გუნდმა 1:0 მოიგო სხვადასხვა გამოცემის ვერსიით საუკეთესო ფეხბურთელი ლევან მჭედლიძე იყო.  იტალიის „ემპოლის“ ფორვარდი თბილისში წარმატების შემდეგ, დუბლინშიც საკმაოდ ოპტიმისტურადაა განწყობილი: 

''წარმატებული თამაშის შემდეგ გუნდში საკმაოდ კარგი განწყობაა. მიუხედავად იმისა, რომ დაღლილები ვართ, ვცდილობთ ძალების აღდგენას და ვემზადებით ირლანდიასთან დაპირისპირებისთვის. გვინდა ვარჯიშზე მწვრთნელის მოცემული მითითებები თამაშში გადავიტანოთ და იმედი მაქვს, დღევანდელი მატჩი ჩვენთვის წარმატებული იქნება, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

7 სექტემბერს, კახა ცხადაძის დაბადების დღეა. რა იქნება თქვენი მთავარი საჩუქარი მთავარი მწვრთნელისთვის?

მწვრთნელისთვის მთავარი საჩუქარი კარგად თამაში და წარმატებით გამოსვლა იქნება. ვეცდებით,რომ ჩვენს მწვრთნელს და ყველას ვინც ჩვენს გვერდით დგას უდიდესი საჩუქარი გავუკეთოთ და კარგი შედეგით დავასრულოთ შეხვედრა - ამბობს ლევან მჭედლიძე.

ირლანდიისა და საქართველოს საფეხბურთო დაპირისპირება "ავივას" სტადიონზე,დღეს 22:45 წუთზე დაიწყება. შეხვედრის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ირლანდიაში ასეთი შემადგენლობით იმყოფება

მეკარეები: ნუკრი რევიშვილი („მორდოვია“, რუსეთი), გიორგი ლორია (უგუნდო), გიორგი მაკარიძე („ფეირენსე“, პორტუგალია); 

მცველები: გიორგი ნავალოვსკი („დილა“, გორი, საქართველო), გიორგი ფოფხაძე („ფლამურტარი“, ალბანეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი („კარშიაკა“, თურქეთი), ზურა ხიზანიშვილი, ( „ინტერი“, ბაქო, აზერბაიჯანი), გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია („რუბინი“, რუსეთი), უჩა ლობჟანიძე („ომონია“, კვიპროსი), ოთარ კაკაბაძე („დინამო თბილისი“, საქართველო); 

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი („კარპატი“, უკრაინა), ჯაბა კანკავა („რეიმსი“, საფრანგეთი), მათე ცინცაძე („დინამო თბილისი“, საქართველი), თორნიკე ოქრიაშვილი („გენკი“, ბელგია), გიორგი პაპუნაშვილი („ვერდერი“, ბრემენი, გერმანია) გიორგი მერებაშვილი („ვერია“, საბერძნეთი), ვალერი ყაზაიშვილი („ვიტესი“, ჰოლანდია), ლევან ყენია („სლავია“, ჩეხეთი);

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე ( „ემპოლი“, იტალია), ბაჩანა ცხადაძე („ფლამურტარი“, ალბანეთი), მათე ვაწაძე ( „ორჰუსი).

ეროვნული ნაკრების ვარჯიში "ავივა" სტადიონზე

სფფ-ის პრესსამსახური, დუბლინი