სიახლეები

19-წლამდელები პირველ ტესტ-მატჩში 1:2 დამარცხდნენ

გაუზიარე

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა, პირველი ამხანაგური მატჩი 1:2 დათმო ლატვიის ნაკრებთან და ახლა უკვე 7 სექტმბერს გასამართი განმეორებითი შეხვედრისთვის ემზადება.

მატჩში ანგარიში მე-17 წუთზე გაიხსნა, როცა მარკს დერუზინსკისმა შორეული, უძლიერესი დარტყმით აიღო საქართველოს ნაკრების კარი და ჩვენმა გოლკიპერმა რეაქცია ოდნავ დააგვიანა. თუმცა, მანამდე გიორგი კიკნაძეს ჰქონდა ძალიან კარგი მომენტი, როცა მეკარესთან ერთი-ერთზე გავიდა, მაგრამ ლატვიელთა მცველებმა და მეკარემ ერთობლივი ძალებით არ გაატანინეს.

მეტი რეალური და დასამახსოვრებელი პირველ ტაიმში აღარაფერი შეგვიქმნია. ლატვიელებმა კი, 34-ე წუთზე ანგარიში ორამდე გაზარდეს. ჩვენი საჯარიმოს მისადგომებთან დანიშნული საჯარიმო დობრეცოვსმა ჩააწოდა; ბურთი ყველას ასცდა და შორეულ კუთხეში შევარდა. შესვენებაზე გუნდები ამ ანგარიშით გავიდნენ.

მეორე ტაიმში მოედანზე სულ სხვა საქართველოს ნაკრები გამოვიდა. აქვე გეტყვით, რომ მეორე ტაიმში სახეცვლილება და მომატება ამ ნაკრების დამახასიათებელი თვისებაა. ვასილ მაისურაძის ფეხბურთელები გაცილებით მიზანმიმართულად უტევდნენ და ერთმანეთის მიყოლებით ქმნიდნენ სახიფათო მომენტებს.

ძალიან კარგად ჩაერთო თამაშში მეორე ტაიმში შეცვლაზე შესული გიორგი ზარია. სწორედ, მის აქტიურ თამაშს მოჰყვა საჯარიმოს ხაზთან დანიშნული საჯარიმო დარტყმა, რომელიც ლადო მამუჩიშვილმა შეასრულა. ნაკრების მცველის უძლიერესი დარტყმა ჯერ ხარიხას მოხვდა და შემდეგ კარის ხაზზე დავარდა, თუმცა, ხაზი არ გადაუკვეთავს და შესაბამისად, გოლი არ ჩაითვალა. ზარიას წაქცევისთვის კი, მსაჯმა უკანასკნელი იმედის ჯარიმისთვის მოედნიდან ლატვიელთა მცველი - ძერინსი გააძევა.

ამას მოჰყვა კიკნაძის ფლანგური ჩაწოდება და ზარიას თავური ვარდნაში - ისევ ძელი...

ანგარიშის შემცირება კი, თამაშის ბოლო წუთებზე ბექა მიქელთაძემ შეძლო, რომელმაც კოხრეიძის აქტიური თამაშის შემდეგ საჯარიმოს ხაზთან მიიღო ბურთი, მცველს გაასწრო და მარცხენა ფეხით აუღებლად დაურტყა ლატვიელთა მეკარეს.

ამის შემდეგ, რეალური მომენტები ჰქონდათ ზარიას და გვარაძეს, თუმცა, რიცხვობრივი უპირატესობის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებმა ანგარიშის გათანაბრება ვეღარ შეძლო.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდებს შორის მეორე მატჩი 7 სექტემბერს, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე, 18:00 საათზე გაიმართება.

 

საქართველოU19 vs ლატვიაU19 1:2 (ამხ.)

საქართველოU19: ჩოჩიშვილი, ბიძინაშვილი, კამლაძე, კომახიძე, ნადარაია, ბაშელეიშვილი, მამუჩიშვილი (კაპ), ალთუნაშვილი, კიკნაძე, ვ.არველაძე, მიქელთაძე

შეცვლაზე შევიდნენ: ისიანი, კაპანაძე, ნემსაძე, კოხრეიძე, გვარაძე, ზარია

მთ.მწვრთნელი - ვასილ მაისურაძე

ლატვიაU19: ლაზარევსი, სოროკინსი, ძერინსი, გულბისი, რუბეზისი, იაკოვლეუსი, იუნევიცსი, ზალაკსი, დობრეკოვსი, დერუზინსკისი, კორზანსი

შეცვლაზე შევიდნენ: ცინიკსი, დემჩუკსი, კიგურსი, ივანოვსი, ბალოდისი, პაჩკო

მთ.მწვრთნელი - ვლადიმირს ბაბიჩევსი

გოლები: დერუზინსკისი (17), დობრეკოვსი (34), მიქელთაძე (82)

მთ.მსაჯი - გიორგი ყრუაშვილი (საქართველო)

 

სფფ-ის პრესსამსახური