სიახლეები

ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა

გაუზიარე

გუშინ საქართველოს ნაკრებმა ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე მორიგი ვარჯიში გამართა. გუშინწინდელისგან განსხვავებით, ამჯერად კახა ცხადაძის განკარგულებაში ნაკრებში გამოძახებული ყველა ფეხბურთელი იყო, გარდა გიორგი პაპუნაშვილისა, რომელიც 21-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ხორვატიაში გაემგზავრა. გუშინწინ ნაკრებთან ერთად სამტრედიას მეკარე გაბრიელ თებიძე და ნახევარმცველი დავით მთივლიშვილი ვარჯიშობდნენ, თუმცა გუშინ ისინი გუნდთან ერთად აღარ იყვნენ. სამაგიეროდ, „ბასაზე“ გამოჩნდა თბილისის დინამოს ცენტრალური მცველი გიორგი გველესიანი, რომელიც, დიდი ალბათობით, შეკრებაზე დარჩება და მომავალი ორი მატჩისთვის ნაკრებთან ერთად მოემზადება.

კახა ცხადაძემ გუშინ ყველა ფეხბურთელი სრულად დატვირთა, ვარჯიშისას კი ის 11 ფეხბურთელი გამოიკვეთა, რომლებიც, შესაძლოა, შოტლანდიასთან მატჩში ძირითად შემადგენლობაში ვიხილოთ.

ცხადაძემ ჩვენთან ინტერვიუში უკვე თქვა, რომ შოტლანდიელებთან სამი მცველით თამაშს აპირებს, ეს სამი მცველი კი, დიდი ალბათობით, ალეკო ამისულაშვილი, საბა კვირკველია და გურამ კაშია იქნებიან. რაც შეეხება ფლანგის მცველებს, თითქმის გადაწყვეტილია, რომ მარცხნივ გიორგი ნავალოვსკი ითამაშებს, ეს ცხადძემ თავად თქვა ჩვენთან საუბრისას, მარჯვნივ კი უჩა ლობჟანიძეს ოთარ კაკაბაძესთან მოუწევს კონკურენცია. 21-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი ვარჯიშებზე საკმაოდ კარგად გამოიყურება და არ არის გამორიცხული, ცხადაძე მას შოტლანდიასთან მატჩში ენდოს. მეკარის პოზიციაზე ნაკრების თავკაცს განსაკუთრებულად დაფიქრება მოუწევს, რადგან არჩევანი ნუკრი რევიშვილსა და გიორგი ლორიას შორის უნდა გააკეთოს. რევიშვილს სათამაშო პრაქტიკა აქვს, ლორიას - არა, თუმცა შესაძლოა, ეს გარემოება გადამწყვეტი სულაც არ აღმოჩნდეს. ნახევარდაცვაში ჯანო ანანიძე და ჯაბა კანკავა ითამაშებენ, ფლანგებზე - ვაკო ყაზაიშვილი და თორნიკე ოქრიაშვილი. ცენტრფორვარდის პოზიციაზე ლევან მჭედლიძე გაირჯება. ეს შემადგენლობა ძირითადთან მიახლოებულია.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ გავესაუბრეთ მეკარე გიორგი მაკარიძეს, რომელიც ნაკრებს დიდი ხნის შემდეგ დაუბრუნდა და სიმბოლურია, რომ ცხდაძემ ის შოტლანდიასთან დაპირისპირებისთვის გამოიძახა. იმხანად 17 წლის მაკარიძეს სწორედ შოტლანდიის ნაკრებთან თბილისში მოგებულ მატჩში ჰქონდა დებიუტი.

გიორგი მაკარიძე : მართალი გითხრათ, ნაკრებში გამოძახებას არ ველოდი და ძალიან გახარებული ვარ. ვეცდები, ჩემი შესაძლებლობები სრულად გამოვავლინო და თავი კარგად წარმოვაჩინო. რაც შეეხება მატჩს, ვფიქრობ, შოტლანდიასთან რთული თამაში გველის, თუმცა ვფიქრობ, რომ წარმატების მიღწევა შეგვიძლია. შანსებს თანაბრად კი ვაფასებ, მაგრამ, ვიმეორებ, შოტლანდიის დამარცხება შეუძლებელი არ არის.

ოთო მუმლაძე