სიახლეები

ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა: საბურთალო-მიდტიულანდი

გაუზიარე

უეფას ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაში საბურთალოს მეტოქე დანიური მიდტიულანდი იქნება. ეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში გუშინდელ წილისყრაზე გაირკვა. თუ საბურთალო პირველ ეტაპს გადალახავს, მეორეში ვარშავის ლეგიასა და სოფიის ლიტექსს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. 

ცოტა შორიდან დავიწყოთ, რადგან შესაძლოა, ზოგიერთმა არ იცოდეს ამ ტურნირის გეოგრაფიის გაზრდის შესახებ. უეფამ ორი წლის წინ დააწესა ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა, რომელიც მთავარი ჩემპიონთა ლიგის პარალელურად, ამავე კლუბების 19-წლამდელთა გუნდებს შორის მიმდინარეობდა. 2014 წელს ბარსელონა გახდა ჩემპიონი, ხოლო წლეულს – ჩელსი. 

თუმცა უეფამ გუნდების რაოდენობა გაზარდა და შედარებით სუსტი ევროპული ქვეყნების ჩემპიონებსაც მიეცათ შანსი. მთავარი ჩემპიონთა ლიგის გუნდების კვალდაკვალ, მათი 19-წლამდელებიც ითამაშებენ ჯგუფურ ეტაპზე, ხოლო უშუალოდ თავის ქვეყანაში 19-წლამდელთა შორის გამარჯვებული კლუბები ცალკე, პლეი ოფის პრინციპით ითამაშებენ. პლეი ოფშია საბურთალოც, რომელმაც 1997 წელს დაბადებულთა შორის ჭაბუკთა ლიგა მოიგო და ამიტომაც მონაწილეობს ამ პრესტიჟულ ტურნირში. 

მოკლედ გუშინდელ წილისყრაზე. პირველ ეტაპზე 32 გუნდი იქნება და პირველი შეხვედრები 29-30 სექტემბერს, ხოლო საპასუხოები 20-21 ოქტომბერს გაიმართება. საბურთალო პირველად სტუმრად ითამაშებს მიდტიულანდთან, ხოლო საპასუხოს თბილისში გამართავს. 

მეორე ეტაპის მატჩები 3-4 ნოემბერს და 24-25 ნოემბერს ჩატარდება. პლეი ოფის სისტემა მეორე რაუნდის შემდეგაც გაგრძელდება. გასული რვა გუნდი იმ რვას დაუპირისპირდება, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მეორე ადგილზე გავლენ. ამ ეტაპის წილისყრა 14 დეკემბერს გაიმართება, ხოლო თამაშები – გაისად, 9-10 თებერვალს – აქ უკვე ერთმატჩიანი რაუნდი იქნება, წილისყრის მიხედვით გაირკვევა მასპინძელიც. ანუ გაირკვევა კიდევ რვა გუნდი და მათ დაემატება ჯგუფურ ეტაპზე პირველ ადგილზე გასული რვა კლუბი. ჩვეულებრივ, მერვედფინალიდან გაგრძელდება პლეი ოფი, ანუ საბურთალო მერვედფინალში რომ გავიდეს, სამი მეტოქე უნდა ჩამოიშოროს.  აქვე ვთქვათ, რომ ნახევარფინალები და ფინალიც ნიონში გაიმართება. ფინალი 18 აპრილსაა დანიშნული. 

მოგეხსენებათ, საბურთალო საკმაოდ ახალგაზრდული გუნდია და უმაღლეს ლიგაში სამი ფეხბურთელი ჰყავს 20 წელს გადაცილებული. გუნდში ჭარბობენ 1996 და 1997 წლებში დაბადებულები, მათზე უმცროსებიც კი არიან. საბურთალო სწორედ გია ჭიაბრიშვილის გაწვრთნილი მთავარი გუნდით გავა უეფას ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაში. ისიც ვთქვათ, რომ თითოეულ მატჩში გუნდებს 1996 წელს დაბადებული სამი ფეხბურთელის თამაშის უფლება აქვთ და ჭიაბრიშვილის გუნდს უკვე აქვს განაცხადი გაგზავნილი: 40-კაციან განაცხადში 1996 წელს დაბადებულებს შორის არიან გაგი მარგველაშვილი, გრიგოლ ჩაბრაძე და გუნდის კაპიტანი გიორგი ხარაიშვილი. 

“ჩვენი თამაში” ჭიაბრიშვილს გაესაუბრა... 

მიდტიულანდის 19-წლამდელთა გუნდზე უკვე მოიძიებდით ცნობებს...

დიახ. შემადგენლობა ვნახე, ვიდეოებიც და გუნდი საკმაოდ მომეწონა. ლეგიონერებიც ჰყავთ. როგორც დანიელებს სჩვევიათ, ტანმაღალი ფეხბურთელები არიან. ერთ-ერთი გამორჩეულია გუნდის ცენტრალური მცველი და კაპიტანი. მიდტიულანდის ორი მცველი (მუნკსგაარდი, ნიკოლაისენი) და ორი ნახევარმცველი (დიულუნდი, კრისტენსენი) დანიის 19-წლამდელთა ნაკრებში მუდმივად თამაშობს. 

რას იტყვით მთლიანად უეფას ჩემპიონთა ლიგაში ქართული გუნდის მონაწილეობაზე, რამდენად პრესტიჟულია და რამდენად გამოადგებათ ჩვენს ახალგაზრდებს? 

ის ფაქტი, რომ ერთხელ ბარსელონამ მოიგო ტურნირი, მეორედ კი ჩელსიმ, უკვე ბევრს ნიშნავს. ამ ტურნირში ბევრი ისეთი ახალგაზრდა გამოჩნდა, რომლებიც შარშან და წლეულსაც თავიანთ ძირითად გუნდებში დაწინაურდნენ. კარგია, რომ უეფამ ასეთი შანსი მისცა საქართველოს მსგავს ქვეყნებს. ტრიბუნებზე მრავლად იქნებიან სელექციონერები, მენეჯერები... მათთვის ხომ ასეთი თამაშები მისწრებაა. საბურთალოსთვის უფას ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაში თამაში დიდი პრესტიჟია და არა მხოლოდ საბურთალოსთვის, ეს მთლიანად ქართული ფეხბურთისთვის იქნება მომგებიანი. ვეცდებით, რაც შეიძლება შორს გავიდეთ. 

ჩემპიონთა ლიგაში საბურთალოს ის გუნდი ითამაშებს, რომელიც უმაღლეს ლიგაში გამოდის. თქვენი ფეხბურთელები უკვე გამოცდილები არიან ასაკის კვალობაზე, მიჩვეულნი არიან უფროსებთან თამაშს...

გეთანხმებით, რომ ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია. იმედიც გვაქვს, რომ ამ გამოცდილებას კარგად გადავიტანთ მინდორზე და შორს გავალთ. ჯერ კი დანიური ბარიერი უნდა გადავლახოთ. ეს ისეთი ტურნირია, სადაც საბურთალომ და მთლიანად საქართველომ კარგად უნდა წარმოაჩინოს თავი. 

მიდტიულანდთან საშინაო მატჩს სად ჩაატარებთ? 

ორი ვარიანტი გვაქვს: “მიხეილ მესხი” და “დინამო არენა”. გვსურს, რომ `მიხეილ მესხზე~ ვითამაშოთ, საღამოს განათებაზე. 21 ოქტომბერს გვიწევს საშინაო შეხვედრა, სამუშაო დღეს, ოთხშაბათს, ამიტომაც გვინდა, რომ საღამოს იყოს თამაში და ბევრ გულშემატკივარს შეეძლოს სტადიონზე მოსვლა. 

ილია ნანობაშვილი