სიახლეები

პრეზენტაციის გამოძახილი

გაუზიარე

რევაზ არველაძის პროგრამის პრეზენტაციაზე, დამსწრეთა შორის, როგორც უკვე ითქვა, ძალიან მრავალფეროვანი პუბლიკა იყო წარმოდგენილი არა მხოლოდ სპორტული სამყაროდან. დარბაზში შევნიშნეთ ჩვენი კულტურის მრავალი სახელოვანი წარმომადგენელი. ყველა მათგანს ვერც ჩამოვთვლი ნანი ბრეგვაძე, რობერტ სტურუა, კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი, ჯემალ ღაღანიძე, ელდარ შენგელაია, ტარიელ ჭანტურია... პრეზენტაციის დასრულებისთანავე ზოგიერთ მათგანს სახელდახელოდ გავესაუბრეთ, ვთხოვეთ  არველაძის საქმიანობის პროფესიული კუთხით შეფასება და საკუთარი პოზიციის დაფიქსირება მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით.  ჩვენი რესპონდენტები საუბრობენ რევაზ არველაძეზე, როგორც პიროვნებაზე  და  როგორც საფეხბურთო მოხელეზე.

საინტერესო იყო ვეტერანი ფეხბურთელის, სოსო გრიშიკაშვილის მოსაზრება: ძალიან დიდ პატივს ვცემ მამუკა კვარაცხელიას, ლევან კობიაშვილი საერთოდ ჩემი უახლოესი მეგობარია, მაგრამ რეალურად რომ შევაფასოთ, ამ სამი კანდიდატიდან საუკეთესო რევაზ არველაძეა. არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს მასსა და სხვა კანდიდატებს შორის, არველაძე უდაოდ გამორჩეულია. დავესწარი მისი პროგრამის პრეზენტაციას და მართალი გითხრათ, სიტყვებიც არ მყოფნის იმდენად მომეწონა. არველაძე საკმაოდ გამოცდილია და აქვს ძალიან კარგი კონტაქტები, განსაკუთრებით უეფაში. მან ყველაზე უკეთ იცის რა არის გსაუმჯობესებელი. ერთი დეტალიც, ის ამდენი წელია ფეხბურთს ემსახურება და თანამდებობრივად პირველი კაცი არასდროს ყოფილა, ვფიქრობ მას შანსი აუცილებლად უნდა მიეცეს, რათა თავისი ხედვები სისრულეში მოიყვანოს.

თემიკო ჭიჭინაძე (რუსთაველის თეატრის მსახიობი): რეზისთან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი კანდიდატურის მხარდამჭერი მხოლოდ ამიტომ ვარ. მან ამდენი წლის მანძილზე არაერთხელ დაამტკიცა თავისი საქმით, თავისი პროფესიონალიზმითა და უნიკალური კონტაქტებით, რომ  ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო ფუნქციონერია. თუნდაც უეფას სუპერთასის მასპინძლობა ავიღოთ, დარწმუნებული ვარ, ეს ჯილდო, ეს მართლაც სუპერ მატჩი საქართველომ მისი და ფედერაციის სწორი და კარგი მუშაობის გამო დაიმსახურა.  აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, მისთვის მხარდაჭერის გამოუცხადებლობა არასწორი და არამართებულია. ვისურვებდი რომ საქართველოში ფეხბურთის განვითარებისა და წარმატების დაწყებისთვის ათვლის წერტილად სწორედ უეფას სუპერთასი დავისახოთ და ამიერიდან ვიფიქროთ მომავალზე და მუდმივად არ ვილარაკოთ სტაგნაციასა და წარუმატებლობაზე. დროს

კახი კავსაძე, არაერთი თაობის უსაყვარლესი, ლეგენდარული მსახიობი, პრეზენტაციის დამსწრეთა შორის იყო: არველაძეების ოჯახს კარგად ვიცნობ. უნიჭიერესი ხალხია, ვიცი მათი შესაძლებლობები და მიზნები. საშინელ ნეპოტიზმს აქვს ადგილი და ამის უარყოფა არ შეიძლება(იცინის), ამის უარყოფას არც მე ვაპირებ  მხარს სწორედ რევაზ არველაძეს ვუჭერ...

გიორგი ჯანელიძე (სცენარისტი, იუმორისტი): ჩემი აზრით, რეზი არველაძე უკვე მზად არის, თავკაცობისთვის, რადგან დიდი ხანია ფედერაციაში მუშაობს. იცის რა უნდა გაგრძელდეს, რა უნდა გაკეთდეს და რა უნდა შეწყდეს. ველოდები დანარჩენი კანდიდატების პროგრამებს. კობიაშვილის შემთხვევაში მინუსი ის არის, რომ ბოლო დრომდე ევროპაში თამაშობდა და სიღრმისეულად არ იცის რა ვითარებაა დღეს ქართულ ფეხბურთში, თუმცა ვინ იცის, ეს მდგომარეობა შეიძლება თავისთვის სასიკეთოდაც გამოიყენოს ადამიანმა.

შოთა არველაძე, ტრაბზონსპორის მთავარი მწვრთნელი, ვისი გუნდიც თურქულ სუპერლიგაში წარმატებული სტარტის შემდეგ ფენერბაჰჩესთან პირველ-მეორე ადგილებს იყოფს, თბილისში საგანგებოდ პრეზენტაციაზე დასასწრებად ჩამოვიდა: რეზი დიდ პასუხისმგებლობას იღებს თავის თავზე. მან იცის და ვფიქრობ, ყველაზე ზუსტად და ყველაზე კარგად, რას ეჭიდება. მას აქვს დიდი გამოცდილება და ზუსტად იცის, სად უჭირს დღეს ქართულ ფეხბურთს. ასევე ვფიქრობ, რომ არც ერთი უნამუსო და არასწორი ნაბიჯი არ დარჩება საზოგადოებისთვის გაუგებარი და ყველა ყველაფერს გაიგებს. არც ერთი ხელის გადაგრეხვა და უსამართლობა არ დარჩება უყურადღებოდ, დანარჩენი კი საზოგადოების შესაფასებელია.

დასასრულს, თავად პრეზიდენტობის კანდიდატიც მოვიხელთეთ. რევაზ არველაძე: ყველა საკითხი, რაც მნიშვნელოვანი და საჭიროა ფეხბურთის განვითარებისთვის,  ჩემს პროგრამაშია შეტანილი. საკმაო გამოცდილება და ცოდნა დამიგროვდა და ზუსტად ვიცი, რა სჭირდება დღეს ქართულ ფეხბურთს. დაწყებული საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებებიდან, დამთავრებული მასობრივი ფეხბურთის პოპულარიზაციით, ყველა საკითხი არის მნიშვნელოვანი. ჩვენ არ შეიძლება ვიფიქროთ განვითარებაზე და არ ვიფიქროთ შედეგებზე, შედეგი არის ზუსტად ის, რასაც მოჰყავს მაყურებელი სტადიონზე და ბავშვები ფეხბურთზე. მე მყავს ძალიან ერთგული, ჭკვიანი და უკვე წარმატებული გუნდი, რომელიც ამ ყველაფრის განხორციელებაში დამეხმარება.

ოთო მუმლაძე