სიახლეები

ერთ-ერთი მთავარი მიზანი – საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ზე

გაუზიარე

გუშინ სასტუმრო „რადისონში“ საკონფერენციო დარბაზში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა რევაზ არველაძემ საკუთარი საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია მოაწყო. შეხვედრა ხალხმრავლობით იყო გამორჩეული – საფეხბურთო სამყაროს გარდა, დარბაზში მრავლად იყვნენ ქართული ხელოვნების, პოლიტიკისა თუ ბიზნესის გამორჩეული წარმომადგენლები. იგრძნობოდა ემოციური მუხტიც, რევაზ არველაძეს სიტყვა ბევრჯერ გააწყვეტინეს მხურვალე აპლოდისმენტებით.

დამსწრეებს არველაძის საარჩევნო პროგრამა ბროშურის სახით დაურიგდათ. პროგრამა საკმაოდ ვრცელი და მრავალმხრივია. მისი ძირითადი ასპექტები კანდიდატმა დამსწრე საზოგადოებას თავად გააცნო.

რევაზ არველაძეს სწამს, რომ ეროვნული ნაკრები წარმატებით ათამაშდება და უახლოეს მომავალში მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს. მთავარი მიზანი, რომელსაც იგი საკუთარ თავსა და ნაკრებს უსახავს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლაა. ეროვნულის კვალდაკვალ, ფედერაციის პრეზიდენტობის შემთხვევაში, მისი პრიორიტეტი ახალგაზრდული ნაკრების შედეგების კიდევ უფრო გაუმჯობესებაა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომლის გადადგმაც საკლუბო ფეხბურთის განვითარებისთვის, პრეზიდენტობის კანდიდატს აუცილებლად მიაჩნია, პროფესიული ფეხბურთის ლიგის აღდგენაა.

“საქართველოში პროფლიგამ სულ რამდენიმე წელიწადს იარსება და ბევრი კარგი საქმის გაკეთება მოასწრო. სამწუხაროდ, რიგი მიზეზების გამო ამ ორგანიზაციამ არსებობა ვეღარ გააგრძელა, რამაც ჩვენს ფეხბურთს დაღი დაასვა. ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში ყველაფერს გავაკეთებ საიმისოდ, რომ პროფლიგა აღვადგინოთ და ქართული საკლუბო ფეხბურთის განვითარებას ამით დიდი ბიძგი მივცეთ”, - თქვა არველაძემ.

იგი იმის პირობასაც დებს, რომ ქართულ ფეხბურთში მასობრიობა გაიზრდება. კერძოდ, ოთხი წლის შემდეგ დღევანდელზე მეტი იქნება რეგისტრირებულ ფეხბურთელთა, მსაჯთა და ლიცენზირებულ მწვრთნელთა რაოდენობა, რასაც თავისთავად მოჰყვება არამხოლოდ ეროვნული ჩემპიონატის, არამედ ზოგადად ქართული ფეხბურთის საერთო დონის ამაღლება.

არველაძე პრეზიდენტობის შემთხვევაში ფეხბურთის რეგიონულ ფედერაციებთან ერთად ახალი პროექტების განხორციელებას აპირებს. კერძოდ, დაგეგმილი აქვს რეგიონების ასაკობრივი ნაკრებების შექმნა, რომელთა მწვრთნელებსაც ხელფასს სფფ გადაუხდის. ასევე, ბავშვთა რეგიონული ტურნირების მონაწილეები გათავისუფლდებიან საშეჯიბრო გადასახადებისგან, რაც ბავშვების მშობლებს დიდ შეღავათს გაუწევს. ამ ხარჯსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გაიღებს. 

რევაზ არველაძის გეგმის მიხედვით, გაიზდება სფფ-ის აკადემიათა რაოდენობა, რომელთა შედეგადაც ერთ ცენტრალურ და ორ რეგიონულ აკადემიას მივიღებთ.

საფეხბურთო ინფრასტრუქტურის გამართვა და განვითარება – ეს რევაზ არველაძის კიდევ ერთი პრიორიტეტია. 2017 წელს საქართველო ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებს და ამ ტურნირის მატჩები ოთხ სტადიონზე (თბილისში, გორში, რუსთავსა და მცხეთაში) გაიმართება. ეს ოთხივე არენის გაუმჯობესებას ნიშნავს, თუმცა არველაძის ინფრასტრუქტურული გეგმა გაცილებით ვრცელია და საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.

რევაზ არველაძის სურვილია, სახელმწიფო ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობით შედგეს ფეხბურთის განვითარების გრძელვადიანი პროგრამა.

მის საარჩევნო პროგრამაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მწვრთნელთა განათლებას, მასობრივ ფეხბურთს, მსაჯების კვალიფიკაციის ამაღლებას, ფუტსალის, ქვიშის ფეხბურთისა და ქალთა ფეხბურთის განვითარებასაც.

არველაძე პირობას დებს, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში ფეხბურთის ფედერაცია იმუშავებს აბსოლუტურად გამჭვირვალედ და საკუთარი საქმიანობის შესახებ საზოგადოებას დეტალურ ანგარიშს ჩააბარებს. კლუბებსა და გულშემატკივრებს საშუალება მიეცემათ, ჩაერთონ ფედერაციის პროექტების განხილვისა და მართვის პროცესში.

პრეზიდენტობის კანდიდატი გარიგებულ მატჩებთან შეურიგებელ ბრძოლას გეგმავს და ამ მანკიერების წინააღმდეგ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის შემუშავებას აპირებს.

„სტრატეგიული გეგმა, რაოდენ დეტალურ კვლევებსაც არ უნდა ეფუძნებოდეს ან რაოდენ კარგადაც არ უნდა იყოს შედგენილი, წარმატების გარანტია ვერ იქნება.

ხედვები, მიზნები და სტრატეგიები დაპირებები არ არის – ეს ყველაფერი სამუშაო ინსტრუმენტებია უფრო ეფექტური და ნაყოფიერი ორგანიზაციის ჩამოსაყალიბებლად.

მე მზად ვარ, განვიხილო თქვენი ნებისმიერი წინადადება თუ შენიშვნა აღნიშნული პროგრამის გარშემო, რადგანაც სწორედ ჩვენი ერთობლივი ქმედებებით იქნება შესაძლებელი მთავარი მიზნის – ქართული ფეხბურთის წარმატების მიღწევა მისი სწორი განვითარების გზით.

მე იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის“, - ასე მიმართავს რევაზ არველაძე საზოგადიებას  ბროშურის საშუალებით.

მან მხარდაჭერისთვის გამსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ვეტერანებს. რევაზ არველაძემ პირობა დადო, რომ თითოეულ მათგანს მოუსმენს და მათ აზრს ყოველთვის გაითვალისწინებს. ვეტერანების სახელითYარველაძეს გამარჯვება მურთაზ ხურცილავამ უსურვა: ,,არც ერთი კანდიდატის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ მიმაჩნია, რომ გამოცდილების, ფართო კონტაქტებისა და პროფესიონალიზმის გათვალისწინებით, რეზი მათ შორის საუკეთესოა!” რევაზ არველაძემ დამსწრეებს ვრცელი, საინტერესო და ემოციური სიტყვით მიმართა, რაც საგანგებოდ აღნიშნა მურთაზ ხურცილავას შემდეგ სიტყვით გამოსულმა ცნობილმა ჟურნალისტმა დავით ქლიბაძემ: ,,ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ არასოდეს მომისმენია რომელიმე საპრეზიდენტო კანდიდატის ასეთი შინაარსიანი და ემოციური გამოსვლა, რეზის სიტყვა იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ ყველა კითხვას გაეცა პასუხი. განსაკუთრებით მივესალმები პროფესიული ლიგის აღდგენის იდეას.”

საზოგადოება ,,თბილისელის” სახელით რევაზ არველაძეს გამარჯვება უსურვა ირაკლი მეძმარიაშვილმა. რევაზ არველაძემ დამსწრეთ, რომელთა შორის იყვნენ ჩვენი კულტურის ისეთი გამორჩეული წარმომადგენლები, როგორებიც არიან ნანი ბრეგვაძე, ელდარ შენგელაია, რობერტ სტურუა და მრავალი სხვა ცნობილი სახე, მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისათვის. 

მანამდე კი პუბლიკას შოთა არველაძემ მიმართა და თავისი გამოსვლა დაასრულა ლაკონური, მაგრამ მრავლისმეტყველი ფრაზით: „რეზი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობას იმსახურებს ერთი უბრალო მიზეზის გამო - იგი საუკეთესო კანდიდატია“.

ლევან ჯანეზაშვილი