სიახლეები

ლევან კობიაშვილი ოფიციალური კანდიდატია

გაუზიარე

გუშინ, დაახლოებით 14 საათზე ლევან კობიაშვილი მივიდა ფეხბურთის ფედერაციაში, სადაც მას თავის მხარდამჭერები დახვდნენ. მათ შორის იყვნენ თბილისის დინამოს, ბათუმის დინამოს, ლანჩხუთის გურიას, ზესტაფონის ქომაგები. იქვე იყვნენ მისი მხარდამჭერი ვეტერანი ფეხბურთელები ლევან ცქიტიშვილი, ზაზა ზამთარაძე, გიორგი კიკნაძე, რატი ალექსიძე, გივი კვარაცხელია. ლევან კობიაშვილის მხარდასაჭერად იყვნენ მოსულები საფეხბურთო სკოლა დიდუბე-2014-ის ბავშვები.  

გუშინ ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ სამდივნოში განაცხადის შეტანის და კანდიდატად დარეგისტრირების შემდეგ ლევან კობიაშვილმა ჟურნალისტებთან და მის მხარდამჭერ ქომაგებთან შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"ქომაგებისგან ასეთ დახვედრას ნამდვილად არ ველოდი. უნდა ვთქვა, რომ ჩემთვის დიდი პატივია, პრეზიდენტობის კანდიდატად თბილისის დინამომ რომ წარმადგინა. 3 ოქტომბრამდე მაქსიმალურად აქტიური ვიქნები და აუცილებლად შევხვდები რეგიონული ფედერაციების, კლუბების წარმომადგენლებს, გულშემატკივრებს და ვეტერან ფეხბურთელებს. მხარდაჭერის იმედი ნამდვილად მაქვს. იმედი მაქვს, რომ ერთხელ სამუდამოდ არჩევნები სამართლიანად ჩატარდება, ეს ბუნებრივია, ყველას ინტერესში შედის."

კომენტარი გააკეთა ასევე თბილისის დინამოს პრეზიდენტმა რომან ფიფიამ, რომელიც იმედოვნებს, რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი იქნება:

"მომავალს იმედით ვუყურებ და ცვლილებების მომხრე ვარ. ჩვენ გამარჯვებაში კი დარწმუნებული ვარ. რაც შეეხება არჩევნებში ჩარევას, ასეთ რამეს სახელმწიფოსგან გამოვრიცხავ, ასეთი პოზიცია აქვს თავად ლევან კობიაშვილს და სპორტის სამინისტროსაც."

პაატა ძნელაძე