სიახლეები

ნაკრები სრულად დღეს შეიკრიბება

გაუზიარე

საქართველოს ეროვნულმა  ნაკრებმა გუშინ ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე არასრული შემადგენლობით პირველად ივარჯიშა. კახა ცხადაძის გამოძახებული 24 ფეხბურთელიდან ბასაზე  18-მა გუნდურად ივარჯიშა,  საბა კვერკველიამ, ნუკრი რევიშვილმა და გიორგი მაკარიძემ კი ,,ბასაზევე“ ინდივიდუალურად გამართეს წვრთნა. სამტრედიის ორმა მოთამაშემ, დავით მთივლიშვილმა და გაბრიელ თებიძემ  კახა ცხადაძის ინიციატივით, ნაკრების 18 ფეხბურთელთან ერთად ერთად ივარჯიშა. მათი ჩაბმა გუნდურ წვრთნაში ნაკრების არასრული შეკრებით იყო გამოწვეული, ასე რომ ვერც მთივლიშვილი და ვერც თებიძე ოფიციალურ შემადგენლობაში ვერ მოხვდებიან, თუმცა, მთავარ გუნდთან მეცადინეობით გამოცდილებას კი შეიძენენ. გუშინდელ ვარჯიშზე ნაკრებს გურამ კაშია, ვაკო ყაზაიშვილი, მურთაზ დაუშვილი, გიორგი მერებაშვილი, მათე ცინცაძე და გიორგი პაპუნაშვილი აკლდნენ. ვერდერის ახალწვეული ექს-დინამოელი ცხადაძემ ტრავმირებული სანდრო კობახიძის ნაცვლად გამოიძახა. 

ვარჯიშზე კარგი შთაბეჭდილება დატოვეს დებიუტანტებმა, ნიკა კვეკვესკირმა და ოთარ კაკაბაძემ. ასევე სრული დატვირთვით ივარჯიშა ზურაბ ხიზანიშვილმა, რომელიც ცხადაძემ ნაკრებში დააბრუნა.

საწვრთნელი პროცესის ძირითადი ნაწილი მოედნის ერთ ნახევარზე ორკარას თამაშს დაეთმო, აქცენტი კი ბურთის კონრტოლსა და შეტევაში სწრაფად გადასვლაზე კეთდებოდა.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ ,,ჩვენ თამაშთან“ კომენტარი ეროვნული ნაკრების დებიუტანტმა, ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანმა, ოთარ კაკაბაძემ გააკეთა. კაკაბაძემ შოტლანდიასთან მატჩისთვის გულშემატკივარს სტადიონზე მოსვლისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ოთარ კაკაბაძე : ''შოტლანდიასთან ძალიან სერიოზული მატჩი გველის. ეროვნულ ნაკრებთან ერთად პირველად ვივარჯიშე და ყველა კარგად შემხვდა. შოტლანდიასთან მატჩისთვის მაქსიმალურად კარგად უნდა მოვემზადოთ და 100%-ით უნდა დავიხარჯოთ. მინდა გულშემატკივარს სტადიონზე მოსვლისა და მხარდაჭერისკენ მოვუწოდო. მათი გვერდში დგომა აუცილებლად დაგვჭირდება. იმედია, შევძლებთ მათ გახარებას თამაშითა და შედეგით.''

ცხადაძე მატჩისწინა პრესკონფერენციას 3 სექტემბერს 19:00 საათზე გამართავს. საქართველოს ნაკრების ვარჯიში კი 19:30 საათზე დაიწყება და მედიას საწვრთნელი პროცესის გადაღების შესაძლებლობა პირველი 15 წუთის მანძილზე მიეცემათ.

საქართველო-შოტლანდიის მატჩის ბილეთები უკვე იყიდება დინამო არენას სალაროებში, რომლებიც ქომაგებისათვის ღიაა დილის 11-დან საღამოს 6 საათამდე. მატჩის დღეს, 4 სექტემბერს სტადიონის სალაროები შეხვედრის დაწყებამდე იმუშავებენ.

დღეიდან, 1 სექტემბრიდან კი გულშემატკივრებს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზეც http://gff.ge/tickets  ექნებათ ბილეთების ელექტრონული გზით შეძენის შესაძლებლობა. ელექტრონულ ფოსტაზე მიღებული ბილეთის ამობეჭდილი ვერსიის გადაცვლა რეალურ  ბილეთში სალაროებში უნდა მოხდეს. ბილეთების ფასი 10, 15 და 20 ლარია.

შეგახსენებთ, ევრო 2016–ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი საქართველოსა და შოტლანდიას შორის დინამო არენაზე, 4 სექტმბერს, 20 საათზე დაიწყება.

ოთო მუმლაძე