სიახლეები

ჩივაძემ მიზნად ფინალური ეტაპი დაისახა

გაუზიარე

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩისთვის ემზადება. 3 სექტემბერს ალექსანდრე ჩივაძის გუნდი ხორვატიას სტუმრად ეთამაშება. შეგახსენებთ, ჩვენი 21-წლამდელების აქტივში უკვე არის სამი ქულა – სასტარტო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სან მარინოს სტუმრად 3:0 მოუგო. ხორვატიისა და სან მარინოს გარდა, ჯგუფში ქართველი ახალგაზრდების მეტოქეები ესპანეთი, შვედეთი და ესტონეთი არიან.

საქართველოს ნაკრები ხორვატიაში გუშინ, გვიან ღამით გაემგზავრა, მანამდე კი, საღამოს „მიხეილ მესხის“ სათადარიგო მოედანზე ივარჯიშა. ვარჯიშამდე გუნდის თავკაცის, ალექსანდრე ჩივაძის პრესკონფერენცია მოეწყო.

ალექსანდრე ჩივაძე: 

ეროვნული ჩემპიონატის გასული ტურის შემდეგ სასტუმრო „ბომონდ გარდენს“ შევიკრიბეთ. ამჟამად ჩემს განკარგულებაში 15 ფეხბურთელია. სამშაბათს დაგვემატებიან გოშაძე, პაპუნაშვილი, დვალი და აბურჯანია. კაკაბაძე ჩვენთან ვარჯიშობდა, თუმცა კახა ცხადაძემ ეროვნულ გუნდში გადაიყვანა. ხორვატიასთან მატჩის მერე ცინცაძე და პაპუნაშვილი ირლანდიაში გაემგზავრებიან, სადაც ეროვნულ გუნდს შეუერთდებიან. 

რატომ არ არის სანაკრებო სიაში გიორგი გოროზია?

ამ ეტაპზე გადავწყვიტეთ, ასეთ შემადგენლობას დავყრდნობოდით. გვსურდა ასევე ბელგიაში მოთამაშე შენგელიასა და ტაბიძის გამოძახება, მაგრამ ტრავმების გამო ორივე დაგვაკლდა. სამწუხაროდ, სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს ლუკა ზარანდიას. არის სხვა დანაკლისიც – ტრავმირებულები არიან საბა ლობჟანიძე და აკაკი შულაია. რაც შეეხება გოროზიას, იგი ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაშია, სადაც მის გარდა, გავაშელიშვილი, ვოლკოვი, დარციმელია და სხვები გვყავს. 

ხორვატიის ნაკრებს როგორ დაახასიათებთ?

საკმაოდ ძლიერი გუნდია, რომელსაც სამი ისეთი ფეხბურთელი ჰყავს, რომლებიც მსოფლიო დონის კლუბების წევრები არიან. მატია კოვაჩიჩი რეალის ფეხბურთელია, ალენ ჰალილოვიჩი ბარსელონას საკუთრებაა, მარიო პაშალიჩი კი ჩელსის ეკუთვნის და განათხოვრებით არნემის ვიტესში თამაშობს. ერთი სიტყვით, ხორვატიის ნაკრებს განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება, ცხადია, ძლიერი გუნდია.

ხორვატიის ნაკრების შესახებ ივო შუშაკთან ხომ არ გისაუბრიათ?

არ მისაუბრია, მაგრამ ვიცი, რომ თამაშზე დასწრებას აპირებს.

ახალგაზრდულის სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ოთარ კაკაბაძე 21-წლამდელთა ნაკრებს უფრო სჭირდება...

მესმის, მაგრამ ახალგაზრდული ნაკრების მოვალეობაა, პირველ ნაკრებს რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელი მიაწოდოს.

მიმდინარე შესარჩევ ციკლში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მიზანი რა არის?

ყოველთვის უმაღლესი მიზანი უნდა დაისახო. ნიჭიერი თაობა გვყავს და ამიტომაც ჩვენი მიზანი ფინალურ ეტაპზე გასვლაა. ამისთვის მაქსიმუმს გავიღებთ.

ხორვატიასთან მატჩისთვის ჩივაძემ შემდეგ ფეხბურთელებს უხმო:

მეკარეები: ბექა ქურდაძე (საბურთალო), ოთო გოშაძე (ქასიმფაშა, თურქეთი);

მცველები: გიორგი გადრანი (ჩერნომორეცი, უკრაინა), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), გიორგი თევზაძე (დინამო თბილისი), ნიკა სანდოხაძე, დაჩი ცნობილაძე (ორივე - სამტრედია), დავით უბილავა (ლოკომოტივი), ლაშა დვალი (დუისბურგი, გერმანია);

ნახევარმცველები: გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), მათე ცინცაძე, ოთარ კიტეიშვილი (ორივე - დინამო), ავთო ენდელაძე (სამტრედია), მათე კვირკვია (დილა), გიორგი აბურჯანია (ანორთოსისი, კვიპროსი).

თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (ცხინვალი), გიორგი პაპუნაშვილი (ვერდერი, გერმანია), გურამ გოშთელიანი, გიორგი ფანცულაია (ორივე - საბურთალო).

ხორვატია-საქართველოს მატჩი 3 სექტემბერს ქალაქ კოპროვინიცაში გაიმართება და თბილისის დროით 18 საათზე დაიწყება.   

ლევან ჯანეზაშვილი