სიახლეები

კობიაშვილმა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო, დღეს იგი სფფ-ში საკუთარ კანდიდატურას დაარეგისტრირებს

გაუზიარე

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა ლევან კობიაშვილმა წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად გუშინ დაიწყო. სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” თავისი გუნდით საფეხბურთო საზოგადოებას შეხვდა – უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბებს უმასპინძლა, სადაც კობიაშვილმა მათ თავისი ხედვა და პროგრამა გააცნო.

მართალია, ყველა ქართულ კლუბს ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის უფლება არ აქვს, მაგრამ მოწვეულთა უმეტესი ნაწილი შეხვედრაზე მაინც მივიდა. ვიხილეთ თითქმის ყველა უმაღლესლიგური გუნდის ხელმძღვანელი, ასევე კობიაშვილის ძველი თანაგუნდელები – დავით მუჯირი, ალექსანდრე იაშვილი, ლევან ცქიტიშვილი, ზაზა ზამთარაძე და სხვები.

შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო და დაახლოებით ნახევარ საათს გასტანა. მისი დასრულების შემდეგ კი დარბაზში ჟურნალისტებსაც უხმეს, სადაც კობიაშვილმა შეკრება ამგვარად შეაფასა:

“ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა, რადგან პირველად დაფიქსირდა ასეთი მასშტაბური შეკრება, სადაც უმაღლესი და პირველი ლიგის საფეხბურთო კლუბები სრულად არიან წარმოდგენილი. აქ, ასევე, არიან ხმის უფლების არმქონე კლუბები. ჩემთვის მნიშვნელოვანია საარჩევნო კამპანიის ამ შეხვედრით დაწყება. კლუბებს გავაცანი ჩემი ხედვა და სამოქმედო სტრატეგია, თუ როგორ ვგეგმავ ქართული ფეხბურთის განვითარებას. ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ეროვნული ჩემპიონატის განვითარების ხელშეწყობა. ამიტომ ვარ სრულიად გახსნილი და თითოეული აქ წარმოდგენილი მოსაზრება არის ღირებული და გასათვალისწინებელი. ჩვენ ვიმუშავებთ გუნდურობის პრინციპით და ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ კონკრეტული შედეგის მიღებას, რაც ქართული ფეხბურთის წინსვლას შეუწყობს ხელს”.

დღეს კი, კობიაშვილი საკუთარ კანდიდატურას ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ სამდივნოში ოფიციალურად დაარეგისტრირებს.

ლევან ჯანეზაშვილი