სიახლეები

ლაშა დვალის ახალი გამოწვევა – დუისბურგი

გაუზიარე

20 წლის მცველი ლაშა დვალი გერმანიის მეორე ბუნდესლიგის დუისბურგში გადავიდა. ეს გუნდი ხუთი ტურის შემდეგ ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა, ჯერ მხოლოდ ორი ქულა აქვს. ისე კი, ეს კლუბი გასულ სეზონში სულაც მესამე ლიგაში იყო. დუისბურგი ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის ქალაქია და ერთ დროს საამაყო გუნდიც ჰყავდა: `ზებრებს~ (კლუბის მეტსახელია) პირველ ბუნდესლიგაშიც ხშირად უთამაშიათ და საუკეთესო სეზონი 1963-1964 წლებში ჰქონდათ, როცა მეორე ადგილზე გავიდნენ. 

ამასთან, დუისბურგი გერმანიის თასის ფინალში ოთხჯერ გასულა და ოთხივეჯერ დამარცხებულა. ბოლოს ეს 2011 წელს მოხდა. ამჟამად გუნდს შვეიცარიელი ჯინო ლეტიერი წვრთნის.  

დვალი “ზებრებში” წარადგინეს, ის 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. მან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა კლუბთან. 

შეგახსენებთ, დვალი ინგლისური რედინგის საკუთრება გახლდათ და იჯარით ჯერ რიგის სკონტოში, შემდეგ კი თურქულ ქასიმფაშაში ირჯებოდა. ამ სეზონის ბოლოს დვალი უგუნდოდ დარჩა და შეთანხმების თანახმად, რედინგთან კონტრაქტიც გაწყვიტა. 

ლაშა დვალს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, წლეულს კი ეროვნულ გუნდშიც ენდნენ. კახა ცხადაძემ გერმანიასთან მე-3 წუთზე შეცვლაზე შეიყვანა და ფეხბურთელმაც გაუმართლა. მომდევნო ორი მატჩი კი დვალმა უკრაინასთან და პოლონეთთან ჩაატარა. 

ბერნდ მაასი (დუისბურგის გენერალური დირექტორი): “სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს კარგი ფეხბურთელი დავიმატეთ. გვსურს, რომ მეორე ბუნდესლიგაში კარგად გამოვიდეთ”. 

ივო გრლიჩი (სპორტული დირექტორი): “მოხარული ვარ, რომ დვალი გადმოვიყვანეთ. ის ახალგაზრდა, პერსპექტიული ფეხბურთელია, სანაკრებო გამოცდილებაც აქვს. იმედი გვაქვს, ჩვენს დაცვის ხაზს სტაბილურობას შესძენს”. 

ჯინო ლეტიერი (მწვრთნელი): “ლაშა ახალგაზრდაა, მაგრამ საკმაო გამოცდილება დაუგროვდა. შრომისმოყვარე ფეხბურთელია და დარწმუნებული ვარ, დუისბურგს მეორე ბუნდესლიგაში დარჩენაში დაეხმარება”. 

და ბოლოს, დვალის კომენტარი: “აქ იმიტომ ვარ, რომ გუნდს დავეხმარო. ბევრი უნდა ვიმუშაო, რათა წინსვლა დამეტყოს. დუისბურგი დიდი ტრადიციების მქონე კლუბია და მოხარული ვარ, რომ მისი წევრი გავხდი. შაბათს ფიურტთან თამაშს დავესწარი და კარგი ატმოსფეროც ვიგრძენი სტადიონზე. მოგება ახლოს იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ბოლო წუთზე ხელიდან გავუშვით”.  

ცნობისთვის, დუისბურგი-ფიურტი 2:2 დასრულდა. მომდევნო ტურში “ზებრები” ზანქტ პაულის შეხვდდებიან: 14 სექტემბერს, სტუმრად.