სიახლეები

ცხინვალმა ზუგდიდი გაანადგურა

გაუზიარე

30 აგვისტო. თბილისი. „მიხეილ მესხი“ (სათადარიგო). 400 მაყურებელი

ცხინვალი-ზუგდიდი 5:1

0:1 წურწუმია (12), 1:1 კაჭარავა (27), 2:1 ლექვთაძე (29), 3:1 ცერცვაძე (40), 4:1 კაჭარავა (61), 5:1 მახარობლიძე (90)

ცხინვალი: ნადირაძე, ცერცვაძე, მაისაშვილი, კაკუბავა, ჯაფარიძე, ბეჭვაია, ქარდავა (მახარობლიძე 46), ცაცკრიალაშვილი (გიგაური 83), ლექვთაძე (ლობჯანიძე 87), ივანიშვილი, კაჭარავა

სათადარიგოები: კერესელიძე, ბურძენაძე, ბოლქვაძე, ჭაფოძე

მწვრთნელი: კახა კაჭარავა

ზუგდიდი: მამალაძე, მაჩაიძე, მალანია, თიბილაშვილი, ჯავაშვილი (ჟვანია 76), ტყემალაძე, წყაროზია, წურწუმია, ფიფია (ბულია 69), თუთბერიძე (სამუშია 46), კვარაცხელია

სათადარიგოები: ჩანგელია, ქანთარია, გავაშელიშვილი, ჯომიდავა

მწვრთნელი: ბესიკ შეროზია

გაფრთხილება: ტყემალაძე (18), ბეჭვაია (25), კვარაცხელია (53), მალანია (63), ცაცკრიალაშვილი (67), ჯავაშვილი (74)

მსაჯი: ირაკლი კვირიკაშვილი 

ეროვნული ჩემპიონატის მესამე ტურმა სენსაციების გარეშე ჩაიარა, რამდენიმე გუნდმა კი იოლი გამარჯვება მოიპოვა. მათ შორის ერთ-ერთი ცხინვალია, რომელმაც შინ ზუგდიდი გაანადგურა და მეტოქეს ერთის საპასუხოდ ხუთი გოლი გაუტანა. კაჭარავამ ძირითად შემადგენლობაში ახალწვეული ბეჭვაია დააყენა, რომელმაც მატჩი სრულად ჩაატარა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა. 

მატჩის დებიუტში შეროზიას ფეხბურთელები დაწინაურდნენ. შეხვედრის მე-12 წუთზე წურწუმიამ საჯარიმოს ხაზიდან ახლოს კარგი ჯარიმა შეაგდო და საკუთარი გუნდი დააწინაურა. მატჩის დებიუტი ზუგდიდის კარნახით მიდიოდა და წურწუმიას გოლის გარდა შეროზიას ფეხბურთელებს ერთი მომენტი კიდევ ჰქონდათ, თუმცა ფიფიას ნადირაძემ აჯობა. წურწუმიას გოლის შემდეგ კაჭარავას ფეხბურთელებმა მოუმატეს და მალევე ანგარიში გაათანაბრეს. მაისაშვილის კარგი პასის შემდეგ კაჭარავამ მამალაძეს შანსი არ დაუტოვა და ანგარიში გაათანაბრა. კაჭარავას გოლიდან ორ წუთში კი ლექვთაძემ, რომელიც გუშინ 24 წლის გახდა, საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა. 

ამ ორი გოლის შემდეგ ზუგდიდი მოიშალა და მეტოქის ნახევარზე არაფერი გამოსდიოდა, ცხინვალს კი ლექვთაძისა და კაჭარავას გოლების გარდა ორი კარგი შანსი კიდევ ჰქონდა. 35-ე წუთზე ივანიშვილის პასის შემდეგ კაჭარავას თავით გატანა შეეძლო, თუმცა მცირე მანძილით ააცილა. მე-40 წუთზე კი მარჯვენა მცველმა გიორგი ცერცვაძემ ცხინვალის უპირატესობა სოლიდური გახადა. ცხინვალის მესამე გოლი მთლიანად მცველების დამსახურებაა, რადგან საგოლე პასი კაკუბავამ გააკეთა, გოლი კი ცერცვაძემ შეაგდო.

მეორე ტაიმი გუნდებმა ცვლილებებით დაიწყეს. ცხინვალის შემადგენლობაში ქარდავას ნაცვლად მოედანზე მახარობლიძე გამოვიდა, შეროზიამ კი თუთბერიძე სამუშიათი შეცვალა. მე-60 წუთზე ლექვთაძეს დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა მამალაძემ აჯობა და ცხინვალელთა შეტევა განმუხტა. სამაგიეროდ, დუბლი სამ წუთში კაჭარავამ შეასრულა და 63-ე წუთზე ცხინვალელთა უპირატესობა სოლიდური გახადა. 

კაჭარავას გოლის შემდეგ ზუგდიდმა თამაშის გამწვავება სცადა და რამდენჯერმე კარგი შეტევაც განახორციელა, თუმცა ტყემალაძისა და სამუშიას დარტყმები არაზუსტი აღმოჩნდა. ზუგდიდელთა მომენტების შემდეგ ცხინვალმა თამაშის დალაგება და დაწყნარება სცადა, რაც კარგად გამოუვიდა. კაჭარავამ თავის გამოჩენის შანსი ლობჯანიძესა და გიგაურს მისცა, რომლებმაც ცაცკრიალაშვილი და ლექვთაძე შეცვალეს, შეროზიამ კი შეტევის გასაძლიერებლად მოედანზე ბულია და ჟვანია გამოუშვა, თუმცა მათ ღირებული ვერაფერი შექმნეს. 

მატჩის დამატებულ წუთზე კაჭარავას ჰეთთრიკის შესრულება შეეძლო, თუმცა საჯარიმოში შესულს მამალაძემ აჯობა, დამატებაზე კი ყველას შეცვლაზე შესულმა მახარობლიძემ დაასწრო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მახარობლიძემ ზუგდიდს შარშანაც გაუტანა, თანაც ზუგდიდში და დუბლი შეუსრულა, თუმცა იმ მატჩში ცხინვალი დამარცხდა. კახა კაჭარავას გუნდს სამი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს, ზუგდიდს კი მხოლოდ ერთი. სანაკრებო პაუზის შემდეგ ცხინვალი სტუმრად დილას დაუპირისპირდება, ზუგდიდი კი ჩიხურასთან შეეძლება პირველი გამარჯვების მოპოვებას.

კახა კაჭარავა: „ანგარიშით კმაყოფილი ვარ, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ თამაშის ხარისხი დამაკმაყოფილებელია. დებიუტში დასანანი გოლი გავუშვით, თუმცა შემდეგ თამაშის გამოსწორება შევძელით და პირველი ტაიმი კარგად დავასრულეთ. მეოთხე გოლის შემდეგ ჩემმა ფეხბურთელებმა ჩათვალეს, რომ თამაში დამთავრდა და კონცენტრაცია დააკლდათ. ამ მხრივ სამუშაო ბევრი გვაქვს, რადგან თამაში 90 წუთი გრძელდება და მოედანზე ბოლომდე კონცენტრირებული უნდა იყო“. 

ბესიკ შეროზია: „ცუდი მატჩი ჩავატარეთ. თავიდან დავწინაურდით, მაგრამ ანგარიშის შენარჩუნება ვერ შევძელით და დაცვით ფაზაში დაშვებული შეცდომების გამო დასანანი გოლები გავუშვით. სამუშაო და გამოსასწორებელი ბევრი გვაქვს, რადგან ჯერ თამაში არ მოგვიგია. ვეცდებით, სანაკრებო პაუზა ნაყოფიერად გამოვიყენოთ“.

ოთო მუმლაძე