სიახლეები

დინამოს მესამე ოთხბურთიანი [ვიდეო]

გაუზიარე
29 აგვისტო. თბილისი. „დინამო არენა“. 1 000 მაყურებელი

დინამო-საბურთალო 4:0

1:0 ცინცაძე (8 პენ.), 2:0 ქვილითაია (22), 3:0 ჭანტურიშვილი (53), 4:0 იაშვილი (58)

დინამო: ბეგაშვილი, კაკაბაძე, გველესიანი, ფერეირა, თევზაძე, ცინცაძე (ჯანელიძე 60), ჭანტურიშვილი, კიტეიშვილი (ჯიღაური 66), პარუნაშვილი, ა. იაშვილი, ქვილითაია (არაბული 54)

სათადარიგოები: კულუა, ტვილდიანი, გურული, ჭელიძე, ვოლკოვი

მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

საბურთალო: ქურდაძე, ნ. იაშვილი, მამუჩაშვილი, მარგველაშვილი, ნადარაია, ჩაბრაძე, ალთუნაშვილი, ხარაიშვილი (ბიძინაშვილი 60), გოშთელიანი, ფანცულაია (სოფრომაძე 60), დვალი (კოხრეიძე 63) 

სათადარიგოები: ჩოჩიშვილი, შიხიაშვილი, რუხაძე, ვაჭარაძე

მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი

გაფრთხილება: ხარაიშვილი (8), იაშვილი (45), ჭანტურიშვილი (45), მარგველაშვილი (78), ჯიღაური (82), არაბული (90)

მსაჯი: გიორგი ყრუაშვილი

მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე საბურთალოს მთავარმა მწვრთნელმა გია ჭიაბრიშვილმა განაცხადა, დინამო ჩვენზე ერთი თავით მაღლა იდგა და ძნელია თამაშის შეფასებაო. მართლაც, როდესაც მატჩი 4:0 დასრულდება, ყველაფერი ნათელია და გუშინ დინამოს გამარჯვება სამართლიანი და დამსახურებული იყო, თუმცა თავის მხრივ საბურთალო რიგ ეპიზოდებში კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა. აშკარაა, რომ მიმდინარე სეზონში მასთან არავის ელოდება იოლი გასეირნება, თუმცა შაბათს დინამომ დაამტკიცა, რომ უფრო მაღალი დონის გუნდია.

პირველ ორ ტურში დინამომაც და საბურთალომაც ქულათა მაქსიმუმი დააგროვეს და ერთმანეთს ლიდერების რანგში დაუპირისპირდნენ. მასპინძლებს კვლავ ვერ ეხმარება ნიკა ჭანტურია, რომელიც რეაბილიტაციის კურს გადის, ასევე არ არიან ბოლომდე მზად გიორგი რეხვიაშვილი და საბა ლობჟანიძე. საბურთალოს კი თავის მხრივ, დაცვის ბურჯი ლაშა თოთაძე აკლდა, რომელიც სწორედ დინამოდანაა განათხოვრებული და დინამოს წინააღმდეგ თამაშის უფლება არ აქვს.

თამაში ახალი დაწყებული იყო, დინამომ ჯარიმის დარტყმის უფლება რომ მოიპოვა. საჯარიმო დარტყმის შემდეგ ბურთი ხელზე საბურთალოს კაპიტან გიორგი ხარაიშვილს მოხვდა და შეხვედრის არბიტრმა გიორგი ყრუაშვილმა ხელი თერთმეტმეტრინი ნიშნულისკენ გაიშვირა, პენალტი უზადოდ შეასრულა მათე ცინცაძემ. 

საბურთალოს მალევე შეეძლო გათანაბრება, მაგრამ ნოდარ იაშვილის სახიფათო ჩაწოდებულის შემდეგ ფანცულაიას დარტყმულს სიზუსტე დააკლდა. ცოტა ხანში კი დინამომ მეორე გაიტანა. იაშვილის მოზომილი გადაცემის შემდეგ კაკაბაძემ საჯარომოში ჩააწოდა და იქ უკვე ყველას ქვილითაიამ აჯობა და დინამოს რიგებში პირველი ოფიციალური გოლი გაიტანა.

ამის შემდეგ ტაიმის დარჩენილ ნაწილში მასპინძელთა უპირატესობა აშკარა იყო, ერთ მომენტში კი მათ დაახლოებით ოცდაათი გადაცემა ისე შეასრულეს, რომ მეტოქემ ბურთის წართმევა ვერ შეძლო. გამოსარჩევია იაშვილის მორიგი ეფექტური გადაცემა, თუმცა კიტეიშვილს ქურდაძემ დაასწრო და სახიფათო მომენტი განმუხტა. საბურთალოს შესვენებამდე შეეძლო სხვაობის შემცირება, მაგრამ ჩაბრაძეს ხელსაყრელი სიტუაციიდან დარტყმული არაზუსტი გამოდგა. პირველი ტაიმის მიწურულს კი ნოდარ იაშვილი და ვახტანგ ჭანტურიშვილი ერთმანეთს გაექაჩნენ და ორივემ დამსახურებულად იხილა ყვითელი ბარათი.

მეორე ტაიმის პირველი სახიფათო მომენტი კი ჯაბა დვალის აქტივშია, თუმცა მისი დარტყმულის შემდეგ დინამო ძელმა იხსნა. იაშვილი-ქვილითაია-ჭანტურიშვილის სამსვლიანი კომბინაცია კი მესამე გოლით დასრულდა და აქ უკვე თამამად შეიძლებოდა იმის თქმა, რომ დინამომ საქმე მოამთავრა. 

თუმცა დინამოს კიდევ რამდენჯერმე შეეძლო გატანა. ჯერ ბექა ქურდაძემ კიტეიშვილს აუღო ახლოდან დარტყმული, დამატებაზე კი ჭანტურიშვილსაც დაასწრო და გუნდი აშკარა გოლისგან იხნა, თუმცა ქვილითაიას ნაცვლად მოედანზე შესული არაბულის გადაცემის შემდეგ იაშვილმა დასწრებაზე კარგათ ითამაშა და - 4:0.

გია ჭიაბრიშვილმა მოედნიდან გაიყვანა ლიდერები, გიორგი ხარაიშვილი და ჯაბა დვალი, რომლებისთვისაც ეს ნამდვილად არ იყო საუკეთესო შეხვედრა. ეს კი ნამდვილად დინამოელთა დამსახურებაა, რომლებმაც ეს დუეტი და პლუს გოშთელიანი პრაქტიკულად სრულად გაანეიტრალეს. დარჩენილ დროში ორივე გუნდს შეეძლო გოლის გატანა. ერთ ეპიზოდში ქურდაძემ იაშვილს ჩააბარა ბურთი, დინამოს ფორვარდმაც საბურთალოს მეკარე ადვილად ჩამოიცილა და ასპროცენტიანი მომენტიც შეექმნა, თუმცა სტუმრები გიგა მარგველაშვილმა იხსნა, რომელმაც ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი.

ერთ მომენტში კი დინამოს მრავალსვლიანი კომბინაცია, მართალია, გოლით არ დასრულდა, სამაგიეროდ, სტადიონზე შეკრებილი ქომაგებისგან აპლოდისმენტები დაიმსახურა. სტუმართაგან შეცვლაზე შესული ბიძინაშვილის ჯარიმაა გამოსარჩევი, რომლის დარტმულის შემდეგ ბურთი კარის ბადეს გარედან მოხვდა. ნოდარ იაშვილის შორიდან დარტყმის შემდეგ კი ბეგაშვილმა აკრობატულ ნახტომში მოიგერია ბურთი კუთხურზე. 

დინამოს ძირითად მეკარეს, ლიბორ ჰრდლიჩკას ტრავმა აქვს, მის არყოფნაში ძირითადს გიორგი ბეგაშვილი გაუშინაურდა და თავიც საკმაოდ კარგად წარმოაჩინა. არ გვგონია, გამოჯანმრთელებულ ჰრდლიჩკას ძირითადში დაბრუნება გარანტირებული ჰქონდეს. 

თამაშის მიწურულს კი საბურთალოს ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ გოშთელიანმა ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. რაკი ამ ეპიზოდში ჭიაბრიშვილს სამივე ცვლილება გამოყენებული ჰქონდა საბურთალომ შეხვედრა რიცხობრივ უმცირესობაში დაასრულა.

საბოლოოდ, როგორც აღვნიშნეთ, დინამომ დამსახურებულად მოიგო და ახლა სამტრედიასთან ერთად 9 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეშია. თანაც სათქმელია, რომ დინამოელებმა ჩემპიონატის სამივე შეხვედრაში ოთხ-ოთხი გოლი გაიტანეს და აშკარაა, რომ ჩემპიონობის მოპოვების მთავარი კანდიდატები სწორედ გია გეგუჩაძის შეგირდები იქნებიან. საბურთალოს ახალგაზრდული შემადგენლობისთვის კი დინამოსთვის განცდილი მარცხი კატასტროფა ნამდვილად არ არის. მითუმეტეს, დინამო ნამდვილად უკეთესი გუნდია, თუმცა იმასაც ვერავინ უარყოფს, რომ საბურთალო გამართულ, კარგ ფეხბურთს აჩვენებს და ეს ჩვენი ჩემპიონატისთვის ერთ-ერთი გამონაკლისია.


გია ჭიაბრიშვილი: „მეტოქე ერთი თავით მაღლა იდგა და ძალიან ძნელია ამის მერე თამაშის შეფასება. ცხადია, რომ ჩვენ ბევრი გვაქვს სამუშაო და კარგია, რომ დავინახეთ, რამხელა სხვაობაა უმაღლეს ლიგაში. იმედია ხარისხს გამოვასწორებთ და უმაღლესი ლიგის ღირსები ვიქნებით“.

გია გეგუჩაძე: „სათქმელი ბევრი არაფერია. კარგია, რომ მოვიგეთ. საბურთალო კარგი, მებრძოლი და ტექნიკური გუნდია. ჩემს გუნდზე კი იმის თქმა შემიძლია, რომ ემოცია ნაკლები ჩანდა მოედანზე და ამის გარეშე ძნელია. სანაკრებო პაუზის დროს კი უკეთ მომზადების საშუალება გვექნება“.



პაატა ძნელაძე