სიახლეები

კაშიამ გაიტანა, თარგამაძე ერწლიანი შესვენების შემდეგ დაბრუნდა

გაუზიარე

არნემის ვიტესმა ჰოლანდიის ერედივიზიონის მეოთხე ტურში კამბურს შინ 4:1 მოუგო. ამ სეზონში პირველი ქართული გოლიც გავიდა ჰოლანდიაში: გურამ კაშიამ 85-ე წუთზე ახლოდან თავით გაიტანა. კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმაც შეუცვლელად ითამაშეს. ვაკოც აქტიური იყო, ოღონდ, გოლებში მონაწილეობა არ მიუღია. ვიტესი მეშვიდე ადგილზეა. 

კვიპროსზე, თემურ ქეცბაიას სადებიუტო მატჩი ჰქონდა აპოელ-ის მწვრთნელის პოსტზე. ნიქოზიელებმა შინ 6:2 სძლიეს პაფოსს, რომლის რიგებშიც ოთხმა ქართველმა ითამაშა: როინ კვასხვაძე, გია გრიგალავა და ელგუჯა გრიგალაშვილი ძირითადში იყვნენ (შეუცვლელად ითამაშეს), ნიკა გელაშვილი კი 66-ე წუთზე ჩაერთო. პაფოსში მეხუთე ქართველიცაა: ლევან ხმალაძე, რომელიც პირველ ტურში გააძევეს და ამიტომაც ვერ ითამაშა აპოელ-თან. პაფოსიდან ერთი გოლი გია გრიგალავამ გაიტანა, კერძოდ, 88-ე წუთზე.    

აპოელ-ს ორ ტურში ორივე მოგება აქვს, პაფოსს კი – პირიქით, ორივე მარცხი. იმედია, ქეცბაიას გუნდი მომდევნო ტურებშიც შედეგიანი იქნება.  

რუსულ პრემიერლიგაში მორდოვიამ 2:1 სძლია რუბინს. მასპინძელთა შორის კვლავ კარგი მატჩი ჩაატარა ნუკრი რევიშვილმა და რთული ბურთები აიღო. მორდოვიელთა მცველ მამუკა კობახიძეს არ უთამაშია. რუბინში კი 90 წუთი გაისარჯა სოლომონ კვირკველია. 7 ტურის შემდეგ, რუბინი ბოლო ადგილზეა... ყაზანელთაგან ასეთ ცუდ დასაწყისს არავინ ელოდა. მორდოვიამ კი სეზონში პირველად მოიგო და 16 გუნდს შორის, მეათე ადგილზეა.

ნორვეგიაში გიორგი გოროზიას სტაბეკმა შინ 1:2 წააგო ოდ გრელანდთან და მეორე საფეხურზე დარჩა, თუმცა რუსენბორგს, ალბათ, ვეღარ დაეწევა – 7 ქულაა ჩამორჩენა და რუსენბორგს კიდევ თამაში აქვს მარაგში. გოროზია სასტარტოში იყო და 58-ე წუთამდე ითამაშა. 

შოთა არველაძის გაწვრთნილმა ტრაბზონსფორმა თურქული სუპერლიგის საწყის ორ ტურში 6 ქულა კი აიღო, მაგრამ მესამეში ვეღარ იმარჯვა: შინ ახისართან 2:2. შოთას გუნდი ჯერ იგებდა, შემდეგ 1:2 აგებდა და ბოლოს ოსკარ კარდოსომ გაათანაბრა. ისიც ვთქვათ, რომ 1:1-ზე ტრაბზონსფორმა პენალტი ვერ გაიტანა.    

თურქეთშივე, ნიკა ძალამიძე კვლავ უთამაშებელი დარჩა. რიზესფორმა ძალამიძის გარეშე 1:1 ითამაშა ესქიშეჰირსფორთან და სუპერლიგაში მეშვიდე ადგილზეა.   

უკრაინაში დავით თარგამაძის დაბრუნება შედგა: ოლექსანდრიას ქართველმა გარემარბმა ოდესის ჩერნომორეცთან 68-ე წუთიდან ითამაშა. შეგახსენებთ, თარგამაძემ სწორედ ოლექსანდრიაში დაიწყო თავისი უკრაინული კარიერა და საუკეთესო მატჩებიც ამ გუნდში ჩაატარა. მის მინდორზე შესვლას გულშემატკივართა ოვაციები მოჰყვა.  ერთი წლის განმავლობაში, დავითს ოფიციალური მატჩი არ ჰქონდა ნათამაშები... ხშირად იღებდა თამაშს საკუთარ თავზე და ამდენხნიანი შესვენების კვალობაზე, ნორმალურადაც გაისარჯა.  

ჩერნომორეცში შეუცვლელად ითამაშა მცველმა დავით ხოჭოლავამ. ისიც ვთქვათ, რომ ოლექსანდრია მე-11 ადგილზეა, ხოლო ჩერნომორეცი - მე-13 (ბოლოსწინა). 

ბუბა დაუშვილის კარპატიმ დნიპროსთან გასვლაზე 0:2 წააგო და მეექვსე ადგილზეა. დაუშვილმა ბოლო 20 წუთი ითამაშა. მესამე პოზიციაზეა ზორია, სადაც ჯაბა ლიპარტია ირიცხება. ზორიამ შინ 0:0 ითამაშა კიევის დინამოსთან და ლიპარტია 82-ე წუთზე შეიყვანეს მინდორზე.   …

ილია ნანობაშვილი