ვოლინის მწვრთნელი ვიტალი კვარციანი ხშირად აქებდა სანდრო კობახიძეს და გუნდის გამორჩეულ ფეხბურთელსაც უწოდებდა, ამჯერად კი პირიქით... ვოლინმა შინ 1:0 სძლია დონეცკის ოლიმპიკს, კობახიძემ კი მე-20 წუთზე ტრავმის გამო დატოვა მინდორი. ეტყობა, კვარციანი სწორედ ამან გააბრაზა, ქართველმა შეცვლა რატომ მოითხოვაო.
“სანდრო დაშავდა. მითხრა, ქუსლი მეტკინაო. პირდაპირ ვუთხარი, საქართველოს ნაკრებიდან, შეგიძლია, აქ აღარ დაბრუნდე-მეთქი” – თქვა კვარციანიმ მატჩის შემდეგ, პრესკონფერენციაზე.
როგორც იცით, კობახიძე დნიპროს ეკუთვნის და ვოლინში განათხოვრებით თამაშობს.
ლევან მჭედლიძემ მილან-ემპოლის შეხვედრაში (2:1) ბოლო ნახევარი საათი ითამაშა. ქართველი ფორვარდი აქტიური იყო და მეტწილად სირღმიდან უტევდა, თუმცა გოლს ვერ გამორჩა. ემპოლი ორი ტურიდან ორივეში დამარცხდა.
საფრანგეთში რეიმსმა ჯაბა კანკავას გარეშე დაამარცხა ლორიანი (4:1) და მეორე ადგილზეა ოთხი ტურის შემდეგ. კანკავა განაცხადშიც არ იყო. ამის მიზეზი ისაა, რომ საყოფაცხოვრებო ამბების მოსაწესრიგებლად უკრაინაში იყო ჩასული და რამდენიმე სავარჯიშო დღე გაუცდა.
კვიპროსზე ანორთოსისმა გასვლაზე 3:1 სძლია ნეა სალამისს. ანოღტოსისიდან გიორგი აბურჯანიამ 73-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო ირაკლი მაისურაძემ ბოლო 25 წუთი დაჰყო მინდორზე. ორი მატჩი, ორივე მოგება – ასეთია ანორთოსისის სტარტი ჩემპიონატში. უჩა ლობჟანიძის ომონიამ კი ეთნიკოს ახნასთან გასვლაზე 0:1 წააგო. ლობჟანიძე შეუცვლელად გაისარჯა, ხოლო აშნაში ბექა ტუღუშსა და ნიკა საბანაძეს არ უთამაშიათ: განაცხადში არ იყვნენ.
გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ფრაიბურგმა შინ 4:1 აჯობა ზანდჰაუზენს და მეორე პოზიციაზეა. ფრაიბურგში ბოლო 12 წუთი ითამაშა ლუკას ჰუფნაგელმა, რომელიც წინა ტურში სასტარტოში გახლდათ.
გერმანიაშივე, ოღონდ მესამე ლიგაში გიორგი პაპუნაშვილი გამოჩნდა, ისიც ხუთიოდე წუთით. ვერდერის 23-წლამდელებმა დრეზდენთან 1:2 წააგეს. პაპუნაშვილს ბრემენელთა მიერ ჩაატარებულ წინა ორ შეხვედრაში არ უთამაშია.
რუსეთში მოსკოვის სპარტაკმა შინ 1:2 წააგო ანჟისთან. ჯანო ანანიძემ ბოლო 20 წუთი ითამაშა და განსაკუთრებული ვერაფერი შექმნა, ან უბრალოდ, ვერ მოასწრო. ფაქტია, ჯანოს ძალიან მცირე სათამაშო დრო აქვს. რუსეტსივე, ურალი-ტერეკის მატჩში (3:3) სათადარიგო იყო გროზნოელთა მცველი თედო გრიგალაშვილი. მას რუსულ პრემიერლიგაში დებიუტი ჯერ არ ჰქონია.
საბერძნეთში ვერიამ გიორგი მერებაშვილის გარეშე მოუგო პანთრათიკოსს – 2:0. ქართველი შემტევი სათადარიგოთა სკამზე იყო. ბელგიაში კი გენკმა 2:0 აჯობა შარლერუას და მეექვსე საფეხურზეა: ლუკა ზარანდია ამჯერადაც განაცხადს მიღმა იყო, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილი სასტარტოში გახლდათ და 70-ე წუთზე შეცვალეს. “ოქრი” შეცვლამდე ერთი წუთით ადრე გააფრთხილეს.
დანიაში მათე ვაწაძისა და დავით სხირტლაძის ორჰუსმა შინ 0:0 ითამაშა ესბიერგთან და მესვიდე ადგილზეა. მათე ვაწაძემ 80 წუთი დაჰყო მინდორზე, ხოლო სხირტლაძე 89-ეზე შეუშვეს.
თურქეთის პირველ ლიგაში ალეკო ამისულაშვილმა გოლი გაიტანა: კარშიაკას ქართველმა მცველმა სამსუნსფორთან მე-16 წუთზე გამოიჩინა თავი და ანგარიში 2:0 გახადა, საბოლოოდ კი მატჩი 2:2 დასრულდა. ეს ამისულაშვილის პირველი გოლია კარშიაკაში, სადაც ამ ზაფხულს გადავიდა.
ილია ნანობაშვილი
გაუზიარე