სიახლეები

დვალიშვილი: პოლონეთში დაბრუნება, ოღონდ, პოგონში

გაუზიარე

ლადო დვალიშვილი პოლონეთში დაბრუნდა, კერძოდ, შჩეცინის პოგონში. პოლონური ექსტრაკლასას კვალობაზე ცუდი გუნდი ნამდვილად არაა, უფრო ხშირად ცხრილის ზედა ნახევარშია და იმედია, დვალიშვილიც კარგად გამოიჩენს თავს. როგორც იცით, ლადო პოლონიასა და ვარშავის ლეგიაში თამაშობდა, ლეგიაში სულაც ორჯერ მოიგო ქვეყნის ჩემპიონატი და ორჯერაც – ქვეყნის თასი. 

დვალიშვილი ერთი სეზონი დანიურ ოდენსეში იყო, მაგრამ სათამაშო პრაქტიკით არ ანებივრებდნენ. გასულ სეზონში მან მხოლოდ 13 მატჩი ჩაატარა ოდენსეში და ერთი გოლიც გაიტანა. 

დვალიშვილმა ოდენსესთან კონტრაქტი ორმაგი შეთანხმებით გაწყვიტა და ასე გადავიდა პოგონში – თავისუფალი აგენტის სტატუსით. 

„კარგი გუნდია პოგონი და ბევრიც არ მიფიქრია. ოდენსეს მოვურიგდი, კონტრაქტი გავწყვიტე და პოლონეთში დავბრუნდი. პოგონი ევროპის ლიგაზე გასასვლელად იბრძოლებს. გუნდში ორი იაპონელი და ერთი პორტუგალიელიც გვყავს. ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი მურავსკი გახლავთ, რომელიც ასაკის მიუხედავად, ახლაც კარგ ფორმაშია. პოგონში ჩემი ეიმედებათ და მეც შევეცდები, შედეგიანად ვითამაშო“, – გვითხრა დვალიშვილმა. 

ლადომ გუშინწინ პოგონში ითამაშა კიდეც (11-ნომრიანი მაისურით), კორონასთან გასვლაზე (1:1) ბოლო 25 წუთი დაჰყო მინდორზე და გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა შანსი ვერ გამოიყენა. 

პოგონი შვიდი ტურის შემდეგ დაუმარცხებელია: ორი მოგება და ხუთი ფრე აქვს. 

ილია ნანობაშვილი