სიახლეები

გია ისიანმა ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის გადაწყვეტილება აღასრულა, ბრალდებული გენძეხაძე სტადიონზე არ შეუშვა

გაუზიარე

ცხინვალის ლიახვისა და თბილისის ლოკომოტივის სათასო მატჩის დაწყებამდე, რომელიც გუშინწინ გორის „თენგიზ ბურჯანაძეზე“ გაიმართა, მცირე ინციდენტი მოხდა.

საქმე ისაა, რომ მატჩზე დასწრებას აპირებდა... დავით გენძეხაძე...

ადამიანი, რომელიც 5 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თამაშების გარიგების ბრალდებით დანარჩენ შვიდ პიროვნებასთან ერთად დააკავეს.

ადამიანი, რომელიც გირაოთია გათავისუფლებული, თუმცა სასამართლო პროცესი ჯერ არ დასრულებულა.

ადამიანი, რომელიც საჩხერის ჩიხურას ყოფილი სელექციონერი გახლდათ და რომელსაც გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ პროფესიული სპორტული შეჯიბრების მონაწილის ან ორგანიზაციის მოსყიდვას ედავება, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 203-ე მუხლის მე-3 ნაწილით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ადამიანი, რომელსაც ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის გადაწყვეტილებით, თამაშზე დასწრება კი არა, სტადიონის ტერიტორიაზე ყოფნაც კი ეკრძალება.
ჰოდა,  გენძეხაძე ცდილობდა გუშინწინ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მატჩზე დასწრებას, მაგრამ მატჩის დელეგატმა გია ისიანმა და გორის სტადიონის დირექციის წარმომადგენელმა თამაშზე დასწრება კი არა, სტადიონის ტერიტორიის დატოვება პრინციპულად მოსთხოვეს. გენძეხაძემ, ერთი პირობა, უარი განაცხადა, მაგრამ ისიანის პრინციპულობას რომ წააწყდა, იძულებული გახდა, მოთხოვნას დამორჩილებოდა.

როგორც შევიტყვეთ, გენძეხაძე მერე გაიძახოდა, თამაშებზე აქამდეც დავდიოდი და თქვენ რას მერჩით, ვის რა უფლება აქვს, შესვლა ამიკრძალოს, ამ საქმეში უდანაშაულო ვარ და ამას მალე დავამტკიცებო, თუმცა...

გუშინ გორში მომხდარი ინციდენტის თაობაზე, მეტი კონკრეტიკისთვის გია ისიანს ვესაუბრეთ, რომელმაც დეტალურად მოგვითხრო, რაც მოხდა...

გენძეხაძეს აქამდეც ვიცნობდი და, ცხადია, მისი სხვებისგან გამორჩევა არ გამჭირვებია. დავინახე თუ არა, მაშინვე მისკენ გავემართე და ვუთხარი, თამაშზე არ შემოგიშვებ-მეთქი და იქვე ავუხსენი, რატომაც - სტადიონის და მატჩის ორგანიზატორ კლუბთან, ცხინვალის ლიახვის წარმომადგენლებთან ერთად დეტალურად გავაცანი ფედერაციის აღმასკომის გადაწყვეტილება.

რამდენადაც ვიცი, იგი წინააღმდეგი იყო და ჯიუტად ცდილობდა თამაშზე შესვლას...

პირდაპირ ვუთხარი - თუ შემოხვალ, თამაშს არ დავიწყებ-მეთქი! მატჩის დელეგატი ვიყავი და სრული უფლება მქონდა, ასე მოვქცეულიყავი.

მართლაც მისასალმებელია თქვენი პრინციპულობა...

მე, ცხადია, ფედერაციის წესდებით ვმოქმედებდი, თუმცა მანამდე ადამიანურად, კაცურად ვცდილობდი მის დაყოლიებას. ფედერაციაშიც დავრეკე და ავუხსენი ვითარება, ასეთი შემთხვევაა-მეთქი.

რა გითხრეს?

თუ მაინც შევა სტადიონზე, მაშინ მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება და ამ შემთხვევაში ლიახვს, როგორც სტადიონის დამქირავებელს, ანუ მასპინძელს, სანქციები დაეკისრებაო. ეს კი, ცხადია, ლიახვის წარმომადგენელმა გააპროტესტა. ერთი სიტყვით, ცხინვალური კლუბის, სტადიონის დირექციის წარმომადგენლისა და ჩემი დაჟინებული მოთხოვნის საფუძველზე გენძეხაძეს დავატოვებინეთ სტადიონის ტერიტორია.

კარგი იქნება, თქვენს შემთხვევას სხვებიც თუ გაითვალისწინებენ...

იმედი მაქვს და დავძენ იმასაც, რომ ასეთი ფაქტის შემჩნევის შემთხვევაში დელეგატი და სტადიონის დირექცია ვალდებულნი არიან, იყვნენ პრინციპულნი და კატეგორიულნი, რათა კანონი, წესი თუ მოთხოვნა ზედმიწევნით შესრულდეს.

გიორგი ვაშაკიძე