სიახლეები

რევაზ არველაძე: სუპერთასი იყო უმნიშვნელოვანესი პროექტი ჩვენი ფეხბურთის განვითარებისთვის

გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე გუშინ მოვიხელთეთ და ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საინტერესო თემაზე გავესაუბრეთ.

ჩამთავრდა სუპერთასი, პროექტი, რომელზეც ბოლო რამდენიმე წელიწადი ფეხბურთის ფედერაცია საგულდაგულოდ მუშაობდა. ახლა, როცა უკვე ყველაფერი უკან მოვიტოვეთ, ემოციებიცა და ეიფორიაც შედარებით ჩაცხა, როგორ შეფასებას მისცემდით ამ მოვლენას?

ვიდრე უშუალოდ შეფასებებზე გადავიდოდეთ, აბსოლუტურად გულწრფელად, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ამა თუ იმ ფორმით მონაწილეობდა ამ საქმეში. გადაუჭარბებლად ვამბობ, რომ შემეძლოს, ყველას სათითაოდ, პირადად გადავუხდიდი მადლობას. ნდობისათვის მადლობა ეკუთვნით უეფას პრეზიდენტს, გენერალურ მდივანს, გენმდივნის მოადგილეს, დავით პეტრიაშვილს, რომელმაც ძალ-ღონე არ დაიშურა და ყველა ეტაპზე ჩვენს გვერდით იყო. ცხადია, მადლობის ღირსია სფფ-ის უკლებლივ ყველა წარმომადგენელი, დაწყებული პრეზიდენტით და დამთავრებული რიგითი თანამშრომლით.

ახლა, უშუალოდ შეფასებაზე გადავიდეთ...

კიდევ მადროვეთ და მაგ კითხვაზეც გიპასუხებთ. უეფა და ფედერაციის სტაფი უკვე ვახსენე. ახლა კი მინდა ხაზგასმით, კმაყოფილებით აღვნიშნო სახელმწიფო სტრუქტურების, მერიისა და სამთავრობო სამსახურების, აეროპორტის, ჩვენი სტიუარდებისა და მოხალისეების როლი. ასევე რიგითი გულშემატკივრების, თბილისელებისა და რეგიონებიდან სპეციალურად ამ მატჩზე ჩამოსული დედაქალაქის სტუმრების ღვაწლიც. ყველა მათგანის ერთიანობამ, კონსოლიდაციამ, საერთო სურვილმა ღირსეულად გვემასპინძლა ამ დიდი მატჩისთვის, შეგვაძლებინა ჩვენი ქვეყნისა და მისი დედაქალაქის შესანიშნავი პრეზენტაცია უცხოელების თვალში.

ახლა კი მოკლედ შევაფასებ ამ მოვლენას: ვფიქრობ, ახლა, როცა 11 აგვისტოს შემდეგ უკვე თითქმის ერთი კვირა გავიდა, დადგა დრო, ყველაფერს უფრო ფართო ჭრილში შევხედოთ. დარწმუნებული ვარ, სუპერთასი 2015 იყო უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც ბიძგს მისცემს ჩვენი ფეხბურთის განვითარებას. ყველამ, როგორც შინაურმა, ისე სტუმარმა, მათ შორის, უეფას მმართველობამ ირწმუნა, რომ ჩვენ მაღალ დონეზე შეგვიძლია მუშაობა, შეგვწევს უნარი ვუმასპინძლოთ უმაღლესი რანგის მატჩებს. ამ მოვლენამ დაადასტურა, რომ ფეხბურთის ფედერაციას გააჩნია როგორც ადამიანური რესურსი, ისე ორგანიზაციული უნარი ამგვარი მატჩების ჩატარებისა. არა მხოლოდ ევროპული, არამედ მსოფლიოს სპორტული პრესა ამ დღეებში ბევრს საუბრობს ამის შესახებ და მჯერა, ეს კიდევ კარგა ხანს იქნება აქტუალური თემა. აღარაფერს ვამბობ საკუთრივ იმ საფეხბურთო ზეიმზე, იმ დაუვიწყარ სანახაობაზე, რაც ბარსელონამ და სევილიამ შემოგვთავაზეს, 9 გატანილ გოლზე, გახსნისა და დახურვის არაჩვეულებრივ  ცერემონიალზე. ცალკე თემაა ლეო მესი, რომელმაც აქ, თბილისში ქართველი მაყურებლის თვალწინ გაიბრწყინა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ მსოფლიო ფეხბურთის უპირველესი ვარსკვლავია...

უნდა ვივარაუდოთ, რომ უეფადან უკვე იყო საკმაოდ პოზიტიური გამოხმაურებები...

ყველა კმაყოფილი დარჩა, განსაკუთრებით ის ხალხი, ვინც მომავალშიც დაეხმარება სფფ-ს დიდი მასშტაბის მატჩების ორგანიზებაში. უკვე მივიღეთ მოლოცვის წერილები არა მხოლოდ უეფადან, არამედ ეროვნული ფედერაციებიდანაც. პლატინიმ და ინფანტინომ გაცილების დროს მითხრეს, რომ აღფრთოვანებული არიან იმ საზეიმო, საოცრად კეთილგანწყობილი ატმოსფეროთი, რაც მათ თბილისში დახვდათ. მარიო ლეფკარიტისმა, უეფას ვიცე-პრეზიდენტმა კი შვეიცარიაში დაბრუნებისთანავე აფრინა სამადლობელი წერილი, რომელშიც მადლობა იხდის გაწეული მასპინძლობისთვის და გვილოცავს, მისივე სიტყვებით რომ გითხრათ: ,,დიდი საფეხბურთო მოვლენის საუცხოოდ ორგანიზებას~. მერწმუნეთ, ეს ყველაფერი ჩვენი ფეხბურთისთვის უკვალოდ არ ჩაივლის. ამისთვის ნამდვილად ღირდა რამდენიმეწლიანი დაუღალავი შრომა.

დასახელდა ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი – 3 ოქტომბერი, რომელშიც ზვიად სიჭინავა, ფედერაციის პრეზიდენტი, მონაწილეობას აღარ აპირებს. ცნობილია ისიც, რომ თქვენ წარადგენთ საკუთარ კანდიდატურას. რა იქნება თქვენი პრიორიტეტები?

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ზვიად სიჭინავამ ბევრი გააკეთა ჩვენი ფეხბურთისთვის და თუ ამას დღეს ვინმე ვერ ხედავს, მისი მუშაობის შედეგებს, მჯერა, მოგვიანებით ყველა სათანადოდ დააფასებს. თარიღიც, 3 ოქტომბერი, სფფ-ის წესდების მიხედვით განისაზღვრა და, ვფიქრობ, ლოგიკურადაა შერჩეული. ყველა კანდიდატს აქვს საკმარისი დრო საარჩევნო კამპანიის წარმართვისთვის. რაც შეეხება ჩემს გეგმებსა და პრიორიტეტებს, ბუნებრივია, მაქვს ჩემი ხედვა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, როგორც რეგიონული განვითარების კუთხით, ისე ეროვნული ჩემპიონატის, ასევე ყველა სხვა შემადგენელ სეგმენტთან მიმართებით, მაგრამ, ამაზე დაწვრილებით პროგრამის წარდგენისას მოგახსენებთ.

უფრო დაწვრილებით ხომ ვერ გვეტყვით თუნდაც რეგიონებთან დაკავშირებულ გეგმებზე?

კეთილი, მაშინ დღეს მხოლოდ რეგიონულ თემატიკაზე ვთქვათ. რეგიონები არის ჩვენი ფეხბურთის ძარღვი, რომელმაც უნდა მოამარაგოს, შევსება მისცეს ჩვენს ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებებს. ამ მხრივ რეზერვები არსებობს, დასაკარგი ტალანტები არ გვყავს არც დედაქალაქში და არც რეგიონებში. ამიტომ მიმაჩნია, რომ საგრძნობლად უნდა გაეზარდოთ დაფინანსება რეგიონულ ფედერაციებს. რეგიონულ გათამაშებაში გუნდები უფასოდ უნდა მონაწილეობდნენ, ანუ ტურნირები, რომლებსაც რეგიონული ფედერაციები ატარებენ, სრულად დაფინანსდება სფფ-ის მიერ. გარდა ამისა, რეგიონულ ფედერაციებს ტექნიკურ აღჭურვილობითაც სფფ უზრუნველყოფს. ამ ტექნიკური აღჭურვილობას კი, რეგიონული ფედერაციები, რაკი კარგად იცნობენ ვითარებას ადგილებზე, პრიორიტეტების მიხედვით თავად გადაანაწილებენ რეგიონში არსებულ სპორტსკოლებზე. გეგმაში მაქვს რეგიონული ნაკრები გუნდების შექმნაც სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში. რეგიონული ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელს ხელფასს ფედერაცია გადაუხდის და ყველა რეგიონული ნაკრების მწვრთნელი სრულ კოორდინაციაში იქნება ქვეყნის შესაბამისი ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელთან. გარდა ამისა, აუცილებლად მიმაჩნია რეგიონული ფედერაციების ხელმძღვანელების მეტი ჩართულობა, ინტერგაცია ეროვნული ფედერაციისა და ნაკრები გუნდების საქმიანობაში. რეგიონული ფედერაციების თავკაცები უფრო სოლიდურად უნდა იყვნენ წარმოდგენილნი ეროვნული ფედერაციის აღმასკომშიც. ყველა ეს ზომა, რაც ჩამოვთვალე, საშუალებას მისცემს რეგიონულ ფედერაციებს უფრო ოპერატიულად და კოორდინირებულად იმუშავონ ფეხბურთის ფედერაციასთან.

გია გომართელი