სიახლეები

უეფა საქართველოში ახალი პროექტისთვის ემზადება

ქალთა ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და უეფა მალე ახალ, ერთობლოვ პროექტს დაიწყებენ.  ნიონში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, უეფამ ქალთა ფეხბურთის განვითარების მიზნით საპილოტე ქვეყნად საქართველო შეარჩია. ახალი პროექტის დაწყებამდე, მოსამზადებელი სამუშაოების დასაგეგმად თბილისში, უეფა–ს ქალთა ფეხბურთის მიმართულების კოორდინატორი პრისილა იანსენს–სალაზარ ჰევიტი მოავლინა.

ჰოლანდიელი სპეციალისტი 3 დღის მანძილზე ეცნობოდა საქართველოში არსებულ საფეხბურთო ინფრასტრუქტურას, ჰქონდა საქმიანი შეხვედრები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის უმაღლეს ეშელონებთან, მათ შორის, ქალთა ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებთან, ქალთა გუნდების მწვრთნელებთან, დაესწრო საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების საწვრთნელ შეხვედრასაც.

უეფას წარმომადგენლის შეფასებით საქართველოში, სურვილისა და მონდომების შემთხვევაში ყველა პირობაა, რომ ქალთა ფეხბურთი განვითარდეს. „ჩემს სამშობლოში, სადაც ფეხბურთს 10 ათასი გოგონა თამაშობს, ბუნებრივია ადვილია ნაკრების კანდიდატების შერჩევა, რადგან არის რაოდენობაც და შესაბამისად, კონკურენცია. თუმცა, ადრე ასე არ იყო და ისევე, როგორც ყველგან ქალთა ფეხბურთს ნიდერლანდებშიც ჰქონდა პრობლემები. დაახლოებით მსგავსი ხასიათის, რაც დღეს საქართველოშია. ჩემი საქართველოში ჩამოსვლის მიზანი ამ საკითხებისა და პრობლემების გაცნობაა, რათა უეფაში დაბრუნებულმა შევიმუშავოთ ის გეგმა, რომლის მიხედვითაც უკვე შემოდგომიდან გვაქვს მუშაობის დაწყების შესაძლებლობა. მე მაინტერესებდა გამეგო ის გამოწვევებიც, რომლისთვისაც საქართველოში ქალთა ფეხბურთის წარმომადგენლები არიან კონცეტრირებული“ – აღნიშნა პრისილა იანსენს–სალაზარ ჰევიტმა.

„საკითხების ნუსხა საკმაოდ დიდია. უეფა–ს წარმომადგენელთან შეხვედრისას დაახლოებით 7–8 თემა გამოიკვეთა, რომელზეც მუშაობა, შემოდგომიდან მოგვიწევს. ბუნებრივია, მოხარულები ვართ, რომ უეფა–მ საქართველოს მიმართ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ინტერესი და მზაობა აწარმოოს ახალი პროექტი.  ჩვენის მხრივ, მზად ვართ გავაკეთოთ მაქსიმუმი, რათა უეფას ყველა რეკომენდაცია და ინსტრუქცია ზედმიწევნით შესრულდეს. ბუნებრივია, მზად ვართ გავითვალისწინოთ ის გამოცდილებაც, რაც ქალთა ფეხბურთის მხრივ განვითარებულ ქვეყნებშია დანერგილი“ – აღნიშნა სფფ–ს გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ.

„მოხარულები ვართ, რომ უეფა–მ სწორედ საქართველო შეარჩია საპილოტე ქვეყნად. ნიონში მზად არიან ქართულ ქალთა ფეხბურთში არსებული ყველა პრობლემა დეტალურად შეისწავლონ და მაქსიმალურად გვერდში დაგვიდგნენ. შეხვედრების დროს, გამოიკვეთა ის მიმართულებები, რომლებზეც უკვე უახლოეს ხანში აქტიურად მოგვიწევს მუშაობა. საქართველოში, ქალთა ფეხბურთში გამოცოცხლება იგრძნობა და ეს განსაკუთრებით, მას შემდეგ დაიწყო, რაც ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა „ევრო 2017“–ში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.  უეფა–სა და სფფ–ს ახალი ერთობლივი პროექტის დაწყებამდე კი რეკომენდაციის სახით გვირჩიეს, გავზარდოთ საფეხბურთო სექციეში გოგონების რაოდენობა და ჩართულობა „გრასრუტსის“ პროგრამაში, რაც თავისთავად გოგონათა ნაკრებებისთვის საზრდო იქნება“, –ამბობს ნინო სორდია, ქალთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.

უეფა–სა და სფფ–ს ახალი ერთობლივი პროექტის ფარგლებში უეფა–ს წარმომადგენლები მინიმუმ 6–ჯერ ეწვევიან თბილისს. პროექტის დეტალური პრეზენტაცია ოქტომბერში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ უეფა–მ მთელი ევროპის მასშტაბით გოგონათა და ქალთა ფეხბურთის განვითარების მიზნით 2010 წლიდან აქტიური კამპანია დაიწყო.

 

სფფ–ს პრესსამსახური