სიახლეები

დინამომ გამარჯვებით დაიწყო, 18 წლის შემდეგ იაშვილმა კვლავ გაიტანა...

გაუზიარე
15 აგვისტო. თბილისი. დინამო არენა. 1000 მაყურებელი

1:0 ჯიღაური (26), 2:0 იაშვილი (38), 3:0 ჯიმშელაშვილი (50 ს.კ.),  4:0 ჯიღაური (67)

დინამო: ჰრდლიჩკა (ბეგაშვილი 57), კაკაბაძე, რენე ფერეირა, ჭელიძე, თევზაძე, ცინცაძე, პარუნაშვილი, კიტეიშვილი (ჭანტურიშვილი 53), ჯიღაური, იაშვილი (გველესიანი 66), ქვილითაია

სათადარიგოები: ტვილდიანი, ვოლკოვი, ჯანელიძე, არაბული

მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

საპოვნელა: გიორგაძე, ჯიმშელეიშვილი, რობაქიძე, ბანძელაძე, ბუხაიძე, ამბროლაძე (ცქიფურიშვილი 46), შუღლაძე (თავაძე 46), ტყეშელაშვილი, ბერუაშვილი, მაკარიძე (შალამბერიძე 75), ენდელაძე

სათადარიგოები: კახათელიძე, ბუცხრიკიძე, აბესაძე, ზეინკლიშვილი

მწვრთნელი: მირიან გეწაძე

გაფრთხილება: ფერეირა (18, 64)

გაძევება: ფერეირა (64)

მსაჯი: ჯენერი ხორავა

11 აგვისტოს „დინამო არენას“ სტუმრები მსოფლიოს საუკეთესო გუნდი ბარსელონა და ევროპის ლიგის მოქმედი გამარჯვებული სევილია იყვნენ, რომლებმაც ნამდვილი საფეხბურთო სპექტაკლი დადგეს. შაბათს კი ამ მშვენიერ სტადიონზე უკვე თერჯოლის საპოვნელა სტუმრობდა...

დინამომ წინა ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა და ვერც ევროტურნირებზე იყოჩაღა, აქედან გამომდინარე, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა საკუთარი გულშემატკივრის თვალში რეაბილიტაცია რომ მოახდინოს, მიმდინარე სეზონში ჩემპიონის ტიტული უნდა დაიბრუნოს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მომდევნო ევროსეზონს გაცილებით კონკურენტუნარიანი გუნდით უნდა შეხვდეს. პირადად ჩემი აზრით, ამ მწვრთნელითა და ამ შემადგენლობით (რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერება აუცილებელია) ეს სავსებით შესაძლებელია.

თერჯოლელებს კი სულ სხვა მიზნები აქვთ. დაახლოებით ოცწლიანი პაუზის შემდეგ უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული საპოვნელას მთავარი ამოცანა უძლიერესთა რიგებში ადგილის შენარჩუნება იქნება.

თამაში თავიდანვე დინამოელთა უპირატესობით დაიწყო, თბილისელები პირველივე წუთებიდან მატჩის ბოლომდე სრულ სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა შეძლებისდაგვარად საპოვნელაც ცდილობდა მეტოქის კართან სახიფათო მომენტების შექმნას. პირველი მეტნაკლებად საგოლე სიტუაციაც დინამოს კართან შეიქმნა, მაგრამ სანდრო შუღლაძის ძლიერი დარტყმა ლიბორ ჰრდლიჩკამ უპრობლემოდ მოიგერია. 

ცოტა ხანში კი დინამოს უპირატესობა გოლით დაგვირგვინდა. ოთარ კაკაბაძის მორიგი აქტიურობის შემდეგ საპოვნელას ჯაბა ჯიღაურმა გაუტანა, რომელმაც შორეულ დაბალ კუთხეში აუღებელი დაურტყა სტუმართა მეკარე ალექსანდრე გიორგაძეს.  თერჯოლელებს მალევე შეეძლოთ გათანაბრება, გიორგი ბუხაიძის დარტყმის შემდეგ ჰრდლიჩკაც უშანსოდ იყო, მაგრამ დინამო ხარიხამ იხსნა. კაკაბაძემ კი რამდენიმე წუთში მეორე საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში, სწორედ მისი პასის შემდეგ გაიტანა ალექსანდრე იაშვილმა თვრამეტწლიანი შესვენების შემდეგ დინამოს რიგებში პირველი ოფიციალური გოლი. 

ცალკე გვინდა გამოვარჩიოთ ოთარ კაკაბაძე, რომლის პროგრესი აშკარაა და მაშინ, როდესაც ნაკრებში მარჯვენა მცველის პრობლემა აქტუალურია, კაკაბაძის სანაკრებო დებიუტიც შორს არ უნდა იყოს. ტაიმის დარჩენილ დროში დინამოს კიდევ რამდენჯერმე შეექმნა საგოლე შანსი, მაგრამ შესვენებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა.

მეორე ტაიმი საპოვნელამ ორმაგი ცვლილებით დაიწყო, მირიან გეწაძემ მოედანზე შალვა ცქიფურიშვილი და საბა თავაძე შეუშვა, მაგრამ მათ გამოჩენას შეხვედრის მიმდინარეობა ოდნავადაც არ შეუცვლია. 50-ე წუთზე კი მესამე გოლი გავიდა, იაშვილის მორიგი ეფექტური გადაცემის შემდეგ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა ჯიმშელეიშვილმა და 27-ე ჩემპიონატის პირველი ავტოგოლიც ვიხილეთ.

გია გეგუჩაძეს რამდენიმეწუთიან ინტერვაშლი ორი იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუწია. ჯერ კიტეიშვილი ჭანტურიშვილმა შეცვალა, რომელიც ცოტა ხანში ულამაზესი საგოლე გადაცემის ავტორი გახდა, შემდეგ კი სლოვაკი კიპერი ჰრდლიჩკა გიორგი ბეგაშვილმა ჩაანაცვლა. 

დინამოს პრობლემები ამით არ ამოწურულა, ცოტა ხანში მესამე იძულებითი ცვლილების დრო დადგა. პრაქტიკულად მოგებულ შეხვედრაში არაფრისთვის გაიძევა თავი რენე ფერეირამ და გეგუჩაძემაც იაშვილის ნაცვლად ცენტრალური მცველი გიორგი გველესიანი ჩართო თამაშში. მართალია, ფერეირას გაძევება საპოვნელასთან პრობლემა არ გმხდარა, მაგრამ სწორედ ასეთი სულელური გაძევებების გამო დინამომ ორივე თამაში რიცხობრივ უმცირესობაში დაასრულა აზერბაიჯანულ გაბალასთან და მეტწილად სწორედ ამის გამო დაემშვიდობა ევროტურნირებს ნაადრევად. სწორედ საქართველოს ჩემპიონატში უნდა მიეჩვიონ ფეხბურთელები თავისი ემოციების კონტროლს, თორემ ევროტურნირებზე მათ არავინ დაინდობს და კვლავ დააღალატებენ თავიანთ კლუბებს.

იაშვილი კი რომელიც მოედანზე თავის კლასით აშკარად გამორჩეული იყო და გულშემატკივარმა დამსახურებული აპლოდისმენტებით გააცილა. რამდენიმე წუთში კი ზემოთ ნახსენები ჭანტურიშვილის დიდებული გადაცემის შემდეგ ჯიღაურმა დუბლი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, თუმცა საგოლე მომენტები ამის შემდეგაც მრავლად იყო. მარტო მათე ცინცაძეს ორჯერ შეეძლო გატანა. პირველად მისი დარტყმული მცველებმა გამოიტანეს ცარიელი კარიდან, მეორედ კი მეკარემ განმუხტა სიტუაცია. კარგი შანსი ჰქონდა გიორგი ქვილითაის, მაგრამ მისი შორიდან გასროლილი გიორგაძემ აკრობატულ ნახტომში მოიგერია. საპოვნელას კარს ასევე დაემუქრნენ ჯიღაური და ჭანტურიშვილიც, მაგრამ მასპინძლებმა მეტი ვეღარ გაიტანეს.

თავის მხრივ, თერჯოლელებსაც შეეძლოთ პრესტიჟის გოლის გატანა. ერთ ეპიზოდში გაიტანეს კიდეც, მაგრამ ჯენერი ხორავამ, რომელიც თავის ასისტენტებთან ერთად საკმაოდ კარგად გაუძღვა შეხვედრას გოლი თამაშგარის გამო გააუქმა. გიორგი ბუხაიძის თავურის შემდეგ დინამო ხარიხამ იხსნა, ერთ მომენტში კი მშვენივრად გაისარჯა ბეგაშვილი, რომელმაც ახლო მანძილიდან დარტყმული რთული ბურთი მოიგერია.

საბოლოოდ, დინამომ დამსახურებულად მოიგო დიდი ანგარიშით, თუმცა საპოვნელასადმი პატივისცემის მიუხედავად, თერჯოლელთა ძლევა ვერ იქნება საკმარისი დინამოს რეალური ძალის შესაფასებლად. გია გეგუჩაძის გუნდმა შემდეგ შეხვედრებში უნდა დაამტკიცოს, რომ საქართველოში კვლავინდებურად უპირველესი ფავორიტია. მომდევნო ტურში კი დინამოს 21 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დედაქალაქური დერბი ელის ლოკომოტივთან. 

საპოვნელამ ოთხბურთიანი სხვაობით წაგების მიუხედავად, ნამდვილად არ დატოვა ისეთი შთაბეჭდილება, ვინმემ რომ იოლად დაგეგმოს მასთან ქულები. უნდა ველოდოთ, რომ მირიან გეწაძის გუნდი, რომელმაც ყოველგვარი პრობლემის გარეშე მოიგო პირველი ლიგის ჯგუფი, არაერთ სურპრიზს შემოგვთავაზებს. მეორე ტურში კი საპოვნელა სამტრედიას უმასპინძლებს და იმერულ დერბის ნამდვილად არ მოაკლდება საფეხბურთო დაძაბულობა.

გია გეგუჩაძე: „შევასრულეთ დასახული ამოცანა და ჩემპიონატი გამარჯვებით დავიწყეთ. ორი ტრავმისა და ერთი გაძევების გამო სამი იძულებითი ცვლილების განხორციელება მოგვიწია. შემდეგ თამაშებში კი მეტი გონიერების გამოვლენა გვმართებს“.

პაატა ძნელაძე