საქართველოს ეროვნული ნაკრების უახლოეს მატჩამდე 18 დღე დარჩა და მალე კახა ცხადაძე გაფართოებულ შემადგენლობასაც გამოაცხადებს. საქართველო 4 სექტემბერს თბილისში შოტლანდიას უმასპინძლებს, ხოლო სამ დღეში ირლანდიასთან დუბლინში მოუწევს დაპირისპირება.
ცხადაძემ ნაკრებში დააბრუნა გიორგი მაკარიძე – 25 წლის მეკარე, რომელიც პორტუგალიურ ფეირენსეში თამაშობს. მაკარიძე 17 წლისა იყო, როცა კლაუს ტოპმიოლერმა ეროვნულ გუნდში დააწინაურა და შეგახსენებთ, სწორედ ის იდგა კარში საქართველო-შოტლანდიის მატჩში, რომელიც ჩვენებმა 2:0 მოიგეს. გიორგი რამდენჯერმე თემურ ქეცბაიამაც გამოიძახა, თუმცა არ უთამაშებია.
“დიახ, ნაკრებში გამომიძახეს და ძალიან გამეხარდა. ფეირენსეში ბოლო თამაში გუშინ მქონდა, ავეშთან 2:2 დავასრულეთ. ორივე გოლი პენალტით გამიტანეს... აქედან, ერთი პენალტი ნამდვილად არ იყო დასანიშნი” – გვითხრა მაკარიძემ.
შევიტყვეთ, რომ ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული ბრემენის ვერდერის 23-წლამდელთა გუნდის ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილიც.
და ერთიც: კახა ცხადაძე გუშინწინ უკრაინაში გახლდათ და კიევის დინამო-ლვოვის კარპატის მატჩს (3:0) დაესწრო. რა თქმა უნდა, მას ბუბა დაუშვილის თამაში აინტერესებდა. ქართველი საყრდენი ამ შეხვედრაში შეუცვლელად გაისარჯა.
ილია ნანობაშვილი
გაუზიარე