სიახლეები

კანკავა რეიმსში: 4-წლიანი 4 ნომრით, კაპიტნის ახალი ცხოვრება და გამოწვევა

გაუზიარე

გასულ უქმეებზე ჯაბა კანკავა ოფიციალურად გახდა ფრანგული რეიმსის ფეხბურთელი. შამპან-არდენის რეგიონის კლუბმა საქართველოს ნაკრების კაპიტანი წარადგინა და 4-ნომრიანი მაისურაც გადასცა. 

რეიმსი ჯაბასთვის პირველი დასავლეთევროპული კლუბია. 29 წლის გულიანი ფეხბურთელი კარგი სახელით წავიდა დნიპროდან, სადაც შეუცვლელი ფიგურა იყო და სადაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. შარშანდელ ამბავს ვგულისხმობთ, როცა კიევის დინამოელი ოლეგ გუსევი მინდორზე სიკვდილს გადაარჩინა...   

კანკავა შეუცვლელი იყო გასულ სეზონში, რომელიც მისთვის და დნიპროსთვისაც განსაკუთრებული გამოდგა. აბა, ვინ იფიქრებდა, რომ ეს კლუბი ევროპის ლიგის ფინალამდე მიაღწევდა? თავად ჯაბამ გადაწყვიტა, რომ დადგა დრო, როცა გარემო უნდა გამოეცვალა. ერთია უკრაინა, მეორე – საფრანგეთი. ჯანიანმა საყრდენმა უკრაინაში კარგი სახელი დაიგდო და მოვიდა დრო, უფრო ძლიერ ჩემპიონატში გადასულიყო. 

ისე, იშვიათი კი არის, ასეთ ასაკში ქართველი ფეხბურთელი პოსტსაბჭოეთიდან დასავლეთ ევროპის გუნდში მიდიოდეს. მართალია, რეიმსი (ალბათ) ვერ მიაღწევს დნიპროს დარ შედეგს, მაგრამ საფრანგეთი საფრანგეთია – იქ ხშირად ნახევარი ხელფასის სანაცვლოდაც მიდიან და ანაცვალებენ ხოლმე პოსტსაბჭოურ მილიონებს.      

რეიმსი ერთადერთი ფრანგული კლუბია, რომელსაც ორჯერ უთამაშია ჩემპიონთა თასის ფინალში, მაგრამ ორივეჯერ მადრიდის რეალთან წააგო: 1956 წელს 3:4, 1959 წელს – 0:2. “წითელ-თეთრები” 50-იან წლებში საფრანგეთის ნაკრების საბაზო გუნდს წარმოადგენდნენ, სადაც თამაშობდა დიდებული რაიმონდ კოპა, ასევე, ჟიუსტ ფონტენი, როჟერ პიანტონი, რობერ ჟონკე...

მერე კი რეიმსი ქვედა ლიგებშიც ხშირად მოგზაურობდა, ბოლო სამი სეზონია რაც დაბრუნდა უმაღლესში და ათეულს ზემოთ არ ასულა. და ახლა? ახლა სხვა მიზნები აქვთ, ევროტურნირებზე გასვლას უმიზნებენ. და თუ უფრო ძლიერ კლუბში გადასვლაა, კარგი თამაში თქვი, თორემ რეიმსიდანაც კარგად გადახვალ: რეიმსმა შარშან გჟეგოჟ კრიხოვიაკი გაყიდა სევილიაში.    

კანკავა გუშინ მარსელთან ვერ ითამაშებდა, რადგან განაცხადში არ იყო შეყვანილი. დიდი ალბათობით, მისი დებიუტი 22 აგვისტოს, ნანტთან გასვლით მატჩში შედგება. ანტუან დევო, ალექს პეჟე და კონგოელი პრინს ონიანგი – ეს სამეული წარმოადგენს ნახევარდაცვის ცენტრს და ქართველი, ალბათ, ერთ-ერთ მათგანს ჩააჩოჩებს.   

კანკავას ვინც იცნობს, დაგვერწმუნება: ჩუმი და მოკრძალებული პიროვნებაა. ვერ ვიხსენებ ინტერვიუს, ან ერთ ამონარიდს, საკუთარი თავის ქება რომ დაეწყოს თუნდაც მინიშნებით. 

“ისე ვერ ვარ, როგორც შარშან. საკუთარი თამაშით უკმაყოფილო დავრჩი”, – ყველაზე ხშირად მსგავს პათოსს ამოიკითხავდით ჯაბას კომენტარებში თუ ინტერვიუებში. 

ჯაბა არ ყვირის და ვისაც მხოლოდ ყვირილი მიაჩნია კაპიტნის მთავარ ღირსებად, შეიძლება თქვას, რომ ჯაბა არაა საკაპიტნო კაცი, მაგრამ ხომ ვიცით, რომ ასე არაა... ის არ ლაპარაკობს, საქმეს აკეთებს. 

ილია ნანობაშვილი