სიახლეები

ლაშა დვალიშვილი: გვეამაყება, რომ ჩვენი ქვეყანა ღირსეულად წარმოჩნდა

გაუზიარე

სუპერთასი - 2015 ჩვენი საერთო გამარჯვებაა!

თბილისური სუპერთასი უკვე ისტორიის კუთვნილებაა, მაგრამ მასზე კიდევ დიდხანს ისაუბრებენ როგორც ამ თასის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო თამაშზე. ბარსა-სევილიას მატჩი არამხოლოდ უხვგოლიანობით, არამედ მაღალი საორგანიზაციო დონითაც გამოირჩა, რაც გარეშე თვალისთვის შეიძლება არცთუ ძნელ საქმედ ჩანდეს, მაგრამ სინამდვილეში ეს ხანგრძლივი და მუხლჩაუხრელი შრომის შედეგია. გუშინ სუპერთასის მატჩის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელს ლაშა დვალიშვილს ვესაუბრეთ.

ყველა, შინაურიც და სტუმარიც აღიარებს, რომ სუპერთასის მატჩის თბილისში გამართვამ გაამართლა...

მთლიანობაში რომ შევაფასოთ, ესოდენ მაღალი რანგის მატჩი მართლაც უმაღლეს დონეზე ჩატარდა, რაც, ცხადია, დიდი და საერთო გარჯის შედეგია. შეხვდრის შემდეგ უეფას წარმომადგენლები ერთობ კმაყოფილები იყვნენ თამაშითაც და ორგანიზების ხარისხითაც. პრაქტიკულად არანაირი ხარვეზი არ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით ბარსელონასა და სევილიას ქომაგებს შორის მომხდარ მცირე ინციდენტს, რომელიც მალევე განიმუხტა.

სუპერთასის მატჩმა ყველას დაანახა, რომ თბილისი საფეხბურთო ქალაქია და აქ მსგავსი მასშტაბის შეხვედრებისა თუ ტურნირების ჩატარება უპრობლემოდ შეიძლება.

თამამად ვიტყვი, რომ იმ გუნდმა, რომელსაც დავალებული ჰქონდა სუპერთასის მატჩის ორგანიზება, მშვენივრად გაართვა თავი შეხვედრის მომზადების ურთულეს პროცესს, ეს კი ამ გუნდის წევრების პროფესიონალიზმზე მეტყველებს. ნათლად გამოჩნდა, რომ ფეხბურთის ფედერაცია მზადაა უმაღლესი რანგის ღონისძიებათა სამასპინძლოდ. პრობლემა, რომელიც გამოიკვეთა, ისაა, რომ თბილისის აეროპორტს არ აქვს მაღალი გამტარიანობა და არ გვაქვს იმ რაოდენობის მაღალი დონის სასტუმროები, რომლებიც საჭიროა ამ მასშტაბის ღონისძიებაის სტუმრების მისაღებად. ამ საკითხების მოგვარების შემთხვევაში უმაღლესი რანგის მატჩების ჩატარება თბილისში პრობლემა არ იქნება.

ასეთი დონის თამაშის მასპინძლობისას ძალიან მნიშვნელოვანია პასუხისმგებელი პირებისა და სტრუქტურების კომუნიკაციის მაღალი ხარისხი.

ვფიქრობ, თამაშმაც დაადასტურა, რომ ამ მხრივ ყველაფერი რიგზე იყო. მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში ნაყოფიერად ვთანამშრომლებდით როგორც მერიასთან, ასევე აეროპორტის მენეჯმენტთან, ძალოვან სტრუქტურებთან, სხვა ორგანიზაციებთან. თავადაც ნახავდით, რომ სტადიონზეც და მის გარე პერიმეტრზეც უსაფრთხოება საკმაოდ მაღალ დონეზე იყო დაცული. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვერდში გვედგა და თავისი წვლილი შეიტანა საერთო საქმეში.

ასეთი მასშტაბის ღონისძიების მასპინძლობა ვერ შეფასდება მხოლოდ წმინდა საფეხბურთო კუთხით _ ეს ხომ მთელი ქვეყნის პრესტიჟის საქმეცაა.

გეთანხმებით და ყველას, ვინც ჩართულები ვიყავით ამა თუ იმ მიმართულებით მატჩის ორგანიზებაში, გვეამაყება, რომ ჩვენი ქვეყანა ღირსეულად წარმოჩინდა არა მხოლოდ ევროპაში. ცოტა ხნის წინ თბილისში ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალი გაიმართა, რომელიც ასევე დიდი წარმატებით ჩატარდა და ეს ყველას გვახარებს, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ოლიმპიური ფესტივალი რამდენიმე Dდღე გრძელდებოდა, ხოლო სუპერთასის მატჩი ერთდღიანი ღონისძიებაა, ფაქტია, რომ მან უფრო დიდი რეზონანსი გამოიწვია და სწორედ ამაშია ფეხბურთის განსაკუთრებული ხიბლი, ძალა და ეფექტი. 

როგორც მატჩისშემდგომი კომენტარებიდან შევიტყვეთ, უეფასა და მონაწილე გუნდების წარმომადგენლები კმაყოფილები წავიდნენ თბილისიდან.

პირველი, რაზეც ესპანური გუნდების წარმომადგენლებმა გამოხატეს კმაყოფილება, იყო დინამო არენას მინდვრის საფარი, ასე რომ, დინამოს ხელმძღვანელობას მადლობა ეკუთვნის ამისთვის _ რაც მათზე იყო დამოკიდებული, თავი მშვენივრად გაართვეს. მატჩის შემდეგ ესპანელებს მადლობის მეტი არაფერი უთქვამთ ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებისთვის. კმაყოფილები წავიდნენ უცხოელი ქომაგებიც, რომლებსაც ჩვენი ქალაქი ძალიან მოეწონათ.

გახსნაც ეფექტური იყო...

საერთოდ, უეფას მიდგომა ასეთია _ გახსნის ცერემონიალი უნდა იყოს ხანმოკლე და დინამიკური. ასეც იყო და გეთანხმებით, რომ კარგი სანახაობა ვიხილეთ, რომელსაც არც მასშტაბურობა აკლდა და არც ხარისხი. ჩემი და, არა მხოლოდ ჩემი აზრით, ქართველი გულშემატკივარი დიდი ზეიმის მონაწილე გახდა და ამ ზეიმის მომწყობი ფეხბურთის ფედერაციის დღევანდელი ხელმძღვანელობა მხოლოდ მადლობას იმსახურებს ამისთვის.

ხანგრძლივი და შრომატევადი საორგანიზაციო პერიოდი დიდებული თამაშით დაგვირგვინდა.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თბილისური სუპერთასის თამაშის ხარისხი საუკეთესო იყო ამ თასის ისტორიაში. ნებისმიერ შემთხვევაში დაძაბული და მაღალი დონის თამაშის მომსწრენი გავხდებოდით, მაგრამ, აბა, წარმოიდგინეთ, მატჩი 0:0 რომ დასრულებულიყო, ანდა მხოლოდ ერთი გოლი გასულიყო _ ასეთ მართლაც რომ სუპერმატჩს ხომ ვენ ვნახავდით. გუნდებმა ნამდვილი საფეხბურთო სპექტაკლი დადგეს და სტადიონზე მყოფებმაც და მილიონობით ტელემაყურებელმაც ზღაპრული თამაში იხილეს. 

ბარსელონამ დამსახურებულად გაიმარჯვა, მაგრამ ფაქტია, რომ ქება სევილიასაც ეკუთვნის გაუტეხელობისა და იშვიათი ბრძოლისუნარიანობისთვის.

ბარსელონა რომ დღეს მსოფლიოში საუკეთესო გუნდია, კიდევ ერთხელ დადასტურდა, მაგრამ სევილიამაც დიდი სიმპათია დაიმსახურა. ასეთი დონის მეტოქესთან სამბურთიანი სხვაობით რომ აგებ და თამაშის დამთავრებამდე 30 წუთიღაა დარჩენილი, შეიძლება ბევრ გუნდს საერთოდ შეეწყვიტა ბრძოლა, მაგრამ სევილია არ წახდა, ბოლომდე შეინარჩუნა მებრძოლი სული. საერთოდაც, ეს გუნდი განსაკუთრებული წარმატებულობით გამოირჩევა ევროპის ლიგის ტურნირში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბოლო ცხრა წელიწადში ოთხჯერ მოიგეს ევროპის ლიგა და ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ბოლო წლებში მათი მთავარი პრიორიტეტი სწორედ სუპერთასის მოგებაა.

ბოლოს თბილისელ გულშემატკივრებზეც უნდა ვთქვათ. მათ ქომაგობის მაღალი კულტურა გამოავლინეს და მატჩის შემდეგ ორივე გუნდი ალალი ტაშით გააცილეს.

ყველაფერი ხომ, პირველ რიგში, მათთვის გაკეთდა! დიდი მადლობა სტადიონზე მოსულ ქომაგებს _ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ქართველი გულშემატკივარი ფეხბურთის შესანიშნავი მცოდნეა. ამიტომაც იყო, რომ, როგორც გამარჯვებული და ბევრისთვის საყვარელი ბარსელონა, ასევე სევილია ტაშით დააჯილდოვეს. არ ყოფილა სტადიონზე შევარდნის არც ერთი მცდელობა და ყველაფერმა ინციდენტების გარეშე ჩაიარა. ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ჩვენი ქომაგი დიდი ფეხბურთის ღირსია.

პაატა ძნელაძე