სიახლეები

საინტრესო ამბავი: გიორგი პაპუნაშვილი ვერდერში ფორვარდების უკან დააყენეს

გაუზიარე

გერმანიაში ქართველთაგან ბევრს უთამაშია. რეზი არველაძე, კახა ცხადაძე, ალექსანდრე იაშვილი, ლევან კობიაშვილი... ბოლომდე რომ ჩავყვეთ, კარგა ბლომად გამოვა.

ახლა კი გერმანიას კიდევ ერთი ქართველი შეემატა - გიორგი პაპუნაშვილი, საქართველოს ჩემპიონატის გამორჩეული მოთამაშე, რომელიც კარიერას ვერდერში გააგრძელებს.

ერთი საგულისხმო ფაქტიც - მივეჩვიეთ, რომ ქართველი ფეხბურთელი მაღალი დონის ევროპულ კლუბში თუ მოხვდება, ჯერ აუცილებლად სხვაგან უნდა გამოიჩინოს თავი და ისე გადავიდეს სახელიან ევროპულ კლუბში, თორემ პირდაპირ ქართული კლუბიდან ცნობილ ევროპულ გუნდში გადასაული ბოლოს გიორგი ქინქლაძე გვახსენდება.

გიორგი პაპუნაშვილი კი ვერდერში დინამო თბილისიდან გადავიდა და ეს ამ ტრანსფერის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია. 

რას ნიშნავს შენთვის დინამოდან ვერდერში გადასვლა? როგორ დაგხვდნენ ახალ კლუბში, როგორ მიგიღეს ? 

რა თქმა უნდა, უდიდესი გამოწვევაა და ვარჯიშზე ასპროცენტიანი კონცენტრირებაა საჭირო იმისთვის, რომ შენი შესაძლებლობები დაამტკიცო. კლუბში, რა ვიცი, ჩვეულებრივად - თბილად დამხვდნენ და ამ ბოლო ერთ კვირაში, რაც აქ ვარ, დადებითის გარდა სხვა შთაბეჭიდლება არ დამრჩენია.

დიდი სხვაობაა დინამოს და ვერდერის მოსამზადებელ პერიოდსა და ვარჯიშებს შორის? 

სიმართლე გითხრათ, დატვირთვის მხრივ ჯერჯერობით დიდი სხვაობა არ არის. 

ვერდერში წასვლის წინ დინამოს პრეზიდენტს პირისპირ ესაუბრე. როგორ დაგემშვიდობა პრეზიდენტი?

დიახ, ბატონ რომანს შევხვდი. მას გამგზავრებამდე ვესაუბრე - წარმატება მისურვა კარიერის ახალ ეტაპზე და მითხრა, რომ რაც შეიძლება მეტი დრო დავუთმო ვარჯიშს და მომზადებას, რასაც, რა თქმა უნდა, ვიზიარებ და ვხვდები, რომ თავდაუზოგავი შრომის გარეშე არაფერი გამოვა. მადლობა მინდა გადავუხადო კლუბის პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის, ყოველთვის მქონდა იმის განცდა, რომ იგი პირადად იყო დაინტერესებული ჩემი, როგორც ახლაგაზრდა ფეხბურთელის კარიერის სწორად წარმართვაში, რაც ნამდვილად კარგი მაგალითია სხვა საფეხბურთო მესვეურებისათვის.

საქართველოს ჩემპიონატის შემდეგ, როგორ ფიქრობ, გერმანიაში არ გაგიჭირდება?

წინასწარ ძნელი სათქმელია, ამას დრო და ჩატარებული მატჩები გვიჩვენებს.

როგორ გაკეთდა ეს ტრანსფერი, როგორ და ვინ დაუკავშირდა ვერდერს?

ჩვენი კლუბიდან ლევან ზუხბაია და მიხეილ ჯიკარიანი პირადი კავშირების გამოყენებით დაუკავშირდნენ ვერდერის ხელმძღვანელობას. ბრემენში ლევან ზუხბაია წამომყვა, გვერდში დამიდგა და ყველა ტექნიკური საკითხი ადგილზე მოაგვარა.

ახალი კლუბის ხელმძღვანელებს თუ ესაუბრე და რა გითხრეს? 

გუნდის მთავარ მწვრთნელს - ვიქტორ სკრიპნიკს პირადად შევხვდი და გულთბილად მესაუბრა, გარკვეული სახის რჩევებიც მომცა, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებ. ხელმძღვანელობასთან ყოველდღიური კონტაქტი მაქვს,  პირველ რიგში, კლუბის სპორტულ მენეჯერთან ტიმ ბოროვსკისთან, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას მაქცევს და ყველანაირად მეხმარება ადაპტირებაში.

ვერდერში რამდენიმე მატჩი უკვე ჩაატარე. გაგიჭირდა?

ვერ ვიტყვი, რომ გამიჭირდა, მართალია, ეს ამხანაგური მატჩები იყო, თანაც, ბოლო სეზონებიდან გამომდინარე, ჩემთვის უჩვეულო პოზიციაზე ვითამაშე, მაგრამ ფორვარდის უკან თამაში საინტერესო იყო.

ფიქრობ, რომ გერმანიაა ის ქვეყანა, სადაც შენი შესაძლებლობების მაქსიმუმს წარმოაჩენ?

რატომაც არა, გერმანიაში ყველა წინაპირობაა იმისთვის, რომ მაღალი დონის მოთამაშედ ჩამოყალიბდე -  ცხოვრების სტილი, თამაშის დონე და ზოგადად ის ატმოსფერო, რაც აქაურ ფეხბურთშია.

დინამოდან ჯერ ერთი წლით ხარ განათხოვრებული. რას იტყვი, რა იქნება ერთი წლის მერე?

ძალისხმევას არ დავიშურებ, რათა გამოწვევებს გავუმკლავდე და განვვითარდე, დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.

კობა ინასარიძე