სიახლეები

დებიუტანტმა გამარჯვებით დაიწყო

გაუზიარე

13 აგვისტო. თბილისი. მიხეილ მესხი (სათადარიგო). 700 მაყურებელი

ცხინვალი - საბურთალო 1:2

1:0 ცაცკრიალშვილი (45), 1:1 გოშთელიანი (60), 1:2 ხარაიშვილი (87)

ცხინვალი : ნადირაძე, ჭაფოძე, მაისაშვილი, კაკუბავა, ჯაფარიძე, მახარობლიძე(ბურძენაძე), ქარდავა(გიგაური), ცაცკრიალაშვილი, ლექვთაძე(შულაია), ივანიშვილი, კაჭარავა
სათადარიგოები: კერესელიძე, ცერცვაძე, ლობჯანიძე, ქოჩლაძე

მწვრთნელი :კახა კაჭარავა

საბურთალო : ქურდაძე, თოთაძე, მარგველაშვილი, მამუჩაშვილი(ფანცულაია), ჩაბრაძე, ალთუნაშვილი, გვარაძე(ბიძინაშვილი), სოფრომაძე(ნადარაია), ხარაიშვილი, გოშთელიანი, დვალი.
სათადარიგოები: ბეროშვილი, ღლონტი, ჩოჩიშვილი,

მწვრთნელი:  გია ჭიაბრიშვილი

გაფრთხილება: მამუჩაშვილი (12), ქარდავა (50), გოშთელიანი (58), მაისაშვილი (85), თოთაძე (90)

გაძევება: კაჭარავა (87)

მსაჯი:არსენ ნონიკაშვილი

 

საქართველოს 27-ე ეროვნული ჩემპიონატი გასული სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენის, ცხინვალისა და უმაღლესი ლიგის დებიუტანტის, საბურთალოს დაპირისპირებით გაიხსნა. ამ გუნდების ურთიერთშეხვედრებს დიდი ისტორია არ აქვს. კახა კაჭარავასა და გია ჭიაბრიშვილის გუნდები ერთმანეთს სულ ოთხჯერ შეხვდნენ და ორ-ორჯერ გაიმარჯვესორ ოფიციალურ დაორ ამხანაგურ შეხვედრაში.

მატჩის დაწყებამდე საქართველოს ეროვნული ჰიმნი აჟღერდა და ცხინვალისა და საბურთალოს კაპიტნებმა საქართველოს დროშა ერთობლივად აღმართეს. თამაში 17 საათზე, ჯერაც გვარიან სიცხეში დაიწყო და ამან გარკვეული დაღი ფეხბურთელების მოქმედებებს დაასვა, თუმცა, ზოგადად, ეროვნულმა ჩემპიონატმა კარგი სტარტი აიღო და სტადიონზე მოსულმა მაყურებელმაც სანახაობრივი თამაში იხილა.

პირველ ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, ბურთს ხან ცხინვალის, ხანაც საბურთალოს ფეხბურთელები აკონტროლებდნენ. მეტი გამოცდილების წყალობით კახა კაჭარავას გუნდს გარკვეულ მომენტებში უპირატესობა ჰქონდა, თუმცა სახიფათო მომენტების შექმნა მასპინძლებს მაინც უჭირდათ. გია ჭიაბრიშვილის ფეხბურთელები კი მოედნის ცენტრში ბურთზე კონტროლის დამყარებას ცდილობდნენ და დროდადრო სახიფათოდაც უტევდნენ. საბოლოო ანგარიშიდან და თამაშის ხარისხიდან გამომდინარე,საბურთალოს რამდენიმე ფეხბურთელმა კარგი მატჩი ჩაატარა, მათ შორის, გოლის ავტორებმა, ხარაიშვილმა და გოშთელიანმა, ასევე ახალგაზრდა მარგველაშვილმა, რომელიც 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელია. მარგველაშვილი დაცვის ცენტრში გამოცდილ თოთაძეს შეუწყვილდა და თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩნია. მიუხედავად იმისა, რომ ცხინვალელთა გოლი ცენტრალური მცველების შეცდომას მოჰყვა, თოთაძემაც და მარგველაშვილმაც კარგი მატჩი ჩაატარეს.

მატჩს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, საბურთალოს პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე და საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი კახა ცხადაძე ესწრებოდნენ. მათ გარდა, ტრიბუნაზე არაერთი ვეტერანი თუ მოქმედი ფეხბურთელი იმყოფებოდა.

უკვე ვთქვით, რომ ფეხბურთელებს შესაძლებლობების წარმოჩენაში ხელს გარკვეულწილად სიცხე უშლიდა და ეს უფრო პირველ ტაიმში ჩანდა. პირველი ნახევრის მიწურულს გუნდებმა მომენტები გაცვალეს, ხარაიშვილის შორეული დარტყმა ნადირაძემ კუთხურზე მოიგერია, ივანიშვილის გარღვევას და დარტყმას კი პირველი გოლი მოჰყვა. 45-ე წუთზე ივანიშვილი მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრასაჯარიმოში  და კარგადაც დაარტყა, თუმცა ქარდავამ იმარჯვა და ბურთი მოიგერია, დამატებაზე კი ყველას ცაცკრიალაშვილმა დაასწრო და 27-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი გოლიცგაიტანა.

ბევრად განსხვავებული და სანახაობრივი იყო მეორე ტაიმი. გუნდებმა არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს. საბურთალოს წინა ხაზში გამორჩეულად კარგად თამაშობდა გოშთელიანი, რომელიც 19-წლამდელთა ნაკრების წევრი და ერთ-ერთი ლიდერია. გოშთელიანი ჯაბა დვალის უკან მოქმედებდა და მცველებს ბევრ პრობლემას უქმნიდა, მე-60 წუთზე კი ცხინვალის საჯარიმოსთან კარგად გათამაშებული კომბინაციის შემდეგ ძლიერი დარტყმით ანგარიშიც გაათანაბრა.

გოშთელიანის გოლის შემდეგ კახა კაჭარავამ მოედანზე ერთ-ერთი ახალწვეული, შულაია ლექვთაძის ნაცვლად შეუშვა, ქარდავა კი გიგაურით შეცვალა. იყო მოლოდინი, რომ ცხინვალი შეუტევდა და დაწინაურებს შეეცდებოდა, თუმცა კაჭარავას გუნდს შეტევაში ბევრი არაფერი გამოსდიოდა. მიუხედავად იმისა, რომ მსაჯ არსენ ნონიკაშვილს ფეხბურთელებისთვის ბევრი ყვითელი ბარათი არ უჩვენებია, მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა, ორჯერ კი ფეხბურთელების უხეშობის გამო თამაში რამდენიმე წუთით შეწყდა. ნონიკაშვილის გადაწყვეტილებებს კახა კაჭარავა ემოციურად აპროტესტებდა, თამაშის მიწურულს კი ნონიკაშვილმა ცხინვალის მთავარი მწვრთნელი სულაც მოედნიდან გააძევა. ეს ეპიზოდი ხარაიშვილის გოლს მოჰყვა, რომელიც საბურთალოს ათიანმა პენალტით გაიტანა. 86-ე წუთზე ცხინვალელთა კარში თერთმეტმეტრიანი სამართლიანად დაინიშნა, გოლის გატანის შემდეგ კი კაჭარავამ ნონიკაშვილს ისეპიზოდიგაახსენა, როდესაც მსაჯმა საბურთალოს კარში თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა, ბურთი ხელზე მოხვდა საბურთალოს ერთ-ერთ ფეხბურთელს. კაჭარავს პროტესტს კი მისი მოედნიდან გაძევება მოჰყვა.

იმის გათვალისწინებით, რომ საბურთალომ ეროვნულ ჩემპიონატში სადებიტო მატჩი ჩაატარა და თანაც სტუმრად მოიგო, გია ჭიაბრიშვილი კმაყოფილი უნდა იყოს - მისი გუნდი გამართულ ფეხბურთს თამაშობს და მოგებაც დაიმსახურა, განსაკუთრებით კარგად ჩატარებული მეორე ტაიმის გამო. კახა კაჭარავამ კი მატჩის შემდეგ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რამაც გუშინდელი მატჩის შედეგი განაპირობა. ცნობილია, რომ ცხინვალს შეკრება უცხოეთში არ გაუვლია და მთელი ზაფხული, ევროტურნირების წინაც კი, თბილისში ემზადებოდა.

გია ჭიაბრიშვილი : პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ფეხბურთელებს. როცა ასე ცხელა, ძალიან ძნელია თამაში, თანაც, ეს მათთვის ეროვნულ ჩემპიონატში სადებიუტო მატჩი იყო. ბიჭებმა ყველაფერი გაიღეს. ველოდი თუ არა გამარჯვებას? ჩემი ფეხბურთელებისგან ყოველთვის ამას ველი. ამ სეზონის ამოცანაა, რომ გამოცდილება შევიძინოთ და უმაღლეს ლიგაში ადგილი შევინარჩუნოთ. დანარჩენს დრო გვიჩვენებს.

კახა კაჭარავა : მსაჯობით უკმაყოფილო ვარ. ყველაზე ცუდი ის არის, რომ, როდესაც მთავარ მსაჯს შეცდომა მოსდის, მოედნის მიღმა მდგომმა მეოთხე მსაჯმა უნდა უკარნახოს, კონკრეტულ შემთხვევაში ჯარიმა იყო თუ სხვა დარღვევა. ჩვენს სასარგებლოდ მსაჯმა თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა, როცა საბურთალოს ფეხბურთელს ბურთი ხელზე მოხვდა. რაც შეეხება ჩემს გაძევებას, მსაჯისთვის არანაირი შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, ამას ნონიკაშვილი ვერ იტყვის. უბრალოდ, ის შეცდომა გავაპროტესტე, რომელიც მან დაუშვა. თავად განსაჯეთ, შეიძლება თუ არა ამის გამო მწვრთნელის გაძევება. რაც შეეხება უშუალოდ თამაშს. პირველ ტაიმში ჩემმა გუნდმა აშკარად უკეთესად ითამაშა, მეორე ტაიმში კი საბურთალომ გვაჯობა, რომელიც საკმაოდ კარგი გუნდია. ჩემს გუნდს შეკრებაც არ გაუვლია და ფეხბურთელები კიდევ კარგად თამაშობენ. ვფიქრობ, რომ არა მსაჯის შეცდომები, ფრე ლოგიკური შედეგი იქნებოდა.

ცხინვალისა და საბურთალოს მატჩისთვის ცხინვალის პრესსამსახურის წევრების, ჯემალ ჭიპაშვილისა და იაკობ დალაქიშვილის ინიციატივით მომზადდა მატჩის პროგრამა, რომლითაც ქომაგი გაეცნობა გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორიას, სტატისტიკას, მომდევნო მატჩების განრიგსა და გუნდების ფეხბურთელების ფოტოებს. პროგრამა ცხინვალის ყველა საშინაო შეხვედრისთვის მომზადდება, როგორც ეროვნული ჩემპიონატის, ისე საქართველოს თასის ეგიდით ჩატარებული მატჩებისას.

ოთო მუმლაძე