სიახლეები

გიორგი ქინქლაძე: მარადონას დიდი თაყვანისმცემელი ვარ, მაგრამ მესი ფენომენია

გაუზიარე

უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაქვეყნა ჩვენი კოლეგის, ვახტანგ ბზიკაძის ორი ინტერვუ _ კახა კალაძესთან და გიორგი ქინქლაძესთან. ინტერვიუები მომზადდა და გამოქვეყნდა სუპერთასის მატჩამდე, თუმცა ვფიქრობთ, ქართველი გულშემატკივრებისთვის ახლაც საინტერესო იქნება. 

„უკვე 17 წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც გიორგი ქინქლაძემ მანჩესტერ სიტი დატოვა, მაგრამ დღემდე რჩება კლუბის საკულტო ფიგურად. იგი ქართველი და ინგლისელი გულშემატკივრების კერპი იყო, ორჯერ დაასახელეს საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად. ახლა ქინქლაძე 42 წლისაა და მის სამშობლოში გასამართი სუპერთასის მატჩის ელჩია“, - ვკითხულობთ ინტერვიუს შესავალში.

რას ნიშნავს ქართული ფეხბურთისთვის ევროპის სუპერთასის მასპინძლობა?

ეს მთელი ქვეყნისთვის უდიდესი პატივია. დიდ მადლობას ვუხდი უეფას, საქართველოს მთავრობასა და ჩვენს ფეხბურთის ფედერაციას, რომელთა ერთობლივი ძალისხმევითაც თბილისში ამ რანგის მატჩი ტარდება. ეს ჩვენს ქვეყანას ბევრ სიკეთეს მოუტანს.

თბილისში ფეხბურთი პოპულარულია?

თბილისი დიდი საფეხბურთო ქალაქია განსაკუთრებული გულშემატკივრებით. საკმარისია, ფეხბურთელს 10-15 წუთით შეხედონ, მაშინვე ზუსტად გეტყვიან, რა დონის მოთამაშეა. მატჩები და ფეხბურთელები, რომლებიც მათ უნახავთ, ღრმა საფეხბურთო ცოდნას განაპირობებს. ბოლო პერიოდში ისინი იშვიათად განიცდიან იმგვარ ემოციებს, როგორსაც ინგლისელი, ჰოლანდიელი თუ გერმანელი ფანები ყოველ უქმეებზე. ასეთი განცდები დღეს უმეტესად ეროვნულ ნაკრებს მოაქვს, სამაგიეროდ, წარსულში სულ სხვაგვარად იყო საქმე. ქართველი გულშემატკივრები განსაკუთრებით ემოციურები არიან, ფეხბურთი კი საქართველოში ყოველთვის იყო სპორტის ნომერი პირველი სახეობა.

როცა პატარა იყავით, რომელი ქართველი ფეხბურთელები ბრწყინავდნენ?

დინამო თბილისის თითქმის ყველა ფეხბურთელი ჩვენთვის გმირი იყო, ჩემთვის კი მისაბაძი მაგალითი დავით ყიფიანი გახლდათ. როცა ფეხბურთელი გავხდი, საშუალება მომეცა, მასთან ერთად ეროვნულ ნაკრებში მემუშავა. ყიფიანი დიდოსტატი იყო როგორც ფეხბურთელის, ასევე მწვრთნელის რანგში. ის ნამდვილი ათი ნომერი იყო. რაც შეეხება მის ტექნიკასა და სტილს, ამით მხოლოდ მე კი არა, მთელი ქვეყანა იყო აღფრთოვანებული. მისნაირი ფეხბურთელები იშვიათად იბადებიან.

თქვენ საოცარი დრიბლინგით იყავით განთქმული. როგორ აფასებთ იმას, რასაც ლიონელ მესი ბურთით აკეთებს?

წაკითხული მაქვს ინტერვიუ სერ ალექს ფერგიუსონთან, სადაც იგი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელებს ასახელებს. მან თქვა, რომ მესი სულ სხვა კატეგორიიდანაა. დიეგო მარადონას დიდი თაყვანისმცემელი ვარ, მაგრამ მესი ფენომენია. მისი საკლუბო მიღწევები, უბრალოდ, დაუჯერებელია. შეიძლება, ვინმემ მის დონეზე ერთი ან ორი სეზონი ითამაშოს, მაგრამ არამც და არამც – ამდენი წელი. მან საფეხბურთო ოსტატობის თამასა სულ სხვა სიმაღლეზე ასწია.

რას ფიქრობთ ბარსელონა-სევილიას მატჩზე?

დიდი კლუბებისთვის ტიტულების დაგროვება ყოველთვის პრიორიტეტია, ბარსელონასთვის კი წინა სეზონი ბრწყინვალე იყო. ვფიქრობ, ბარსელონას თამაშის სტილი სუპერთასის მატჩს განსაკუთრებულ ხიბლს შესძენს. სევილიაც კარგი და სოლიდური კლუბია. მაისში მან თავისი მეოთხე ევროპის ლიგა მოიგო და სუპერთასი წმინდა ესპანურ საქმედ აქცია. ძალიან საინტერესო თამაშს ველი.

რას ნიშნავს ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ თამაში?

ეს ის სტადიონია, სადაც თამაში ყველაზე მეტად მიყვარდა და მსიამოვნებდა. ძალიან ნოსტალგიურად ვიხსენებ იმ დროს, როცა ამ მოედანზე გავდიოდი მატვეი ბლანტერის საფეხბურთო მარშის თანხლებით. სიტყვებით ვერ აღგიწერთ, რას ნიშნავდა ეს ჩემთვის.

რა არის თქვენი კარიერის ყველაზე ღირსშესანიშნავი მომენტი?

ორ ეპიზოდს გამოვყოფდი – როცა თბილისის მრეტებიდან თბილისის დინამოში გადავედი და როცა მანჩესტერ სიტისთან კონტრაქტი გავაფორმე.

ამჟამად ქართული კლუბის, ცხინვალის სპორტული დირექტორი ხართ, რომელმაც თავის ისტორიაში პირველად ითამაშა ევროპის ლიგის თასზე.

ახალგაზრდული გუნდი გვყავს და ამ ეტაპზე დიდ შედეგებს არ ველით. თუმცა ევროპის ლიგაზე რუმინული ბოტოშანის წინააღმდეგ ბიჭებმა მაქსიმალური ძალისხმევით ითამაშეს. სამწუხაროდ, ამ ეტაპის დასაძლევად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. არ გვყავს იმ დონის ფეხბურთელები, რომლებსაც ქართველი გულშემატკივარია მიჩვეული. ჩემთვის ძალიან საწყენია, რომ ქართულ ფეხბურთს ცუდი პერიოდი უდგას, მაგრამ ვიმედოვნებ, ამ სიტუაციიდან გამოვალთ, თუნდაც ამას დრო დასჭირდეს.

ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებს რას ურჩევთ?

უნდა გიყვარდეთ ის, რასაც აკეთებთ. ფეხბურთელი ვარჯიშისა და თამაშის გარდა არაფერზე უნდა ფიქრობდეს. ბუნებრივია, მას სათანადო პირობებიც სჭირდება. საქართველოში ბევრი ტალანტი იბადება, მაგრამ მათ ნიჭი უნდა დახვეწონ, რათა მაღალ დონეზე თამაში შეძლონ.

მოამზადა ლევან ჯანეზაშვილმა