სიახლეები

დიმიტრი ბოკერია: ბარსელონამ თბილისი-მერიოტი სრულად დაჯავშნა

გაუზიარე
უკვე იგრძნობა დიდი საფეხბურთო ციებ-ცხელება, რომელიც აგვისტოს ტემპერატურასთან ერთად მატულობს. თბილისი ერთი დღით ევროპის საფეხბურთო დედაქალაქი იქნება და ქართველი ქომაგი მოუთმენლად ელის 11 ესპანური საფეხბურთო სპექტაკლის ქართულ ვერსიას. ბუნებრივია, ეს დღეს ყველაზე ცხელი სპორტული თემაა. ჩვენი კორესპონდენტი კობა ინასარიძე, ვინც ამ შეხვედრაზეა აკრედიტებული, მოამზადა მასალა, რომელიც მკითხველს ბევრ საინტერესო დეტალს აცნობს.

სუპერთასის მატჩისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული, საპატიო, ამავდროულად კი, ბევრისთვის საოცნებო საქმე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილების უფროსს, დიმიტრი ბოკერიას აკისრია. სუპერთასის მატჩზე ის ბარსელონასთან ურთიერთობის კოორდინატორია. მსოფლიოს უძლიერეს გუნდის დელეგაციას მასპინძლებთან, ანუ ქართულ მხარესთან და მატჩის ორგანიზატორებთან რაიმე კითხვა თუ გაუჩნდება, სწორედ დიმა ბოკერიაა ის, ვისაც თავდაპირველად უნდა მიმართოს. მან იცის ყველაფერი ის, რაც თბილისში ბარსელონას ორდღიან სტუმრობას ეხება და ამის თაობაზე მასზე უკეთ ვერავინ გვეტყვის... 

თავდაპირველი გეგმით, ბარსელონელები თბილისში ჩამოფრენას 9 აგვისტოს აპირებდნენ, მაგრამ შემდეგ ჩამოსვლის თარიღი შეცვალეს და 10-ში, შუადღით, ცხადია, ჩარტერული რეისით გვესტუმრებიან _ გვითხრა დიმა ბოკერიამ და განაგრძო, _ გუნდი თვითმფრინავის ტრაპიდან პირდაპირ სასტუმროში გაეშურება, სხვები, ანუ დალეგაციის წევრები კი ვიპ-გასასვლელებით ისარგებლებენ.

სევილიაც 10-ში ჩამოდის?

არა, სევილია 9 აგვისტოს ჩამოვა, ისე როგორც ადრე იყო დაგეგმილი.  

სად დაბინავდება ბარსელონა?

ბარსელონას დელეგაცია სასტუმრო `მერიოტში~ დაბინავდება. რამდენიმე ნომრის გარდა, მათ, ფაქტობრივად, მთლიანად დაჯავშნეს სასტუმრო. ბარსელონა 102 ნომერში გადანაწილდება. 

მართალია, რომ ფეხბურთელებთან ერთად მათი ოჯახის წევრებიც მოდიან?

დიახ. ერთი თვითმფრინავით ჩამოფრინდებიან ბარსელონას ფეხბურთელები, მათი ოჯახის წევრები, კლუბის ადმინისტრაცია, მომსახურე პერსონალი და ვიპ-სტუმრები. ისინი ყველანი `მერიოტში~ დაბინადებიან. ცალკე თვითმფრინავებით ჩამოფრინდებიან ბარსელონას ქომაგები, რომლებსაც, სხვა დამხვედრი ჰყავს. 

ბერლინში, ჩემპიონთა ლიგის ბოლო ფინალისას ბარსელონას თავისი საკლუბო ავტობუსი ემსახურებოდა, რომელიც ბარსელონიდან ჩაიყვანეს. თბილისშიც ასე იქნება?

გიდასტურებთ, ბარსელონა მართლაც აპირებდა თბილისში საკუთარი საკლუბო ავტობუსის ჩამოყვანას, მაგრამ მერე გადაიფიქრეს და გუნდს ავტობუსს ჩვენ დავახვედრებთ. 

„ნისანის“ ფირმის ავტობუსი მოემსახურება?

არა, „ნისანის“ წარმოებაში ავტობუსი ჯერ არ არის. ავტობუსის გარდა, ბარსელონას ყველა სხვა მომსახურე სატრანსპორტო საშუალება „ნისანის“ ფირმის იქნება. მოგეხსენებათ, `ნისანი~ სუპერთასის ერთ-ერთი სპონსორია. 

სუპერთასის მატჩისთვის რა განსაკუთრებული მოთხოვნა აქვთ კატალონიელებს?

გაგიკვირდებათ და, არაფერი განსაკუთრებული. ქართულმა მხარემ ბარსელონასგან უკვე ისეთი ნდობა მოიპოვა, რომ წყალსაც კი ჩვენ ვახვედრებთ, არადა, მიღებული პრაქტიკაა, რომ დიდ გუნდებს უცხოეთში თამაშისას წყალი თავად მიაქვთ. წყალთან ერთად მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებმა ვიტამინიზებული სასმელი „იზოთრონიქსი“ მოითხოვეს. ასევე, სპეციალური ინვენტარი ვარჯიშებისთვის, რაც აბსოლუტურად ჩვეულებრივი ამბავია.  

როდის და სად ივარჯიშებს ბარსელონა?

ბარსელონა ჩამოსვლის დღესვე „დინამო არენაზე“ ივარჯიშებს. თუ რომელ საათზე, ეს ჯერ დასაზუსტებელია. გარდა ამისა, თუ ამას განსაკუთრებულ მოთხოვნად ჩავთვლით, ბარსამ ერთი ვარჯიშიც თამაშის დღეს მოითხოვა. 11 აგვისტოს დილას ისინი `მიხეილ მესხზე~ ივარჯიშებენ. 

კვების მხრივ რა ხდება?

ორი დღის მენიუ ბარსელონამ „მერიოტის“ სამზარეულოსთან უკვე შეათანხმა. ესპანელებს თავისი მზარეული მოჰყავთ, თუმცა საკვების მომზადებაში მას ქართველები დაეხმარებიან. ბარსელონას წარმომადგენლების წინა ვიზიტისას მათ სასტუმროსთან სპეციალური მენიუ შეათანხმეს.

უსაფრთხოების თემასაც მივადექით...

ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. უსაფრთხოების მხრივ, როგორც ყველა სხვა მიმართულებით, თბილისი უმაღლეს დონეზეა მომზადებული. ვიმედოვნებ, ყველაფერი სათანადოდ გაწერილი გეგმის მიხედვით ჩაივლის. სტუმრებს ყველა მიმართულებით საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გააცილებენ. მეტოქეთა სასტუმროებთანაც დაცვის განსაკუთრებული ზომები იქნება მიღებული. გუნდებთან მიახლოება შეუძლებელი იქნება, ეს თავად ესპანელების მოთხოვნაა, ფეხბურთელები არავინ უნდა შეაწუხოს, ამიტომ სასტუმროების ირგვლივ პერიმეტრი მკაცრად იქნება გაკონტროლებული.

ანუ ავტოგრაფებისა და სელფების მსურველები ხელცარიელნი დარჩებიან? 

დიახ, თავად გუნდებმა მოითხოვეს, რომ ქომაგებმა არ შეაწუხონ. სხვათა შორის, ბავშვებისგან სიკეთისა და სითბოს გარდა რას უნდა ელოდო, მაგრამ ამ შემთხვევაში გუნდები ნომერ პირველ საფრთხეს სწორედ ბავშვებში ხედავენ, რადგანაც სწორედ ისინი ითხოვენ გაუთავებლად სელფებსა და ავტოგრაფებს. წარმოიდგინეთ, ფეხბურთის ვარსკვლავების მდგომარეობა, როცა მათ ასეულობით ბავშვი სთხოვს სელფის გადაღებასა და ავტოგრაფის მიცემას, მეორე თუ იმავე დღეს კი სუპერთასის მატჩი აქვს სათამაშო...

როდის მიემგზავრება ბარსელონა?

თამაშის დამთავრებისთანავე გუნდი სტადიონიდან პირდაპირ აეროპორტში მიდის. როგორც ხდება ხოლმე, მომსახურე პერსონალი ბარგს გუნდს გზაში დააწევს. 

კობა ინსარიძე