სიახლეები

დიღმურ სპარინგში მასპინძლებმა იმარჯვეს

გაუზიარე

დიღმის საწვრთნელ ბაზაზე დინამო თბილისმა მორიგი საკონტროლო მატჩი ჩაატარა. გია გეგუჩაძის გუნდმა ბოლნისის სიონს უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.

ანგარიში მატჩის მე-18 წუთზე მათე ცინცაძემ გახსნა. დინამოს ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილის მიერ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს თავით მიუჩინა ადგილი სოსლან ნანიევის კარში. პირველი ტაიმის ბოლოსკენ გიორგი თევზაძის პასით მეკარესთან პირისპირ გიორგი ქვილითაია გავიდა, რომელიც წესების დარღვევით შეაჩერეს და მსაჯმაც პენალტი დანიშნა. თუმცა თერთმეტმეტრიანი ალექსანდრე იაშვილმა ვერ გამოიყენა. 

მეორე ტაიმის დასაწყისში ორი გოლი გავიდა. ჯერ კობა შალამბერიძემ გაათანაბრა ანგარიში, შემდეგ კი მათე ცინცაძის პასი ჯაბა ჯიღაურმა გამოიყენა და მასპინძლები კვლავ დაწინაურდნენ. 

55-ე წუთზე დინამომ კუთხური მოაწოდა, გიორგი ქვილითაიამ ყველას დაასწრო და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. შეხვედრის მიწურულს ქვემოქართლელებს სხვაობის შემცირება შეეძლოთ, მაგრამ კობა შალამბერიძის დარტყმული ჯერ გიორგი ბეგაშვილმა, შემდეგ კი კარის ხარიხამ მოიგერია. 

14 აგვისტოს, საქართველოს ჩემპიონატის პირველ ტურში, დინამო თერჯოლის საპოვნელას უმასპინძლებს, სიონი კი ლანჩხუთში გურიას ესტუმრება. 

დინამო-სიონი 3:1

გოლები: 1:0 ცინცაძე (18), 1:1 შალამბერიძე (46) 2:1 ჯიღაური (47), 3:1 ქვილითაია (55)

დინამო: ჰრდლიჩკა (ბეგაშვილი 68), კაკაბაძე (ტვილდიანი 62), რენე ფერეირა, ჭელიძე, თევზაძე (გურული 62), ცინცაძე (გველესიანი 62), პარუნაშვილი, ჯიღაური, კიტეიშვილი (ჯანელიძე 62), იაშვილი (არაბული 62), ქვილითაია (ვოლკოვი 62)

სიონი: ნანიევი, ფოფხაძე, სვანიძე, კილასონია, საჯაია, გაფრინდაშვილი, გოგობერიშვილი, მოსემღვდლიშვილი, შალამბერიძე, მიქაბერიძე, ისიანი

შეცვლაზე შევიდნენ: გიორბელიძე, ა. მესხი, მანჯგალაძე, მანაგაძე, ოთარაშვილი, ც. მესხი, ჭიკაიძე.

ლევან ჯანეზაშვილი