სიახლეები

კაშიას ვიტესში დარჩენა სურს

გაუზიარე

საქართველოს ნაკრებისა და არნემის ვიტესის ცენტრალურმა მცველმა ჰოლანდიელ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვიტესში თავს კარგად გრძნობს და არსად წასვლას არ აპირებს:“აქ კომფორტულად ვგრძნობ თავს და სხვაგან წასვლა არ მინდა, მაგრამ ეს მარტო ჩემი გადასაწყვეტი არ არის. კლუბის წარმომადგენლებთან ერთად ყველაფერზე დეტალურად მოვილაპარაკებთ და ამის შემდეგ გავარკვევთ, თუ რა მსურს მე და რა _ კლუბს. აქ ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს და თავს შინაურად ვგრძნობ.“

შეგახსენებთ, რომ გურამ კაშია ვიტესში 2010 წლიდანაა და ამ პერიოდში გუნდის ლიდერი და კაპიტანი გახდა. ჰოლანდიის ჩემპიონატი ხვალ იწყება, პირველ ტურში ვიტესი ტილბურგს უნდა სწვეოდა, მაგრამ იმის გამო, რომ დღეს არნემელებს ევროპის ლიგის განმეორებითი შეხვედრა აქვთ ინგლისურ საუთჰემპტონთან, ტილბურგთან თამაში გადაიდო. ინგლისელებთან კი პირველი, საგარეო თამაში ვიტესს 0:3 აქვს წაგებული და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად კაშიას და მის თანაგუნდელებს გმირობის ჩადენა მოუწევთ.

პაატა ძნელაძე