სიახლეები

თომაშვილი თითქმის ცხინვალელია

გაუზიარე

თბილისის დინამოს, გორის დილასა და სამტრედიას ყოფილი მცველი გულვერდ თომაშვილი ცხინვალში ვარჯიშობს და, როგორც ცნობილი გახდა, კონტრაქტის გაფორმება დროის საქმეა. ცხინვალელთა მთავარი მწვრთნელი კახა კაჭარავა წლების განმავლობაში იყო თომაშვილის დამრიგებელი თბილისის დინამოში და მის ზრდაში დიდი წვლილიც მიუძღვის. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ კახა კაჭარავას მისი დამატება სურს: “თომაშვილის დონის ფეხბურთელები ჩვენს ჩემპიონატში ბევრნი არ არიან და ის თუ ჩვენთან გააგრძელებს კარიერას, ამას მხოლოდ მივესალმები. კონტრაქტის გაფორმება ორივე მხარეს სურს და, სავარაუდოდ, ამას ხელს ვერაფერი შეუშლის. მისი სახით მართლაც ძალას ვიმატებთ.” _ გვითხრა კაჭარავამ.

თომაშვილის კარიერის საუკეთესო წლები თბილისის დინამოს უკავშირდება. ბოლო პერიოდში ტრავმებმა დიდი დრო დააკარგვინა, ახალი სეზონი ქუთაისის ტორპედოში უნდა დაეწყო და ქუთაისში ვარჯიშობდა კიდეც, მაგრამ ბოლო მომენტში ცხინვალს მიაშურა და, სავარაუდოდ, ჩემპიონატს ამ გუნდში დაიწყებს.

პაატა ძნელაძე