სიახლეები

ჟურნალისტებს 10 და 11 აგვისტოს ელოდებიან

გაუზიარე

გუშინ მუსკომედიის თეატრის ჰოლში 11 აგვისტოს სუპერთასის მატჩის სააკრედიტაციო ცენტრი გაიხსნა. ჯერჯერობით აკრედიტაცია უეფას საორგანიზაციო კომიტეტის, ლოკალური ორგკომიტეტის, ფეხბურთის ფედერაციის, დინამოს  სტადიონისა და მატჩზე მომუშავე კონტრაქტორი კომპანიის თანამშრომლებზე გაიცემა. უნდა ითქვას, რომ სულ აკრედიტაციის შვიდი სახეობა არსებობს. გაგიკვირდებათ და, ზოგი მათგანი სულაც არ ითვალისწინებს მატჩის ყურების უფლებას, ანუ მრავალ მათგანს დამსწრეთა, მონაწილეთა, საპატიო სტუმართა თუ ჟურნალისტთა მომსახურება ევალება.. სააკრედიტაციო სივრცე 7 ზონადაა დაყოფილი: მედია, სამაუწყებლო, ოპერაციული, მონაწილეთა, სერვისების და ა.შ. ჩვენი კოლეგებისთვის, ბუნებრივია, ყველაზე მნიშვნელოვანი მედიააკრედიტაციის თემაა. ჟურნალისტები აკრედიტაციას 10 და 11 აგვისტოს გაივლიან.

ამრიგად, სააკრედიტაციო ცენტრს განსაკუთრებული დატვირთვა თამაშის წინა დღეს, 10 აგვისტოს ექნება, როცა ჟურნალისტთა აკრედიტაციების გაცემა დაიწყება და თბილისში ჩვენი უცხოელი კოლეგებიც ჩამოვლენ. ჩვენი რჩევაა, ჩვენმა კოლეგებმა დროულად გაიარონ 10 აგვისტოს აკრედიტაცია, რათა შეძლონ მონაწილე გუნდების ვარჯიშსა და პრესკონფერენციაზე დასწრება. შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტებმა უნდა წარმოადგინონ პასპორტი ან პირადობის მოწმობა და უეფადან მიღებული აკრედიტაციის დადასტურების ასლი.

უკვე დაიხურა დინამო არენას ყველა კარი და შიდა პერიმეტრზე გადაადგილება მხოლოდ საგანგებო საშვებითაა ნებადართული. 

დინამო არენაზე ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს, 11 აგვისტოს ქვეყნის მთავარი არენა ისეთი გაკოხტავებული დაგხვდებათ, შესაძლოა, ცნობა გაგიჭირდეთ. 

შეგახსენებთ, რომ 11 აგვისტოს მატჩის მონაწილე ორივე გუნდი თბილისში 9 აგვისტოს ჩამოფრინდება. 

კობა ინასარიძე