სიახლეები

თბილისის გზამკვლევი – ევროპელ ქომაგებს უეფასგან

გაუზიარე

უეფამ ევროპის სუპერთასის მატჩზე დამსწრები სტუმარი ქომაგებისთვის საგანგებო გზამკვლევი (როგორც ინგლისურად უწოდებენ, Guide) გამოსცა, რომელიც საკუთარ ვებგვერდზეც განათავსა და ბეჭდურ ვერსიადაც გაავრცელებს. გზამკვლევი ინგლისურენოვანია, თბილისში ბარსელონა-სევილიაზე ჩამომსვლელი უცხოური სტუმრებისთვისაა განკუთვნილი და მათ ჩვენი ქვეყნისა და დედაქალაქის შესახებ ინფორმაციასა და რჩევებს აწვდის. ბუკლეტში მოყვანილი ფაქტების უმრავლესობა, ჩვენთვის, ცხადია, ცნობილია, მაგრამ მაინც საინტერესო უნდა იყოს, როგორ აცნობს უეფა აქაურობას ბარსელონას, სევილიასა და არამარტო მათ ფანებს. ისიც ვთქვათ, რომ გზამკვლევი, როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება ხოლმე, ზოგიერთ ასპექტსი დეტალების დიდი სიზუსტით არ გამოირჩევა, მაგრამ, ზოგად ინფორმაციას კი აწვდის დაინტერესებულ მკითხველს.

ორგვერდიანი ბროშურა, რომელიც ფოტოებითა და თბილისის რუკითაა გაფორმებული, უეფას პრეზიდენტის, მიშელ პლატინის მისასალმებელი სიტყვებით იხსნება.

„როგორც უეფას პრეზიდენტს, მაქვს პატივი, მოგიწვიოთ საქართველოს დედაქალაქ თბილისში, წმინდა ესპანურ სუპერთასზე დასასწრებად. ბრწყინვალე საფეხბურთო საღამოს გარდა, თქვენ გაეცნობით და აღფრთოვანდებით ამ დიდებული ქვეყნის კულტურითა და ტრადიციებით.

ევროპის სუპერთასის ფინალი ტარდება მდიდარი საფეხბურთო ისტორიის მქონე ქვეყანაში. ეს მატჩი საზოგადოების ყველა ნაწილს მოიცავს. ჩვენ მოვიწვიეთ ქართველი და საქართველოს მეზობელი ქვეყნების ბავშვები უეფას ბავშვთა ფონდის ეგიდით. ვიმედოვნებთ, რომ გულშემატკივრები შეიგრძნობენ სამართლიანი თამაშის ატმოსფეროს, როგორც სტადიონზე, ასევე მის მიღმა.

ბოლოს, მადლობას ვუხდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, ქალაქ თბილისს, მოხალისეებს და, რა თქმა უნდა, გულშემატკივრებს, რომელთათვისაც, დარწმუნებული ვარ, მატჩი დაუვიწყარი იქნება“.

მიშელ პლატინი

უეფას პრეზიდენტი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თბილისში

თბილისი (ძველი სახელწოდება ტიფლისი) საქართველოს დედაქალაქი 1122 წლიდანაა (შეცდომაა, რედ.), თუმცა საუკუნეებით ადრე დააარსა იბერიის მეფე ვახტანგ გორგასალმა (ამის შემდეგ მოთხრობილია ლეგენდა თბილისზე, რედ.)

აბანოთუბანში მდებარეობს თბილისის განთქმული გოგირდის აბანოები, რომლებსაც  სამკურნალო და გამაჯანსაღებელი თვისებებით გამოირჩევა.

მდინარე მტკვრის სანაპიროზე გაშენებული თბილისი საქართველოს უდიდესი ქალაქია, მილიონნახევარი მცხოვრებით. თბილისი ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, ქალაქს თავისი ისტორიის განმავლობაში უამრავჯერ შესევია მტერი. დღესდღეობით თბილისი მნიშვნელოვანი საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი და დიდი სავაჭრო-ეკონომიკური მნიშვნელობის ქალაქია. 

თბილისის მრავალფეროვანი ისტორია და კულტურა ასახულია მის არქიტექტურაში, რომელიც წარმოადგენს შუასაუკუნეებისა და საბჭოთა პერიოდის ნიმუშებს.

ქალაქის სტუმრებს შორის ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს ძველი თბილისი, ნარიყალას ციხე-სიმაგრე, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, სინაგოგა, სიონის ტაძარი, სამების ტაძარი, მეჩეთი, ბოტანიკური ბაღი, ფუნიკულიორი, აბანოთუბანი, ბამბის რიგი, რუსთაველისა და აღმაშენებლის გამზირები. 

ბოლო პერიოდამდე თბილისში ღამის ცხოვრება თითქმის არ იყო, მაგრამ ახლა უკვე ბევრი კლუბი და ბარია ყველანაირი გემოვნებისა და ინტერესის მქონე სტუმრებისთვის. გერმანული, ავსტრიულ თუ ჩეხურ ლუდთან ერთად, შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ლუდიც, დატკბეთ ცოცხალი მუსიკით. საამისოდ ყველაზე კარგი ადგილებია ახვლედიანის (ყოფილი პეროვსკაიას), ქიაჩელისა და შარდენის ქუჩები. შარდენის ქუჩა ქალაქის ისტორიული უბანია, იქვეა არაერთი ღირსშესანიშნაობა.

იცოდით?

- საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია (GFF) დაარსდა 1990 წელს, ფიფასა და უეფას სრულუფლებიანი წევრი კი 1992 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გახდა.

- 1981 წელს, როცა დინამო თბილისმა ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიგო, ევროპის სუპერთასისთვის ლივერპულს უნდა შეხვედროდა, მაგრამ კლუბები ორმატჩიანი ფინალის თარიღებზე ვერ შეთანხმდნენ.

- ბევრი ქართველი ტოპფეხბურთელი, მაგალითად, დავით ყიფიანი, მიხეილ მესხი, მურთაზ ხურცილავა, შოთა არველაძე, კახაბერ კალაძე, გიორგი ქინქლაძე, თემურ ქეცბაია და ლევან კობიაშვილი, თამაშობდა დინამო თბილისში, იმ სტადიონზე, სადაც ევროპის 2015 წლის სუპერთასის მატჩი გაიმართება.

ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა

სტადიონი პირველად 1936 წელს გაიხსნა და 23 000 მაყურებელს იტევდა. 1976 წლის მოდერნიზაციის შემდეგ ტევადობა 75 000-მდე გაიზარდა, თუმცა 2007 წლის (უნდა იყოს 2006 წელი, რედ.) რეკონსტრუქციის შემდეგ 54 000-მდე შემცირდა. თავდაპირველად სტადიონს საბჭოთა მილიციის შეფის, ლავრენტი ბერიას სახელი ერქვა, შემდეგ ვლადიმირ ლენინის სახელობისა იყო, 1991 წლიდან კი ბორის პაიჭაძე ეწოდება. პაიჭაძე გასული საუკუნის 40-იან წლებში დინამო თბილისის უმთავრესი ფიგურა იყო.

როგორ მოვხვდეთ თბილისში

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ქალაქის ცენტრიდან 20 კილომეტრში მდებარეობს და ამ მანძილის დაფარვის არაერთი საშუალება არსებობს.

ყველაზე მოსახერხებელი გზაა, წინასწარ იზრუნოთ აეროპორტიდან ტრანსფერზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თბილისში ღამით ჩაფრინდებით. დილის 8-დან საღამოს 8 საათამდე აეროპორტიდან ქალაქის ცენტრისკენ დადის ავტობუსი ნომერი 37, რომელიც 1 ლარი, ანუ დაახლოებით 40 ევროცენტი ღირს (სინამდვილეში, 50 თეთრი ღირს, რედ.). შეიძლება, ამ ავტობუსმა ზუსტად თქვენთვის სასურველ ტერიტორიამდე არ მიგიყვანოთ, მაგრამ ქალაქის ცენტრში სხვა ავტობუსზე გადაჯდებით და დანიშნულების ადგილამდე ამგვარად მიაღწევთ.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტს რკინიგზის საკუთარი სადგური აქვს. ძალიან კომფორტული და თანამედროვე მატარებელი (სინამდვილეში, მთლად ასე როდია და იმედია, ბევრი ტურისტი ამას საკუთარი თვალით არ ნახავს, რედ.), რომელიც 100 მგზავრს იტევს, თბილისის ცენტრალურ სადგურში მიგიყვანთ. მგზავრობას მხოლოდ 20 წუთი სჭირდება, მატარებელი კი ყოველ 40 წუთში დადის (შეცდომაა: დღე-ღამეში მხოლოდ ორჯერ, რედ.). ბილეთი მხოლოდ 2,5 ლარი (1 ევრო) ღირს.

(ამის შემდეგ დეტალურად არის აღწერილი, როგორ შეიძლება საქართველოსა და შემდეგ თბილისში მოხვედრა როგორც საგზაო, ასევე სარკინიგზო საშუალებებით, ასევე ნათქვამია, რომ თბილისში სასტუმროს ნომრის მინიმალური ღირებულებაა 70 ლარი, რედ.).

მატჩის დღე

თბილისი სტუმართმოყვარე და მეგობრული ქალაქია. საუკუნეების წინ აქ ბევრი განსხვავებული ეროვნებისა და რელიგიის ხალხი დასახლდა.

თბილისი მზადაა, გულთბილად უმასპინძლოს ფეხბურთის გულშემატკივრებს მთელი ევროპიდან, განსაკუთრებით კი იმ კლუბების ქომაგებს, რომლებიც ევროპის სუპერთასს გაითამაშებენ. კლუბების გულშემატკივრები მატჩის დღეს ორ სხვადასხვა ადგილზე შეიკრიბებიან – ბარსელონას ფანები მეიდანზე, ხოლო სევილიას ქომაგები ვერის პარკში. 

ეს ორივე ადგილი თბილისის ცენტრში მდებარეობს, იქვეა არაერთი ბარი, რესტორანი და მაღაზია. მათი ზუსტი ადგილმდებარეობა აღნიშნულია რუკაზე.

მატჩის დღეს ამოქმედდება უფასო შატლ-ბასების სისტემა. სტუმარი ქომაგებისთვის განკუთვნილი ავტობუსები ორგანიზებულად იმოძრავებს და გულშემატკივრების სტადიონსა და სხვა საჭირო ადგილებზე გადაყვანას უზრუნველყოფს. მათი მარშრუტიც ზუსტად არის აღნიშნული რუკაზე. 

უეფას სუპერთასის დეტალები

- ბარსელონასა და სევილიას მატჩი რიგით მე-40 იქნება სუპერთასზე.

- ეს ტიტული ორივე კლუბს აქვს მოგებული (ბარსელონას 1992, 1997, 2009 და 2011 წლებში, სევილიას – 2006-ში).

- უეფას სუპერთასი სულ 24 კლუბს მოუგია. მილანმა ეს ხუთჯერ შეძლო, მეორე ადგილზე ბარსელონაა ორი ტიტულით.

- ყველაზე მეტჯერ სუპერთასი ესპანურ კლუბებს მოუგიათ (ჯამში 11-ჯერ), მეორე ადგილზეა იტალია (9), მესამეზე კი – ინგლისი (7).

- ევროპის სუპერთასი 12,2 კილოგრამს იწონის.

- 2016 წლის სუპერთასის მატჩი ნორვეგიის ქალაქ ტრონჰეიმში ჩატარდება.

როგორ მოვხვდეთ სტადიონზე

ფეხით:  ვარდების მოედნიდან `დინამო არენამდე~ ფეხით მისასვლელად 20-25 წუთი დაგჭირდებათ.

სპეციალური ავტობუსებით: (მარშრუტი რუკაზეა გამოსახული)

ტაქსით: თბილისში უამრავი ტაქსია, რომლით მგზავრობაც 7-დან 13 ლარამდე (3-დან 5 ევრომდე) დაგიჯდებათ.

მეტროთი: „წერეთლისა“ და „სადგურის მოედნის“ მეტროსადგურები „დინამო არენადან“ ფეხით ხუთიოდე წუთის სავალზეა.

აკრძალვები

გაითვალისწინეთ, რომ სტადიონზე არ შეიძლება შემდეგი ნივთების შეტანა: დანის, ფეიერვერკის, ცეცხლსასროლი იარაღის, ლაზერული მოწყობილობების, ბოთლების, მინის ჭურჭლის, ქილის, ალკოჰოლური სასმელის, ნარკოტიკის და სხვა დანარჩენი ნივთის, რომელიც საფრთხეს უქმნის საზოგადოების უსაფრთხოებას. ნებისმიერი პირი, რომელიც ამ მოთხოვნას დაარღვევს, გაძევდება სტადიონიდან და გადაეცემა პოლიციას.

რა დაგხვდებათ სტადიონზე

მაყურებლებს შეუძლიათ, შეიძინონ საკვები, სასმელი და ოფიციალური პროდუქტი, რომლებიც სტადიონზე განთავსებულ მაღაზიებში გაიყიდება. 

შესაძლებლობა შეზღუდულთათვის

სტადიონზე მათთვის ყველა პირობაა შექმნილი. მათ დასახმარებლად სპეციალურად მომზადებული პერსონალი
სტადიონის მთელ ტერიტორიაზე მზად იქნება. შეზღუდული შესაძლებლობის პირებს დახვდებათ სპეციალური პლატფორმები, რათა უკეთ შეძლონ თამაშის ნახვა, ასევე სპეციალური ავტოსადგომი, რომელიც ახლოსაა სტადიონის შესასვლელთან, და მათთვის განკუთვნილი ტუალეტები.

გამოსადეგი ქართული სიტყვები და ფრაზები

(უცვლელად წარმოგიდგენთ ბუკლეტის დედანში მოყვანილ ვარიანტს, რედ.)

Hello - Gamarjoba

Good morning – DilaMshvidobisa

How are you? - Rogor khar?

I’m well, and you? - Kargad, shen? 

Thank you! - Madloba

Football - Fekhburti

Goal - Goli

Goodbye - Nakhvamdis

Please - Gtkhovt

Water – Tskali

კულტურული თავისებურებები


ხელის ჩამორთმევა მისალმების სტანდარტული ფორმაა, თუმცა ქართველები ხშირად ერთმანეთს ლოყაზეც კოცნიან – ერთხელ.

არასდროს გამოიყენოთ უცენზურო სიტყვები ქართველებთან საუბრის დროს.

სასწრაფო დახმარება

სასწრაფო დახმარებასაც, პოლიციასაც და სახანძრო სამსახურსაც ერთი ნომრით გამოიძახებთ. აკრიფეთ 112.

სტადიონზე შესვლა

სტადიონის ჭიშკრები ადგილობრივი დროით 19.45 საათზე გაიხსნება და გულშემატკივრებს ვურჩევთ, გართულებების თავიდან ასარიდებლად ტრიბუნაზე კუთვნილი ადგილები რაც შეიძლება მალე დაიკავონ. გაითვალისწინებთ, რომ ყველა ჩანთა გაიჩხრიკება. სანამ ბილეთს ტურნიკეტში გაატარებთ, მას სტიუარდები შეამოწმებენ.

ლევან ჯანეზაშვილი