სიახლეები

ბათუმის დინამო უფრო ძლიერი დაუბრუნდება ევროტურნირებს

გაუზიარე
ბათუმის დინამოს სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენელს ასლან ბალაძეს გუშინ შევეხმიანეთ და ევროტურნირებზე, ახალ სეზონსა და ნაკრებზე ვესაუბრეთ. დიალოგი კი ბატონმა ასლანმა ტრაგიკული ამბით დაიწყო...

გუშინწინ საშინელი ამბავი მოხდა. ქუთაისის ტორპედოს პრესსამსახურის თანამშრომელი აკაკი ჩიბურდანიძე ზღვაში დაიხრჩო. მსურს, ბათუმის დინამოს სახელით მივუსამძიმრო მისი ოჯახის წევრებს და ახლობლებს.

საუბარი ომონიასთან ორრაუნდიანი დაპირისპირებით დავიწყოთ.

მთავარი ის მოხდა, რომ ბათუმის დინამო 18-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა ევროტურნირებს. რაც შეეხება ომონიასთან მატჩებს, აშკარა გამოჩნდა, რომ ჩვენი მეტოქე გაცილებით გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია და ევროტურნირებზეც ხშირად ასპარეზობს. თან გაითვალისწინეთ ისიც, რომ ბათუმის დინამო ის გუნდია, რომელსაც ჯერჯერობით არც საკუთარი სტადიონი აქვს და არც ბაზა. ამის მიუხედავად, პირველ შეხვედრაში საკმაოდ კარგი ხარისხის ფეხბურთი ვაჩვენეთ და ასეთი ძლიერი გუნდის დამარცხებაც შევძელით, მაგრამ, როგორც ჩანს, განმეორებითი მატჩის წინ ფეხბურთელებმა ვერ გაუძლეს ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რასაც დაემატა ადგილობრივი გულშემატკივრის ფაქტორიც და საბოლოოდ, ორი მატჩის ჯამში შემდეგ ეტაპზე ომონია გავიდა.

არადა, პირველ შეხვედრაში 1:0 მოგების შემდეგ ნამდვილად იყო იმის მოლოდინი, რომ ბათუმელები შეძლებდნენ ამ ბარიერის დაძლევას. 

ეს ყველაზე მეტად ჩვენ გვინდოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე ამისთვის მზად არ აღმოვჩნდით. ჩვენს შემდეგ ომონიამ პოლონეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს, იაგელონიას სძლია და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაც რეალურად შეუძლია. მთლიანობაში კი, ვფიქრობ, ბათუმის დინამომ ღირსეულად იასპარეზა ევროტურნირებზე, ერთ შეხვედრაში დავამარცხეთ ასეთი ძლიერი გუნდი, მივიღეთ საჭირო გამოცდილება, რაც ასე ძალიან გვაკლია _ შეგახსენებთ, რომ ჩვენი ფეხბურთელების უმრავლესობა პირველად ასპარეზობდა ევროტურნირებზე. ყოველივე ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია იმ გუნდისთვის, რომელსაც ახლა ვაშენებთ.

ყველაზე მეტად რაში იგრძნობოდა სხვაობა ბათუმის დინამოსა და ომონიას შორის.

ფიზიკური მომზადების მხრივ მეტოქეს არაფერში ჩამოვრჩით, მაგრამ სწრაფად თამაშში აშკარად ჩვენზე უკეთ გამოიყურებოდნენ. მეორე შეხვედრაში დაცვაში ჩაჯდომას არ ვაპირებდით და ძირითადში ორი ფორვარდი დავაყენეთ, მაგრამ აქცენტს კონტრშეტევებზე ვაკეთებდით და სწორედ აქ ვერ შევძელით სისწრაფეების განვითარება. ჩვენს შემტევ ფეხბურთელებს ბევრი პლუსი აქვთ, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ კომპონენტში სათანადოდ მზად არ ვიყავით.

ევროტურნირების წინ გიორგი გაბედავა და პაპუნა ფონიავა დაიმატეთ. მათი თამაშით კმაყოფილი ხართ?

ამ ეტაპზე ორივე მათგანი კარგად გამოიყურება. გაბედავამ პირველ თამაშში გამარჯვების გოლი გაიტანა, ფონიავაც კარგად მოქმედებდა და რაც მნიშვნელოვანია, ორივე მათგანს არაერთ პოზიციაზე შეუძლია თამაში.

ახლახან ბოლნისის სიონიდან საკმაოდ საინტერესო ფორვარდი ლუის ალბერტო გადმოიბირეთ.

მას გარკვეული პერიოდი დასჭირდება სასურველ ფორმაში შესასვლელად, მთლიანობაში კი, ბათუმის დინამოსთვის სარგებლის მოტანა ნამდვილად შეუძლია. ის წმინდა წყლის ცენტრფორვარდია, რომელიც მუდამ გოლზეა დაგეშილი, ამასთან, ძალიან მონდომებული და კარგი პიროვნებაა.

ცალკე უნდა გკითხოთ მიხეილ ალავიძეზე, რომელმაც ომონიასთან ორივე შეხვედრაში კარგი შთაბეჭდილება დატოვა და დინამო არაერთხელ იხსნა გოლისგან.

ბათუმის დინამოს ალავიძისა და მამინაშვილის სახით მეკარის პრობლემა მართლაც მოგვარებული აქვს. რაც შეეხება ომონიასთან შეხვედრებს, აქ ალავიძემ მართლაც კარგად წარმოაჩინა თავი. საერთოდ, ის ძალიან ემოციურ ფონზე თამაშობს, რა თქმა უნდა, მეკარისთვის ემოციები დამახასიათებელი და აუცილებელი რამაა, მაგრამ ცოტა მეტ სიმშვიდეს თუ მოუხმობს, უფრო სტაბილური იქნება და ასე უფრო გაიზრდება როგორც მეკარე.

მიუხედავად იმისა, რომ წინა სეზონში ბათუმის დინამო ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა უმაღლეს ლიგას, საბოლოოდ მეორე ადგილი დაიკავა, რაც მშვენიერი შედეგია, ახლა კი გულშემატკივარი მხოლოდ ევროტურნირის საგზურის მოპოვებას მოგთხოვთ.

ეს ბუნებრივიცაა. ბათუმის დინამო მომდევნო ჩემპიონატში სამეულში მოსახვედრად და თასის გათამაშებაშიც ბოლომდე იბრძოლებს. გაგახსენებთ რომ ჩვენი გუნდი ხშირად გადიოდა თასის ფინალში და გვინდა, ამითაც გავახაროთ ჩვენი გულშემატკივრები. მთავარი კი ისაა, რომ ბათუმის დინამო აუცილებლად გააგრძელებს დასახული კურსით განვითარებას და ევროტურნირებსაც უფრო ძლიერი დაუბრუნდება.

სამეულისთვის ბრძოლაში კონკურენტებად რომელ გუნდებს მიიჩნევთ?

პირველ რიგში, რა თქმა უნდა, თბილისის დინამოს, ასევე მაღალი ადგილებისთვის იბრძოლებს მოქმედი ჩემპიონი გორის დილა. კარგი გუნდები ეყოლებათ ქუთაისის ტორპედოს და ქობულეთის შუქურას, არც სამტრედია უნდა დავივიწყოთ. ფოთელები ყოველთვის გამოირჩეოდნენ ბრძოლისუნარიანობით და დარწმუნებული ვარ, ახლაც ასეთი გუნდი ეყოლებათ... ბევრს ველი საბურთალოსა და ლოკომოტივისგან.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის კენჭისყრის მერე როგორ შეაფასებდით საქართველოს ნაკრების შანსებს?

ოპტიმისტური მოლოდინი მაქვს. ახლა ნამდვილად შეგვიძლია ფინალური ეტაპისთვის ბრძოლა. მე მჯერა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის და იმ ფეხბურთელთა კონტინგენტის, რომლებიც ეროვნულ გუნდში არიან. მართალია, მეტოქეები საკმაოდ ძლიერები არიან, მაგრამ არსებული რესურსის სრულად გამოყენების შემთხვევაში კარგი შედეგი უნდა გვქონდეს.

და ბოლოს: 11 აგვისტოს თბილისში სუპერთასის შეხვედრა გაიმართება.

დინამოს სტადიონს არასოდეს აკლდა ვარსკვლავები და ახლაც ვარსკვლავთა ომი იქნება დინამო არენაზე. ასეთი დონის მატჩის თბილისში გამართვა კი მთლიანად ქართული ფეხბურთის პრესტიჟია.

პაატა ძნელაძე