სიახლეები

ბუღალტერია დამწყებთათვის

გაუზიარე

საფეხბურთო კლუბი ზესტაფონი, ახლო წარსულის ერთ-ერთი საუკეთესო ქართული გუნდი, ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა მეორე ლიგაში დააქვეითა. ეს წინა კვირაში მოხდა და ამის შესახებ წინა კვირაშივე გამცნეთ. მიზეზიც გავიხსენოთ: ზესტაფონურ კლუბს  მეკარეთა ყოფილი მწვრთნელის, თამაზ ოდიკაძის დავალიანება ჰქონდა, რომელსაც არ უხდიდა. საბოლოოდ, ფედერაციის აღმასკომმა საფეხბურთო დავების ტრიბუნალის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო ზესტაფონი დაბალ ლიგაში დააქვეითა.

ამბავი ასეთია, თუმცა მას ზესტაფონელთა მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა. კლუბის ოფიციალური განმარტების თანახმად, კლუბმა ოდიკაძეს დავალიანება პირადად იმიტომ ვერ ჩაურიცხა, რომ ყოფილი თანამშრომლის საბანკო რეკვიზიტები არ ჰქონდა.

ეს უცნაური განმარტებაა. ნებისმიერ ადამიანს სამსახურში მიღების პირველივე თუ არა, მეორე დღეს მაინც, ბუღალტერიაში საკუთარი საბანკო რეკვიზიტები მიაქვს. ნებისმიერ მკითხველს შეუძლია, საკუთარი მისვლა გაიხსენოს ნებისმიერ სამსახურში და აუცილებლად დაგვეთანხმება, რომ ბუღალტერიაში რეკვიზიტების მიტანა „წმინდათა წმინდა“ საქმეა! ამდენად, კლუბში თანამშრომლის საბანკო რეკვიზიტები არ ჰქონდეთ, ერთადერთ შემთხვევაშია შესაძლებელი: ხელფასს (სანამ უხდიდნენ) კონვერტში ჩადებულს აძლევდნენ, რაც, რბილად რომ ვთქვათ, კლუბის ბუღალტერიის გამართული მუშაობის ნიმუშად ვერ გამოდგება. და თუ მართლა კონვერტით აძლევდნენ კლუბში თანამშრომლებს ხელფასს, ასეთ თემებზე ხმამაღლა, როგორც წესი, არ ლაპარაკობენ.

თუმცა კლუბმა ნახსენებ განმარტებას მეორეც მოაყოლა, რომლის თანახმადაც, რაკი ოდიკაძის საბანკო რეკვიზიტები არ აღმოაჩნდათ, დავალიანება - 7 ათასი დოლარი - ფეხბურთის ფედერაციის ანგარიშზე ჩარიცხეს. ფედერაციამ კი, „უნიკალური გადაწყვეტილება მიიღო, ეს ფული უკან დაბრუნა და 7 ათასის გარდა, კლუბს საშემოსავლო გადასახადის გადახდაც დაკისრა.

მცირე საბუღალტრო გაკვეთილი აქაც დაგვჭირდება. ნებისმიერი ჩვენგანის ხელფასი, მარტივად რომ ვთქვათ, ორი ნაწილისგან შედგება. ეს არის ხელზე ასაღები თანხა და საშემოსავლო გადასახადი, რომლის გადახდაც ხელზე ასაღები თანხის ჩარიცხვისთანავე უნდა მოხდეს სახელმწიფო ბიუჯეტში. არ ჩარიცხავ და - გადასახადების დამალვისთვის ციხეა.

ოდიკაძის დავალიანება - 7 ათასი - ხელზე ასაღებ თანხას წარმოადგენდა. შესაბამისად, მარტივი საბუღალტრო ოპერაცია გვამცნობს, რომ ადამიანს 7 ათას დოლარს თუ ჩაურიცხავ, სახელმწიფო ბიუჯეტს დაუყოვნებლივ 1750 დოლარის ექვივალენტური ლარიც უნდა ჩარიცხო.

ანუ კლუბის მიერ ფედერაციისთვის ჩარიცხული თანხა ფედერაციას ოდიკაძისთვის რომ გადაეხადა, ფეხბურთის ფედერაციას ბიუჯეტში დამატებით 1750 დოლარიც უნდა შეეტანა. და თუ რატომ უნდა გადაეხადა ფედერაციას კლუბის მაგივრად 1750 დოლარი, განმარტებაში არაფერია ნათქვამი.

კოტე კეკელია

P.S. თუ ამ მცირე წერილში ირონიის კვალი შენიშნეთ, გარწმუნებთ, ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კლუბის დაქვეითება თანამშრომლისთვის ხელფასის ჯიუტად არგადახდის გამო, სულაც არ გვახარებს.