სიახლეები

ფეხბედნიერი პედრო და იმედგაცრუებული მეშახტეები

გაუზიარე

ბარსელონამ 2009 წელს ყველა შესაძლო ტიტული მოიგო და მათ შორის იყო უეფას სუპერთასიც. მონაკოში, პეპ გვარდიოლას დამოძღვრილმა “ლურჯ-ბროწეულისფერებმა” დონეცკის შახტარს მძიმე ბრძოლაში მინიმალური ანგარიშით სძლიეს. ერთადერთი გოლის ავტორი შეცვლაზე შესული ახალგაზრდა ფორვარდი პედრო როდრიგესი გახდა.

გუნდებმა მატჩი იმ შემადგენლობებით დაიწყეს, როგორსაც ჟურნალისტები ელოდნენ. ბარსელონას ცენტრფორვარდის ფუნქციებს მილანის ინტერისგან შეძენილი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ასრულებდა. “მეშახტეთა” დაცვას ამაგრებდა დმიტრი ჩიგრინსკი, რომელიც თავისი მომავალი კლუბის წინააღმდეგ თამაშობდა. გუნდებს შორის კლასში სხვაობა პირველივე წუთებიდან თვალსაჩინო გახდა. ბარსელონა ბურთს თავისთვის ჩვეული მოკლე პასებით აგორებდა და საგოლე შანსს ელოდა. კატალონიელები სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ კარისკენ პირველად უკრაინელებმა დაარტყეს – ვიქტორ ვალდესის კარს ალექსეი გაი დაემუქრა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია.

კატალონიელთა მხრიდან პირველი სიტყვა ტიერი ანრიმ თქვა, რომელმაც ბურთი დონეცკელთა კარის ხარიხას გაარტყა. ფრანგისგან ესტაფეტა დანი ალვეშმა გადაიბარა, მაგრამ შახტარის კარის ბადე ვერც ბრაზილიელმა შეარხია. ბარსელონას იერიშების მიუხედავად, შახტარის ფეხბურთელებმა ფსიქოლოგიური მდგრადობა შეინარჩუნეს და კომბინირება დაიწყეს. უნდა ითქვას, რომ ამას დიდი შედეგი არ მოუტანია. უკრაინელები უმეტესწილად, კონტრშეტევების მოლოდინში იყვნენ. მირჩა ლუჩესკუს შეგირდებს რამდენიმე საგოლე მომენტი ჰქონდათ, მაგრამ ვიქტორ ვალდესი შეუვალი იყო.

უსაქმოდ არც დონეცკელთა მეკარე ანდრეი პიატოვი იყო. უკრაინელმა რამდენიმე ეპიზოდში ძალზე დამაჯერებლად ითამაშა. უმეტეს შემთხვევებში, შახტარის მცველები ბურთს მეკარემდე არ უშვებდნენ. დონეცკელებს ყველაზე მეტად დაცვის მარჯვენა ფრთაზე უჭირდათ, საიდანაც ტიერი ანრი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ერიკ აბიდალი მეტოქეს ბევრ პრობლემას უქმნიდნენ. ბარსელონას ზუსტად დარტყმა უჭირდა – პირველ ტაიმში, კატალონიელებმა 6-ჯერ დაარტყეს და ბურთი კარის ჩარჩოში მხოლოდ ერთხელ მოახვედრეს.

მოედანზე ნამდვილად არ ბრწყინავდა ლიონელ მესი, მაგრამ არგენტინელს რამდენიმე მომენტი მაინც ჰქონდა. 32-ე წუთზე, კატალონიელებმა საჯარიმო გაითამაშეს, მაგრამ მესის დარტყმულ ბურთს პიატოვი ადგილზე დაუხვდა. ტაიმის მიწურულს, გვარდიოლას შეგირდებმა მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერეს. თავის გამოჩენა შეეძლო ჩავი ერნანდესს, მაგრამ ნახევარმცველმა ბურთი მეტოქის კარს სანტიმეტრებით ააცილა. 

შეხვედრის მეორე ნახევარი პირველზე გაცილებით მაღალ ტემპში წარიმართა. ბარსელონამ კიდევ უფრო დიდი ძალებით შეუტია, რის გამოც შახტარს კონტრეშეტევის არაერთი შანსი მიეცა. საწყისი 45 წუთისგან განსხვავებით, მეორე ტაიმში, ვილიანსა და ლუის ადრიანოს შეტევაში სხვა “მეშახტეებიც” მიჰყვებოდნენ. მიუხედავად ამისა, საერთო სურათი დიდად არ შეცვლილა: ბარსელონა ბურთს ფლობდა, შახტარი – თავს იცავდა.

90 წუთის ამოწურვამდე მცირე ხნით ადრე, ვეტერანი ფრანგი ტიერი ანრი გააქტიურდა. “ტიტიმ” დონეცკელთა კარის მიმართულებით რამდენიმე სახიფათო დარტყმა შეასრულა, მაგრამ ანგარიში ვერაფრით გახსნა. მატჩის უკანასკნელ წუთებში მოედანზე ვითარება საგრძნობლად დაიძაბა. ბელგიელმა არბიტრმა ფრანკ დე ბლეკერემ ბარსელონელთა ლიდერი ლეო მესი და დონეცკელთა უკანახაზელი ალექსანდრ კუჩერი გააფრთხილა.

ბარსელონას პრობლემები შეცვლაზე შესულმა ნიგერიელმა ფორვარდმა ჯულიუს აგაჰოვამაც შეუქმნა. აფრიკელზე გაკეთებული პირველი პასი კარლეს პუიოლმა ჩაჭრა, მაგრამ მეორე შემთხვევაში, თავდამსხმელი ვიქტორ ვალდესთან პირისპირ გავიდა. კატალონიელთა კარის დარაჯმა თავისუფალი ზონა დაფარა და თავისი გუნდი გოლისგან იხსნა.

აგაჰოვას იერიშს ბარსელონამ მესისა და ალვეშის დარტყმებით უპასუხა, მაგრამ ნულოვანი ანგარიში ვერც ამჯერად შეიცვალა. ასე იყო თუ ისე, გამარჯვებული არ გამოვლინდა და მსაჯმა დამატებითი დრო ბრძანა. მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, “ლუი მეორეზე” შეკრებილი “ლურჯ-ბროწეულისფერები” ერთხმად ახმაურდნენ – მესის პასით პედრო როდრიგესმა ისარგებლა და არცთუ ძლიერი დარტყმით, ბურთი დონეცკელთა კარში მოათავსა – 1:0. ესპანეთის სუპერთასის შემდეგ, ბარსელონა ახალ სეზონში მეორე ტიტულს დაეუფლა.

ირაკლი ჯაფარიძე

28.08.2009. “ლუი მეორე” (მონაკო), 18 145 მაყურებელი

ბარსელონა 1:0 შახტარი

1:0 პედრო (115)

ბარსელონა: ვალდესი, ალვეში, პუიოლი, პიკე, აბიდალი, ჩავი, კეიტა, ტურე (ბუსკეტსი 100), მესი, იბრაჰიმოვიჩი (პედრო 85), ანრი (კრკიჩიი 96)

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

შახტარი: პიატოვი, სრნა, კუჩერი, ჩიგრინსკი, რაცი, გაი (ჟადსონი 80), ჰუბშმანი, ვილიანი (აგაჰოვა 91), ფერნანდინიო (კობინი 80), ლუის ადრიანო

მწვრთნელი: მირჩა ლუჩესკუ

მსაჯი: ფრანკ დე ბლეკერე (ბელგია)