სიახლეები

სუპერთასის მატჩზე მედიაოფიცერი მამუკა კვარაცხელია იქნება...

გაუზიარე

ჩვენი კოლეგა და მეგობარი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი მამუკა კვარაცხელია 2001 წლიდან ჩაება უეფას მედიაფერხულში და მას შემდეგ უამრავ საერთაშორისო მატჩის ორგანიზებაში მიუღია მონაწილეობა. მარტო წლეულს დონეცკის შახტარის, კიევის დინამოსა და დნიპროს საშინაო მატჩებისას პატრონობდა მედიას, ასევე ვარშავაში დნიპრო-სევილიას ევროპის ლიგის ფინალის მედიაოფიცერიც იყო. მას საქართველოს გარდა, ყაზახეთში, აზერბაიჯანსა თუ სომხეთშიც წაუკითხავს ლექციები ჩვენი კოლეგებისა და კლუბების მედიაოფიცრებისთვის. ამასწინათ კი პრაღაში ევროპის ახლგაზრდული ჩემპიონატის ნახევარფინალისა და ფინალის (შვეედთი-პორტუგალია) მედიაოფიცერიც გახლდათ და აიპსის (სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ორგანიზაცია) და უეფას მიერ შერჩეულ 14 ახალგაზრდა ჟურნალისტს წაუკითხა ლექციები საერთაშორისო თამაშების გაძღოლაზე.

მისი მოგონილია საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი და თავად გადასცემდა კიდეც რჩეულებს ვიდრე სარბიელში მუშაობდა, შემდეგ კი ეს საპატიო მისია თქვენს მონა-მორჩილს გადააბარა. მამუკამ დაარსა სპორტულ ჟურნალისტთა საფეხბურთო ნაკრები და საქართველოს პირველობაზეც გამოდიოდა რეგიონულ პირველობაზე, მან გამოსცა ქართულ-რუსულ-ინგლისური საფეხბურთო ლექსიკონიც, რომელიც 2009 წელს დაიბეჭდა და შემდგომ ევრო 2012-ის წინ უკრაინაშიც გამოიცა. მოკლედ, უამრავი იდეები აწუხებს და ახორციელებს კიდეც. 

დინამო-არენაზე მუშაობის დაწყებისთანავე საქართველოში პირველად მისი ინიციატივით დაარსდა მედიის სამუშაო ოთახი და ჟურნალიტთა უფასო კვებაც ჩვეულებრივი მოვლენა გახდა დინამოზე აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის, ახლახან კი სუპერთასისთვის მისი მეცადინეობით და უეფას დაფინანსებით, როგორც იქნა, განხორციელდა დინამო-არენაზე მედია ტრიბუნის გადახურვა და ახალი მაგიდა-სკამების დამონტაჟება, რომელიც ჩვენ დაგვრჩება და ამიერიდან აღარც წვიმა შეგვაწუხებს და არც მზე მოგვჭრის თვალებს. ჩვენთვის განკუთვნილი ლოჟა 132 მწერალ ჟურნალისტზე იქნება გათვლილი, მეორე იარუსზე კი 60 ადგილი ტელე-კომენტატორებისთვის იქნება გამოყოფილი. 

სხვათა შორის სტადიონის მედია-ცენტრში ფოტორეპორტიორებისთვის ახალი სამუშაო ოთახიც მოეწყო. მოკლედ, მამუკა კვარაცხელია რამდენიმე დღეში ევროპის 2015 წლის სუპერთასის მედია ოფიცერი იქნება და მასთან ერთად მივადევნებთ თვალს ამ ბრწყინვალე სანახაობას.

კობა ინასარიძე