სიახლეები

14 წლის ქართველი ჩეხეთში

გაუზიარე

რამდენიმე დღის წინ საქართველოს 15-წლამდე ნაკრების მწვრთნელთან, ვეტერან ფეხბურთელ ოთარ კორღალიძესთან ინტერვიუ შემოგთავაზეთ. მას ჩეხეთში მოთამაშე ქართველ მოზარდზეც ვკითხეთ – ივა გელაშვილზე, რომელიც მცველია და პრაღის ბოჰემიანსის ასაკობრივ გუნდში თამაშობს. 

ამ მოზარდზე ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ მივიღეთ: როცა არდადეგები ჰქონდა, სამშობლოში იყო ჩამოსული და საბურთალოს 2000 წელს დაბადებულთა გუნდში ვარჯიშობდა. ამასთან, საქართველოს 15-წლამდე ნაკრებშიც გასინჯეს. 

“ნიჭიერი მოზარდია და გავიგე, რომ შესაძლოა, ჰოლანდიური პსვ-ის ასაკობრივ გუნდში გადავიდეს. ბოჰემიანსის ასაკობრივში ერთ-ერთი საუკეთესოა და სხვათა შორის, პრაღის ნაკრებშიც გამოიძახეს. ისე, ჩემი გაწვრთნილი ნაკრების ბიჭებზე ერთი წლით უმცროსია და შესაძლოა, სხვა მწვრთნელებმაც გამოიძახონ. ივა საქართველოში დაიბადა, ქართული ენა კარგად იცის. მისი ოჯახი რამდენიმე წლის წინ წავიდა ჩეხეთში საცხოვრებლად. მამამისი თავად დაგვიკავშირდა და თავისი ხარჯებით ჩამოიყვანა ბავშვი ჩვენთან სავარჯიშოდ” - გვითხრა კორღალიძემ. 

ივა გელაშვილს პრაღის სლავიაში მოთამაშე ლევან ყენიაც კარგად იცნობს და აქებს, ნიჭიერი მცველია, ჩეხეთში თავის ასაკში ერთ-ერთი გამორჩეულიაო.  

ილია ნანობაშვილი