სიახლეები

სერბეთი - ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ რისთვის ჰყავთ?

გაუზიარე

ნემანია მატიჩი, ადამ ლიაიჩი, ბრანისლავ ივანოვიჩი, ზორან ტოშიჩი, დუშან ტადიჩი, მატია ნასტასიჩი, ალექსანდრ კოლაროვი - როგორ უნდა "მოახერხოს" ამ ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა ნაკრებმა, რომ შესარჩევ ჯგუფში ვერ იბრძოდეს და ფრესაც იშვიათად აღწევდეს? 

სერბი კინორეჟისორის ემირ კუსტურიცას ფილმებისა არ იყოს, სერბების საფეხბურთო ჩავარდნის მიზეზებსაც ჩარღმავება სჭირდება. თუმცა ჩავარდნა ეროვნულ ნაკრებს ეხება, თორემ ასაკობრივ ნაკრებებში ისეთი შედეგები აქვთ, ფურორის მეტს ვერაფერს დაარქმევ. შარშანწინ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი მოიგეს, ერთი თვის წინ კი 20-წლამდელთა მუნდიალიც. მაშ, ზემოთ რა ხდება? 

ფეხბურთელები არ ჰყავთო, ამის თქმა არ შეიძლება. უკვე ჩამოვთვალეთ, ვინც ჰყავთ და როგორი დასაჯერებელია, რომ მათ სომხეთის და ალბანეთის ნაკრებები რომ უსწრებენ? არადა, ფაქტია. სერბებმა წინა შესარჩევი ხომ პირწმინდად ჩააგდეს და მიმდინარეშიც სულაც მინუს ორი ქულა აქვთ. ალბანეთთან მატჩისას ფანების აღვირახსნილობის გამო დაისაჯნენ და სამი ქულა ჩამოაკლეს, თორემ ისე 5 მატჩში ერთი კინკილა ფრე აქვთ - სომხეთში 1:1. დანიასთან შინ 1:3, ხოლო გასვლაზე 0:2 წააგეს; პორტუგალიაში 1:2 დამარცხდნენ. 

მოსკოვის ცსკა-ს შემტევი ზორან ტოშიჩი გახლავთ ამ შესარჩევში ნაკრების `ბომბარდირი~. ბრჭყალებში იმიტომ, რომ მხოლოდ ორი გოლი აქვს გატანილი.  კარგა ხანია, ნაკრებში აღარ თამაშობენ ნემანია ვიდიჩი და ნევენ სუბოტიჩი - თავად იუარეს, სჯობს, ახალგაზრდებმა ითამაშონო. თუმცა თავი და თავი ფედერაციის ხელმძღვანელებთან კონფლიქტი იყო. ვიდიჩმა სლოვენიასთან პენალტი გააცუდა 2011 წელს და ეს მისი ბოლო მატჩი იყო...  

იცვლიან და იცვლიან მწვრთნელებს, მაგრამ შედეგი არაა. ახლა რადოვან ჩურჩიჩი წვრთნით, რომელიც 21-წლამდელთა ნაკრებიდან დააწინაურეს. დიდი ალბათობით, საქართველოსთან მატჩებში უკვე სხვა სპეციალისტი ეყოლებათ.

დიკ ადვოკაატიც თავკაცობდათ, მაგრამ ჰოლანდიელი გაუშვეს და მისი კომენტარი ასეთი იყო: `ძალიან დიდ ზეწოლას განვიცდიდი. ასე იყვნენ ფეხბურთელებიც. პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ. სამწუხაროდ, არაფერი გამოგვივიდა~. 

სავარაუდოდ, სერბეთის ნაკრებს მნიშვნელოვნად გადაახალისებენ ამ შესარჩევის შემდეგ და დააწინაურებენ წარმატებულ ახალგაზრდებს. ამას ითხოვენ იქაური ფანები და ჟურნალისტებიც. 

ახალგაზრდა თაობიდან გამორჩეულია ფორვარდი ალექსანდრ მიტროვიჩი, რომელიც წლეულს ანდერლეხტიდან ნიუკასლში გადავიდა. მან ორი წლის წინ სერბეთი-საქართველოს 19-წლამდელთა მატჩშიც დაგვამახსოვრა თავი. მაშინ გია ცეცაძის გუნდმა 0:1 წააგო. კარგი მომავალი აქვს ლივერპულის შემტევ ლაზარ მარკოვიჩსაც. თუმცა არც ადამ ლიაიჩია მათზე ბევრად უფროსი - რომას ნახევარმცველი 23 წლისაა.  

"მრცხვენია! ეს უკვე მეტისმეტია" - ეს ჩელსის საყრდენის, მატიჩის სიტყვებია დანიასთან საშინაო წაგების შემდეგ. 

აი, რა თქვა სერბების მწვრთნელმა ჩურჩიჩმა წილისყრის შემდეგ: "უფავორიტო ჯგუფია და კარგია, რომ გრანდებს ავცდით. იდეალური შესაძლებლობა გვექნება, რათა მსოფლიოს ჩემპიონატზე მოვხვდეთ". 

სერბეთი მუნდიალზე ბოლოს 2010 წელს იყო და მიუხედავად იმისა, რომ გერმანიას სენსაციურად სძლია (1:0), ჯგუფში ჩარჩა. ექს-იუგოსლავიელებმა განასთან (0:1) და ავსტრალიასთან (1:2) წააგეს. 

ილია ნანობაშვილი