სიახლეები

ავსტრია – რამდენს ნიშნავს ალაბა…

გაუზიარე

ეგებ, ავსტრია ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მეტოქე იყო მეორე კალათიდან. შესაძლოა, ზედაპირულად ასე ჩანს, თუმცა ნუ ვიჩქარებთ. ფაქტია, “დას ტიმს” აშკარა პროგრესი აქვს და შემთხვევით როდია მიმდინარე შესარჩევში პირველ ადგილზე. ან რეიტინგს შვხედოთ – მე-15 პოზიცია. ვინ იფიქრებდა ამას თუნდაც 5 წლის წინ? შვეიცარიელი მწვრთნელი მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრებს 2011 წელს ჩაუდგა სათავეში და მას შემდეგ წლიდან წლამდე უმატებს “დას ტიმი”. 

ავსტრიის ნაკრებს ოქროს ხანა 30-იან წლებში ჰქონდა (ლიდერები – მათიას შინდელარი, იოჰან ჰორვატი), სანამ მეორე მსოფლიო ომი დაიწყებოდა. შემდეგ მთლად დომინანტები არ ყოფილან, მაგრამ კარგი გუნდი ჰყავდათ 50-იანებში, სისტემატურად გადიოდნენ მსოფლიოს ჩემპიონატზე. 1978 და 1982 წლებშიც იყვნენ მუნდიალზე (ლიდერები – ჰანს კრანკლი, ვალტერ შახნერი), თუმცა ვარსკვლავები არ მოუწვეტიათ, თუ არ ჩავთვლით, რომ გფრ-ს 3:2 მოუგეს. ისე, როგორ არ ჩავთვლით, ავსტრიელთათვის ხომ გერმანელებთან მოგება განსაკუთრებულად სასიხარულო ამბავია. 

აი, ბოლოს მსოფლიოს ჩემპიონატზე 1998 წელს ითამაშეს (უსახურად), ხოლო ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ერთადერთხელ, 2008 წელს გამოსულან – ისიც იმიტომ, რომ თანამასპინძლები იყვნენ შვეიცარიასთან ერთად, თორემ სხვაგვარად ძალიან საჭვო იყო, რომ გასულიყვნენ. ავსტრია ბოლო 15-20 წლის განმავლობაში საშუალოზე სუსტ ნაკრებად იყო ქცეული... 

მიმდინარე შესარჩევში “დას ტიმმა” ექვს მატჩში ხუთჯერ მოიგო და ერთი ფრე აქვს შვედეთთან შინ. რუსეთს ორივეჯერ მოუგეს (1:0, 1:0), ჩერნოგორიასაც გასვლაზე 1:0 აჯობეს, ასევე, ქულები არ დაკარგეს ლიხტენშტაინთან და მოლდოვასთან სტუმრად გამართულ შეხვედრებში. 

წარმოიდგინეთ, ავსტრია 8 ქულით უსწრებს მესამეადგილოსან რუსეთს და სასწაული უნდა მოხდეს, რომ საფრანგეთის საგზური დაკარგონ. მარსელო კოლერის გუნდმა ამ ექვს შეხვედრაში მხოლოდ ორი გოლი გაუშვა. მოკლედ, უელსი და ავსტრია რაღაცნაირად ჰგვანან ერთმანეთს ამ შესარცEვის მიხედვით – ორივე არნახულ ფორმაშია, გუნდურად მშვენივრად თამაშობენ, ბევრი გოლი ვერ გააქვთ და ძალიან იშვიათად უშვებენ. 

ავსტრიის ლიდერია დავიდ ალაბა – მიუნხენის ბაიერნის 23 წლის ცაცია. ავსტრიული პრესა აღნიშნავს, რომ სწორედ ამ ახალგაზრდა დამსახურებაა მათი ნაკრების პროგრესი. ალაბას გარდა, გრანდში ფეხბურთელი არ ჰყავთ. ისე კი, უნდა გამოვარჩიოთ: მცველები პრიოდლი უოტფორდიდან, ფლორიან კლაინი შტუტგარტიდან; ნახევარმცველები მარკო არნაუტოვიჩი სტოკიდან, გამთამაშებელი ზლატკო იუნუზოვიჩი ვერდერიდან, შემტევი მარტინ ჰარნიკი შტუტგარტიდან და ფორვარდი მარკ იანკო ბაზელიდან. კიდევ, ამ შესარჩევში რუსეთთან და ჩერნოგორიასთან გადამწყვეტი გოლები გაიტანა მიუნხენ 1860-ის თავდამსხმელმა რუბინ ოკოტიმ.   

ალაბა რომ გამოვაკლოთ, ავსტრიელთა შემადგენლობა თვალს ვერ მოგწყვეტთ, მაგრამ გუნდურად არიან ძალიან ძლიერები. კოლერი ამ შემადგენლობიდან მაქსიმუმს წურავს. 
ავსტრიას არასოდეს უთამაშია საქართველს ნაკრებთან. მათი კლუბები კი ხშირად შეგვხვედრიან, მაგრამ აი, სანაკრებოდ ჯერ უცნობბი ვართ...

ილია ნანობაშვილი