სიახლეები

წილი ნაყარია: ახლა ჯერი საქართველოს ნაკრებზეა!

გაუზიარე

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის წილისყრისას მეექვსე კალათაში განთესეს და შესაბამისად, ცუდის მოლოდინი გვქონდა, მაგრამ მოხდა პირიქით – ეს არის ერთ-ერთი ყველაზე იღბლიანი წილისყრა ჩვენი ეროვნული გუნდის არსებობის ისტორიაში. ამაზე ბევრი რომ არ ვიმსჯელოთ, გადახედეთ სხვა ჯგუფების შემადგენლობას და დარწმუნდებით, რაოდენ მძიმე შეიძლებოდა ყოფილიყო საქართველოს ნაკრების ხვედრი.

ახლა ყველაფერი თვით საქართველოს ნაკრებზეა დამოკიდებული – ნამდვილად არ გვაქვს საიმისო რესურსი, რომ ჯგუფში თუნდაც მეორე ადგილზე გასვლის დიდი იმედი გვქონდეს, მაგრამ თუ თავად ვივარგეთ, დადებითი შედეგისთვის ბრძოლა სრულიად შესაძლებელია. კახა ცხადაძემ პროგრამა-მინიმუმად მესამე ადგილი დაისახა და ეს თუ შესრულდა, სასიხარულო იქნება. თუმცა ვინ იცის, ჩვენს ჯგუფში არ თამაშობენ გრანდები და ექვსეულს არც გამოკვეთილი ფავორიტები ჰყავს...

სანკტ-პეტერბურგში გამართული წილისყრა შოუს ელემენტებით იყო გაჯერებული. დარბაზში შეკრებილებს პირველად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიმართა, მერე კი – ფიფას ჯერ კიდევ მოქმედმა თავკაცმა იოზეფ ბლატერმა. წილისყრის პროცედურებში კი მონაწილეობა ისეთმა ლეგენდარულმა ფეხბურთელებმა მიიღეს, როგორებიც ბრაზილიელი რონალდო, კამერუნელი სამუელ ეტოო, რუსი რინატ დასაევი, ურუგვაელი დიეგო ფორლანი, გერმანელი ოლივერ ბირჰოფი და სხვები არიან.

წილისყრის შედეგები კი ასეთია: 

A ჯგუფი: ჰოლანდია, საფრანგეთი, შვედეთი, ბულგარეთი, ბელარუსი, ლუქსემბურგი;
B ჯგუფი: პორტუგალია, შვეიცარია, უნგრეთი, ფარერები, ლატვია, ანდორა;
C ჯგუფი: გერმანია, ჩეხეთი, ჩრდილოეთ ირლანდია, ნორვეგია, აზერბაიჯანი, სან მარინო;
D ჯგუფი: უელსი, ავსტრია, სერბეთი, ირლანდია, მოლდოვა, საქართველო;
E ჯგუფი: რუმინეთი, დანია, პოლონეთი, ჩერნოგორია, სომხეთი, ყაზახეთი;
F ჯგუფი: ინგლისი, სლოვაკეთი, შოტლანდია, სლოვენია, ლიტვა, მალტა;
G ჯგუფი: ესპანეთი, იტალია, ალბანეთი, ისრაელი, მაკედონია, ლიხტენშტაინი;
H ჯგუფი: ბელგია, ბოსნია, საბერძნეთი, ესტონეთი, კვიპროსი;
I ჯგუფი: ხორვატია, ისლანდია, უკრაინა, თურქეთი, ფინეთი.

ჯგუფების გამარჯვებულები ფინალურ ეტაპზე პირდაპირ გავლენ, რვა საუკეთესო მეორეადგილოსანი კი ოთხ წყვილს შექმნის, რომელთა შორისაც მოგებულები რუსეთში გაემგზავრებიან. მასპინძელ რუსეთს მუნდიალის საგზური დაბევებული აქვს.

ევროპული ჯგუფური შესარჩევი რაუნდი 2016 წლის 4 სექტემბერს დაიწყება და 2017 წლის 10 ოქტომბერს დასრულდება, პლეი ოფები კი 9-დან 14 ნოემბრამდე გაიმართება.

სამხრეთ ამერიკა

კონტინენტის ათი გუნდი ერთ ჯგუფად, ორ წრედ ითამაშებს. ოთხი საუკეთესო მუნდიალის საგზურს მიიღებს, მეხუთე კი საკონტინენტთაშორისო პლეი ოფში გადაინაცვლებს.

სანკტ-პეტერბურგში მხოლოდ კალენდრის დასადგენი წილისყრა მოეწყო, რომელმაც პირველი ტური ამგვარად განსაზღვრა: ჩილე-ბრაზილია, კოლუმბია-
პერუ, არგენტინა-ეკვადორი, ვენესუელა-პარაგვაი, ბოლივია-ურუგვაი. 

ცნობისთვის, არგენტინა-ბრაზილია მესამე ტურში, ამა წლის 9 ნოემბერს გაიმართება. საკვალიფიკაციო ტურნირი წლეულს, 5 ოქტომბერს დაიწყება და 2017 წლის ოქტომბერში დასრულდება.

აფრიკა

შავ კონტინენტზე საკვალიფიკაციო ეტაპი რამდენიმე რაუნდისგან შედგება. პირველ და მეორე რაუნდში გუნდები დაწყვილდნენ და ორმატჩიან დუელებში შემდეგ ეტაპზე გამსვლელს გამოავლენენ. მესამე რაუნდი ჯგუფური ეტაპისგან შედგება. პლეი ოფების გამარჯვებულები დააკომპლექტებენ ხუთ ოთხგუნდიან ჯგუფს, რომელთა გამარჯვებულებიც რუსეთში გაემგზავრებიან.

I რაუნდი, 5 და 13 ოქტომბერი (2015)
სომალი-ნიგერი, სამხრეთ სუდანი-მავრიტანია, გამბია-ნამიბია, სან ტომე და პრინსიპი-ეთიოპია, ჩადი-სიერა ლეონე, კომოროსი-ლესოტო, ჯიბუტი-სვაზილენდი, ერითრეა-ბოტსვანა, სეიშელის კუნძულები-ბურუნდი, ლიბერია-გვინეა ბისაუ, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა-მადაგასკარი, მავრიტუსი-კენია, ტანზანია-მალავი.

II რაუნდი, 9 და 17 ნოემბერი (2015)
ლიბია-რუანდა, მოზამბიკი-გაბონი, ტოგო-უგანდა, სუდანი-ზამბია, მაროკო-ეკვატორული გვინეა, ბენინი-ბურკინა ფასო, ანგოლა-სამხრეთ აფრიკა, სომალი/ნიგერი-კამერუნი, სამხრეთ სუდანი/მავრიტანია-ტუნისი, გამბია/ნამიბია-გვინეა, ტომე და პრინსიპი/ეთიოპია-კონგო, ჩადი/სიერა ლეონე-ეგვიპტე, კომოროსი/ლესოტო-განა, ჯიბუტი/სვაზილენდი-ნიგერია, ერითრეა/ბოტსვანა-მალი, სეიშელის კუნძულები/ბურუნდი-კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ლიბერია/გვინეა ბისაუ-კოტდივუარი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა-მადაგასკარი-სენეგალი, მავრიტუსი/კენია-კაპე ვერდე, ტანზანია/მალავი-ალჟირი.

აზია

აზიური წილისყრა სანკტ-პეტერბურგამდე დიდი ხნით ადრე ჩატარდა. ფინალური ეტაპის საგზურისთვის ბრძოლას 40 გუნდი აგრძელებს. ეს ეტაპი მომავალი წლის 29 მარტს დასრულდება.

კონკაკაფი

გაიმართა მეოთხე რაუნდის წილისყრა. აქ სამი ოთხგუნდიანი ჯგუფია, საიდანაც დასკვნით, მეხუთე რაუნდში ორ-ორი საუკეთესო გადავა. შეიქმნება ერთი ექვსგუნდიანი ჯგუფი, საიდანაც სამი საუკეთესო რუსეთში ავტომატურად მოხვდება, მეოთხე კი საკონტინენტთაშორისო პლეი ოფში ითამაშებს.

მეოთხე რაუნდში ჯგუფები ასე დაკომპლექტდა:

A ჯგუფი: მექსიკა, ჰონდურასი, კურასაო/ელ სალვადორი, კანადა/ბელიზი;
B ჯგუფი: კოსტა რიკა, პანამა, გრენადა/ჰაიტი, იამაიკა/ნიკარაგუა;
C ჯგუფი: აშშ, ტრინიდადი, სენტ ვინსენტი/არუბა, ანტიგუა და ბარბუდა/გვატემალა.

ოკეანეთი

შედგა მეორე რაუნდის წილისყრა, სადაც რვა გუნდი ორ ჯგუფად დაიყო:

A ჯგუფი: ტაიტი, ახალი კალედონია, პაპუა ახალი გვინეა, პირველი რაუნდის გამარჯვებული;
B ჯგუფი: ახალი ზელანდია, სოლომონის კუნძულები, ფიჯი, ვანუატუ.

ჯგუფების გამარჯვებულები ინტერკონტინენტალური პლეი ოფის საგზურისთვის ერთმანეთს ორ მატჩში დაუპირისპირდებიან.

საკონტინენტთაშორისო პლეი ოფი

პირველად სწორედ ამის წილისყრა გაიმართა და დადგინდა, რომ სამხრეთ ამერიკის მეხუთე გუნდი ოკეანეთის გამარჯვებულს შეხვდება, აზიის მეხუთე გუნდი, კი – კონკაკაფის მეოთხეს. პლეი ოფები ორ მატჩად, 2017 წლის ნოემბერში გაიმართება.

ლევან ჯანეზაშვილი