სიახლეები

11 აგვისტო, როგორც თბილისის პრეზენტაცია

გაუზიარე

მესი-სუარესი-ნეიმარის ტრიო მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საფეხბურთო ბრენდის - ბარსელონას მთავარი საფირმო ნიშანია. ეს სამი მეგავარსკვლავი თბილისში ათასობით იმგვარ შეძლებულ სტუმარს `ჩამოიტყუებს~, სხვამხრივ საქართველოში ჩამოსვლა გეგმაში რომ არ ექნებოდათ. საფიქრებელია, რომ აგვისტოს დღეებში რეგიონის მსხვილი ბიზნესჯგუფების წარმომადგენლები თბილისში მოიყრიან თავს. ჩვენს სამეზობლოში ასეთი რანგის პრესტიჟული საფეხბურთო მატჩი პირველად ტარდება და უკრაინული, ყაზახური, რუსული, თურქული, სომხური თუ აზერბაიჯანული საქმიანი წრეებისთვის ამ მატჩზე დასწრება ერთმანეთთან შეხვედრების საბაბადაც იქცევა. ბიზნესმენი კი, მოგეხსენებათ, ყველგან, მათ შორის, ტურისტულ ვოიაჟშიც ბიზნესმენად რჩება, ქალაქის ღირსშესანიშნაობებსაც სხვაგვარი, საქმიანი თვალით აკვირდება და ნანახსაც სამომავლო პროექტების ჭრილში აფასებს. ბიზნესის ფილოსოფია ხომ მარტივია: მუდამ საქმიანობის სფეროს გაფართოებაზე, მოგების გაზრდაზე, მართვის დახვეწაზეა მომართული. ამდენად, შანსი იმისა, რომ აქ ჩამოსულ მეწარმეს გარკვეული პროექტების შექმნის სურვილი აღეძვრება, პატარა არ უნდა იყოს. გამორიცხული არც ისაა, რომ სუპერთასის დამთავრების შემდეგ სტუმართა ჯგუფი ჩვენს შავისზღვისპირეთს ეწვევა დასასვენებლად და რეგიონის ბიზნესკლიმატის შესასწავლად.

ცალკე თემაა უეფას მმართველი გუნდის სტუმრობა. მიშელ პლატინი თავის მხლებლებთან ერთად, ცხადია, ქართული სახელმწიფოს მმართველებს შეხვდება, მათ შორის, ალბათ, არაფორმალურ გარემოშიც და, თუკი თბილისმა, როგორც სუპერთასის ორგანიზატორმა, მათი მოლოდინი გაამართლა, სავსებით რეალურია, უეფა-საქართველოს ურთიერთობაში ახალი პროექტებიც გაჩნდეს. რატომ არ შეიძლება ვუმასპინძლოთ ევროპა ლიგის ფინალურ მატჩს, თუ წარმატებით ჩაივლის სუპერთასის პროექტი? ან რატომ ვერ უნდა ვუმასპინძლოთ 21-წლამდელთა კონტინენტის პირველობას, თუკი უკვე გვაქვს 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის გამართვის უფლება 19-წლამდელთა შორის?

ამრიგად, თუკი 11 აგვისტოს მატჩს არა ვიწროსაფეხბურთო, არამედ უფრო ფართო ჭრილში განვიხილავთ, დავინახავთ, რომ თბილისური სუპერთასი ჩვენისთანა ევროპერიფერიული ქვეყნისთვის ახალ პერსპექტივებს ქმნის და საინვესტიციო შესაძლებლობებსაც აფართოებს. ეს არ ეხება მხოლოდ საფეხბურთო პროექტებში ჩადებულ ინვესტიციებს. იგულისხმება ახალ ბიზნეს-ინიციატივები, რომლებმაც, შესაძლოა, სპორტისგან განსხვავებული სფეროებიც მოიცვას. ამრიგად, ბარსელონა-სევილიას შეხვედრა, რომელიც ქართველი ქომაგისთვის დიდი საფეხბურთო მატჩის ხილვის შანსია, უცხოელი სტუმრებისთვის ბუნებრივად იქცევა თბილისის, როგორც პოტენციური ბიზნეს-შესაძლებლობების მქონე ქალაქის ერთგვარ პრეზენტაციად. სუპერთასი დაგვანახებს, რამდენად მიმზიდველი შეიძლება იყოს თბილისი ევროპელი სტუმრების თვალში, რამდენად მზად ვართ უმაღლესი რანგის საერთაშორისო მატჩების მაღალ დონეზე ჩასატარებლად. 11 აგვისტო ლაკმუსის ქაღალდივით ნათლად, გარკვევით გამოაჩენს, რამდენად შორს თუ ახლოს ვართ უეფას, ანუ საერთაშორისო სტანდარტებთან. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ეს პრეზენტაცია ვერ იქნება მხოლოდ ფეხბურთის ფედერაციის, მერიის, აეროპორტის თუ სამთავრობო წრეების საკეთებელი საქმე. მნიშვნელოვანი როლი დაეკისრებათ ჩვენს მოქალაქეებსაც, რომლებსაც, ვერავინ უარყოფს, გულთბილი  მასპინძლობა არავისგან ესწავლებათ. თითოეულმა ჩამოსულმა, უეფას ჩინოსანი იქნება თუ რიგითი სევილიელი ფანი, ყოველ ნაბიჯზე უნდა იგრძნოს, რომ ჩვენ, ქართველებს გვაქვს გულწრფელი სურვილი და უნარი ჩვენი ნაქები სტუმართმოყვარეობის მიმზიდველად წარმოჩენისა. დანარჩენი კი, საფეხბურთო ტერმინით რომ ვთქვათ, უკვე ტექნიკის საქმეა. 11 აგვისტო ახლოვდება, მესი, სუარესი და ნეიმარი თბილისში ჩამოდიან.

გია გომართელი