სიახლეები

ლოკომოტივი ავსტრიიდან მიხეილ მესხზე დაბრუნდება

გაუზიარე

უმაღლეს ლიგაში წლეულს დაბრუნებული თბილისის ლოკომოტივი ჯერ კიდევ პირველ ლიგაში თამაშისას ემზადებოდა ხოლმე უცხოეთში და ახლა მით უმეტეს... თბილისელები წუხელ გაემგზავრნენ ორკვირიან ავსტრიულ შეკრებაზე,  
გამგაზვრებამდე კი კლუბის ხელმძღვანელობამ საგურამოს საწვრთნელ ბაზაზე პრესკონფერენცია გამართა... 

გიორგი ყიფიანი, ლოკომოტივის სპორტული დირექტორი: 

"ცხადია, სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ თბილისის ლოკომოტივი ისევ უმაღლეს ლიგაში იასპარეზებს. დაწინაურების მიუხედავად, კლუბი ისევ ძველი პოლიტიკის ერთგული დარჩება და აქცენტს ახალგაზრდებზე გააკეთებს. გვჯერა, რომ სწორი გზით მივდივართ. სწორედ ამიტომ არ დაგვიმატებია ბევრი ახალი ფეხბურთელი. შევჯერდით იმ კონტინგენტზე, რომელიც დღეს გვყავს. ისინი არიან ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომელთა საშუალო ასაკი 19-20 წელია. ყველაზე უფროსი 24 წლისაა. დავიმატეთ რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი, რომლებიც ჩვენს ხედვებს, საფეხბურთო გემოვნებას შეეფერებიან. არ მეშინია იმის თქმა, რომ დღევანდელი ლოკომოტივი ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. დღეს საქართველოს ჩემპიონატში ყველა კლუბს შეუძლია იყოს კონკურენტუნარიანი და ვფიქრობ, ჩვენს გუნდსაც ძალუძს უმაღლესი მიზნისთვის ბრძოლა" _ ასე ოპტიმისტურად არის განწყობილი გიორგი ყიფიანი, რომლის შემდეგ ლოკომოტივის მწვრთნელმა, ვასილ მაისურაძემ ისაუბრა: 

"ახალი სეზონისთვის რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი დავიმატეთ, რომლებიც გუნდის პოლიტიკასა და სტრატეგიას ესადაგებიან. მომავალ სეზონში ლოკომოტივი ბოლომდე თავდადებით იბრძოლებს და ყველა თამაშზე მოსაგებად გავა. რამდენად წარმატებით ვითამაშებთ, ეს ძნელი სათქმელია, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ლამაზ, სანახაობრივ ფეხბურთს ვაჩვენებთ. გუნდის პოლიტიკა არის ის, რომ ფეხბურთელები გავუზარდოთ ჩვენს ქვეყანას, კერძოდ, ასაკობრივ ნაკრებებს. ვინარჩუნებთ ამ სტრატეგიას და ამ მიმართულებით უფრო მეტს ვიმუშავებთ."

კლუბის პრეზიდენტის, ლექსო თოფურიას განცხადებით, გუნდისთვის წელიწადში მილიონზე მეტი დაიხარჯება. გარდა ამისა, კლუბის პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ სახელმწიფოსგანაც იქნება გარკვეული დახმარება და ხელშეწყობა: 

"ჩვენი უპირველესი ამოცანა ახალგაზრდა ფეხბურთელების გაზრდა და მათი სწორ გზაზე დაყენებაა. სწორედ ეს არის ჩვენთვის პრიორიტეტი და ამას უნდა დაექვემდებაროს ჩვენი საქმიანობა. გუნდი ავსტრიულ შეკრებაზე მიემგზავრება, სადაც რამდენიმე ამხანაგური მატჩი გვაქვს დაგეგმილი. მოსამზადებელი ეტაპის პირველი სამი კვირა, რომელიც საგურამოში გავატარეთ, ძალიან ნაყოფიერი იყო." 

ავსტრიულ შეკრებაზე ვასილ მაისურაძის გუნდი ხუთ ამხანაგურ მატჩს გამართავს. ლოკომოტივის ოთხი მეტოქე უკვე ცნობილია, ერთის ვინაობა კი მოგვიანებით გაირკვევა. ლოკომოტივი ავსტრიაში თელ ავივის მაკაბისთან, ავსტრიის ბუნდესლიგის ერთ-ერთ გუნდთან, თურქეთის სუპერლიგის ესქიშეჰირსფორთან და ყატარის უმაღლესი ლიგის კლუბთან ითამაშებს. ახალი სეზონიდან ლოკომოტივი მიხეილ მესხის სტადიონზე დაბრუნდება და ცენტრალურ მოედანზე ითამაშებს. ლოკომოტივის მატჩებს ყოველ პარასკევს
"სილკ სპორტის" ეთერი 20 საათიდან დაეთმობა. 

ლუკა თალაკვაძე