სიახლეები

ქართული ლეგიონი ევროპის ლიგაზე - რომ არა კვეკვესკირის პასები

გაუზიარე

გუშინ ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩები გაიმართა და ქართველი ლეგიონერების ამბები მიმოვიხილოთ. ბაქოს ინტერიდან დავიწყოთ, სადაც ყველაზე მეტმა ჩვენიანმა ითამაშა...

ინტერს ისლანდიაში ჰაფნარფიორდურთან 2:1 ჰქონდა მოგებული და შინაც 90 წუთში ამ ანაგრიშით წააგო. დაინიშნა დამატებითი დრო და ზაურ სვანაძის გაწვრთნილებმა პირველივე წუთზე გოლი გაიტანეს. საბოლოოდ, 2:2 და ინტერი მესამე ტაპზე გავიდა, იქ კი მძლავრი მეტოქე ეყოლება: ესპანური ბილბაო. 

რა თქმა უნდა, ინტერი ბასკებთან აშკარა აუტსაიდერი იქნება, მაგრამ კლუბმა ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაწერა: ინტერმა ევროტურნირებზე ზედიზედ ორი ეტაპი არსებობის განმავლობაში პირველად გადალახა. 

ჰაფნარფიორდურთან სამმა ქართველმა (ზურაბ ხიზანიშვილი, ლაშა კასრაძე, ნიკა კვეკვესკირი) ითამაშა და სამივემ 120 წუთი. ორივე საგოლე პასი კვეკვესკირმა მიითვალა – თანაც, ორივეჯერ მეკარესთან ერთი-ერთზე დატოვა თანაგუნდელი. მშვენიერი პასები იყო. კარგია, რომ კვეკვესკირი ამ მოკლე ხანში ინტერის წამყვან ფეხბურთელად იქცა, მიმდინარე ევროპის ლიგაზე უკვე ორი გოლის გატანა მოასწრო და აი, საგოლე პასებიც მიამატა. 

ერთიც, ჰაფნარფიორდური 55-ე წუთიდან კაცნაკლული თამაშობდა. ისლანდიელი ფეხბურთელი ლაშა კასრაძეს ეუხეშა და მეორე გაფრთხილება მიიღო. 

აქვე, ზაურ სვანაძის კომენტარიც: “ვიცოდი, რომ რთული მატჩი იქნებოდა. მეორე გოლი რომ გავუშვით, ავნერვიულდით, თუმცა საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. უნდა მოვუმატოთ, თუმცა ფაქტია, ბილბაოსთან გაგვიჭირდება. ბიჭებს მადლობას ვუხდი, ისინი ნამდვილი გმირები არიან. ყველამ იცით, როგორ ფინანსურ მდგომარეობაში ვართ, ამის გამო შეკრებაც გვიან დავიწყეთ. და ამის შემდეგ მესამე ეტაპზე გასვლა დიდი წარმატებაა. პენალტების სერიას ველოდი თუ არა? ამაზე არ გვიფიქრია. ლატარიამდე საქმე მიყვანა არ გვსურდა”. 

ბათუმის დინამოს გამამწარებელმა ომონიამ პოლონური იაგელონიაც გამოთიშა. უჩა ლობჟანიძის გუნდმა ნიკა ძალამიძის იაგელონიას 1:0 სძლია და რაკი პირველი მატჩი უგოლოდ დასრულდა, კვიპროსელები გავიდნენ. ლობჟანიძემ თავიდან ბოლომდე ითამშა, ხოლო ძალამიძე მხოლოდ პირველ ტაიმში ვიხილეთ. ნიკა აქტიური არ ყოფილა, ბურთს ხშირად კარგავდა, თუმცა არც მის თანაგუნდელებს აუწიოკებიათ მასპინძელთა დაცვა. ისე, ტრიბუნებზე ჩხუბი მოხდა, კვიპროსელმა და პოლონელმა ფანებმა რაღაც ვერ გაიყვეს.  

მთლიანობაში, ომონიამ თამაშითაც აჯობა იაგელონიას. ლობჟანიძის გუნდი მესამე ეტაპზე დანიურ ბრონდბიუს შეხვდება. 

შოთა არველაძის გაწვრთნილმა ტრაბზონსფორმა ლუქსემბურგის დიფერდენჟს სტუმრად 2:1 სძლია და მესამე ეტაპზეც ფავორიტი იქნება, რადგან მაკედონიურ რაბოტნიჩკის ეთამაშება. ტრაბზონსფორს დიფერდანჟთან შინ 1:0 ჰქონდა მოგებული და სტუმრად მალევე გადაწყვიტა გამსვლელის ბედი, რადგან მე-18 წუთზე გაიტანა გოლი. მერე ლუქსემბურგელებმა გაათანაბრეს, თუმცა ბოლო წუთზე თურქებმა მეორე ბურთი მიითვალეს. 

ზაურ სვანაძისა და შოთა არველაძის გუნდები გავიდნენ, აი, თამაზ პერტიას გაწვრთნილი სკონტო კი შერცხვა. სკონტოს შინ 2:2 ჰქონდა ნათამაშევი უნგრულ დებრეცენთან და გასვლაზეც ორი გაიტანა, მაგრამ ცხრაჯერ გაუშვა... დიახ, 2:9, ასეთი არასაფეხბურთო ანგარიშით წააგო რიგის გუნდმა. 

ლიტვის ტრაკაიმ, სადაც ნიკა აფაქიძე თამაშობს, კვიპროსულ აპოლონთან საშინაო მატჩი 0:0 დაასრულა და გავარდა. პირველ შეხვედრაში ტრაკაის 0:4 ჰქონდა წაგებული. ლიტვაში აფაქიძემ ბოლო 35 წუთი ითამაშა. 

აქვე, იმ გუნდებზეც ვთქვათ, რომლებმაც პირველ ეტაპზე ქართული კლუბები გამოთიშეს. რუმინულმა ბოტოშანიმ ვერაფერი მოუხერხა ვარშავის ლეგიას. ბოტოშანის პოლონეთში 0:1 ჰქონდა წაგებული, შინ კი 0:3 დამარცხდა. 

აი, თბილისის დინამოს გამამწარებელი აზერბაიჯანული გაბალა კი მესამე ეტაპზეა. რომან გრიგორჩუკის გუნდს სერბულ ჩუკარიკჩისთან გასვლაზე 0:1 წაეგო, შინ კი ესტონელი ზენიოვის დუბლით 2:0 მოიგო. გაბალას მესამე ეტაპზე კვიპროსული აპოლონის ბარიერი ელის. 

და ბოლოს, აზერბაიჯანს ორივე გუნდი (ინტერი, გაბალა) შერჩა ევროპის ლიგას, სომხეთიდან ორნი იყვნენ მეორე ეტაპზე და ორივე გავარდა, ლატვიას სამი ჰყავდა და სამივემ ჩაილურის წყალი დალია, ევროპის ლიგა დასრულდა ლიტველთათვის, ესტონელთათვის და მოლდოველთათვისაც, ყაზახეთს ქაირათი შემორჩა, ხოლო ბელარუსს მინსკის დინამო.   

ილია ნანობაშვილი