სიახლეები

გიორგი პაპუნაშვილს ვერდერთან ხელმოწერა აკლია

გაუზიარე

წინა სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი, დინამო თბილისის ფლანგელი ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი დღეს-ხვალ გერმანიაში გაემგზავრება და, თუ რამ გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ბუნდესლიგის ვერდერში ჩაირიცხება. 

ბრემენლთა მხრიდან პაპუნაშვილის მიმართ ინტერესი დინამოშიც დაგვიდასტურეს, თუმცა კი, სავარაუდო ტრანსფერის დეტალებზე კლუბში აღარაფერი თქვეს.  

გავიგეთ, რომ ფეხბურთელს ამჟამად სავიზო საკითხებს უგვარებენ, რის შემდეგაც ის გერმანიაში გაემგზავრება, ვერდერთან უკვე შეთანხმებულ კონტრაქტს გააფორმებს და ახალ გუნდს შეკრებაზე შეუერთდება.  
პაპუნაშვილი-ვერდერის სხვა ამბებს მომდევნო კვირას უფრო წვრილად გაგაცნობთ. ახლა კი ის გავიხსენოთ, რომ ვერდერი და მისი ახალი ფეხბურთელის გუნდი 1987 წელს უეფას თასის მერვედფინალში შეხვდნენ ერთმანეთს და დრამატულ ბრძოლაში გერმანელებმა იმარჯვეს. 

აქვე შეგახსენებთ, რომ დღემდე ბუნდესლიგაში კახა ცხადაძეს, რეზო და არჩილ არველაძეებს, ლევან კობიაშვილს, ალექსანდრე იაშვილს, ლევან ცქიტიშვილს, ოთარ ხიზანეიშვილს, დავით თარგამაძესა და ლევან ყენიას უთამაშიათ...
 
კობა ინასარიძე