სიახლეები

ლადო დვალიშვილი: პრობლემა მეხუთე არაევროკავშირელობაა

გაუზიარე

ლადო დვალიშვილის პოლონურ კრაკოვიაში შესაძლო გადასვლაზე რამდენიმე დღის წინ ვწერდით. კრაკოვია კვლავაც დაინტერესებულია ქართველი ფორვარდის შეძენით, რომელმაც პოლონეთში კარგი სახელი დატოვა: როგორც ვარშავის ლეგიაში, ისე მანამდე ვარშავის პოლონიაშიც. დვალიშვილი ორჯერ გახდა პოლონეთის ჩემპიონი, ქვეყნის თასიც მოიპოვა და გოლებიც საკმაოდ გაჰქონდა. 

დანიურ ოდენსეში კი ლადოს საქმე ვერ აეწყო, გასულ სეზონში თამაში ხშირად არ უწევდა და მიუხედავად ამისა, მაინც დარჩა კლუბში, რადგან ახალი მწვრთნელი მივიდა. დვალიშვილს კონტრაქტი აკავშირებს ოდენსესთან, თუმცა პრობლემა სხვა რამ არის... დვალიშვილი გუნდში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეა, ოდენსე კი ფულს უფრთხილდება და სურს, რომ ფეხბურთელი გაყიდოს. 

პრობლემაა კიდევ ერთი რამ: პოლონეთში არაევროკავშირელ ფეხბურთელებზე ლიმიტია, ახალი სეზონიდან გუნდს მოედანზე ერთდროულად მხოლოდ ორი არაევროკავშირელი შეუძლია ჰყავდეს. 

იანუშ ფილიპიაკი (კრაკოვიას პრეზიდენტი): `გუნდში ოთხი არაევროკავშირელი გვყავს, დვალიშვილი კი მეხუთე გამოვიდოდა. ამიტომ ეს ფაქტორი მხედველობაში უნდა მივიღოთ~. 

თუმცა ფილიპიაკს ხაზი არ გადაუსვია დვალიშვილის ტრანსფერზე, ანუ ჯერ არის ფეხბურთელის გადაყვანის შანსი. 

ლადოს დანიაში დავუკავშირდით და იგივე გვითხრა, რაც აქამდე დავწერეთ. სხვა სიახლე არაფერია. დვალიშვილი ჩვეულად ვარჯიშობს გუნდთან ერთად, თუმცა საეჭვოა, რომ დამდეგ ტურში თამაშმა მოუწიოს. მაგალითად, დანიის სუპერლიგის პირველ ტურში (ოდენსე-ჰიობრო 3:0) სამატჩო 18-კაციან განაცხადშიც არ შეიყვანეს.

ილია ნანობაშვილი