სიახლეები

ხიზანიშვილი ბილბაოსთვის მორიდებით ემზადება

გაუზიარე

აზერბაიჯანში ქართველების ინტერს ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლისა და ესპანურ ბილბაოსთან შეხვედრის ჩინებული შანსი აქვს. ინტერმა, სადაც ლაშა კასრაძე, გიორგი ლომაია, ნიკა კვეკვესკირი და ზურაბ ხიზანიშვილი თამაშობენ, ხოლო მწვრთნელი ზაურ სვანაძე გახლავთ, პირველ ეტაპზე ალბანური ლაჩი ჩამოიშორა გზიდან, ხოლო მეორე ეტაპის პირველ შეხვედრაში ისლანდიური ჰაფნარფიორდური სტუმრად 2:1 დაამარცხა. ამ დაპირისპირების საპასუხო შეხვედრა დღეს შედგება ბაქოში. ამ მატჩამდე კი ჩვენი აზრებაიჯანელი კოლეგები ზურაბ ხიზანიშვილს ესაუბრენ.

"ისლანდიაში მოვიგეთ, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. საპასუხო შეხვედრაც უნდა მოვიგოთ. ძლიერი მეტოქე გვყავს, პირველ მატჩში, ვიდრე მასპინძლებს ფეხბურთელს გაუძევებდნენ და ჩვენს სასარგებლოდ პენალტს დანიშნავდნენ, ისინი გამართულ ფეხბურთს თამაშობდნენ. მათი კაცნაკლულობა ჩვენ კარგად გამოვიყენეთ. შეიძლებოდა, ის შეხვედრა წაგვეგო კიდეც. ჰაფნარფიორდური ფიზიკურად ძლიერი გუნდია, თუმცა თუ ბაქოში ყურადღებით ვითამაშებთ, შეცდომებს მინიმუმამდე შევამცირებთ და შედეგს მაქსიმალურად გავუფრთხილდებით, წარმატება ჩვენ დაგვრჩება. ნურავინ იფიქრებს, რომ საპასუხო მატჩში ინტერი დაცვაში ჩაჯდება. ცხადია, კარგი შანსი გვაქვს, რათა ბილბაოს შევხვდეთ, მაგრამ ჯერ ისლანდიელთა  წინააღმდეგობა არ გადაგვილახავს", _ თქვა ზურაბ ხიზანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში გატანილი ორი გოლიდან პირველი ნიკა კვეკვესკირმა გაიტანა.

ლუკა თალაკვაძე